მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ტერიტორიული განაშენიანების ზრდა XIX საუკუნეში

ქუთაისის ტერიტორიული განაშენიანების ზრდა XIX საუკუნეში

ქუთაისი, რომელიც თავისი ისტორიისა და არსებობის 3500 წელზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის, თავდაპირველად გაშენდა მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე უქიმერიონის გორაზე, რომელიც იხსენიებოდა, როგორც “დიდი ქუთათისი”, ხოლო შემდგომ, ადრე ფეოდალურ ხანაში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზეც მდებარეობდა ნაგებობი – სამეფო სასახლე და ვაჭარ-ხელოსანთა დასახლებები.

მე-19 საუკუნეში, დიუბუა დე მონპერეს მიერ შედგენილ ქუთაისის აღწერილობაში ჩანს, რომ იმ პერიოდისათვის ქალაქში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მრავლად იყო ტაძრებისა და საცხოვრებელი სახლების ნანგრევები, რაც, ერთგვარად მიუთითებს, რომ საქალაქო ცხოვრება ქუთაისში შედარებით უფრო აქტიურად განაშენიანდა უქიმერიონის გორის ქვემოთ მდებარე დაბლობ ტერიტორიაზე, მეტადრე მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე.

ქუთაისის ის სივრცე, რომელიც ვაკე ტერიტორიაზე განაშენიანდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, მოიხსენიებოდა, როგორც “ახალი ქუთაისი“. აქ საცხოვრებელ სახლებს აგებდნენ ხის მასალისაგან და უმეტესად იხურებოდა ყავრით, ხოლო ოფიციალური საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები კი უმთავრესად ქვისა და აგურისგან იყო აგებული. ხსენებულ პერიოდში ქალაქის განაშენიანება განსაკუთრებით გავრცელდა სამხრეთის მიმართულებით და ასევე საფიჩხიის ტერიტორიაზე, თბილისისაკენ მიმავალ გზაზე.

მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან ქუთაისი ტერიტორიულად გაიზარდა სამხრეთ-დასავლეთით. იმხანად ქალაქის ორ მხარეს მდინარე რიონზე აკავშირებდა მხოლოდ ჯაჭვის ხიდი, ხოლო 1851 წელს დღევანდელი თეთრი ხიდის ადგილზე აიგო ახალი ხიდი (ხის), რომლის მეშვეობითაც გაუმჯობესდა ქალაქის ცენტრსა და ახალ უბნებს შორის დაკავშირება.

მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ქალაქის ტერიტორიული განაშენიანება გაგრძელდა სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით, კერძოდ ბალახვანის და საღორიის ტყის მიმართულებით. 1877 წელს ამ ტერიტორიაზე გაიხსნა სარკინიგზო სადგური, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მიმდებარე სივრცის ურბანულ ათვისებას. ქუთაისის ტერიტორიული ზრდა ასევე გავრცელდა აღმოსავლეთით – საფიჩხიის სერის თხემისა და ჩრდილო-აღმოსავლეთით – ტყიბულის გზის მიმართულებით, მწვანეყვავილას ტაძრის ირგვლივ მდებარე  ტერიტორიაზე. მოსახლეობის რაოდენობა იმ პერიოდში ასევე იზრდებოდა უქიმერიონის გორაზეც, ისტორიული “დიდი ქუთათისის“ ტერიტორიულ არეალშიც.

მე-19 საუკუნის შუა წლებისათვის ქუთაისის ტერიტორიის მაქსიმალური სიგრძე მდ. რიონის გასწვრივ იყო 3 კმ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ – 2,5 კმ, საერთო ფართობი კი იყო 641 დესეტინა და 445 კვ. საჟენი. განსაკუთრებით მჭიდროდ იყო დასახლებული ქალაქში არსებული კათოლიკეების და ებრაელების უბნები, ხოლო სხვა უბნები უფრო ფართო ეზოებით გამოირჩეოდა. იმავე საუკუნის 80-იანი წლებისათვის ქუთაისის უმთავრესი საგზაო მაგისტრალები უკვე მოკირწყლული იყო, სადაც მასობრივად დაიწყეს ქვისა და აგურის მასალისგან ერთი და ორსართულიანი სახლების აგება.

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში აშენდა საზოგადოებრივი დანიშნულების არაერთი ნაგებობა. ესენი იყო: სათავადაზნაურო გიმნაზიის, კლასიკური გიმნაზიის, რეალური სასწავლებლის, სასამართლოს, თეატრისა და სხვა დაწესებულებათა შენობები. ასევე, ხსენებულ პერიოდში ქუთაისში აიგო არაერთი ტაძარი: საფიჩხიის უფლის ამაღლების, საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე სული წმიდის, უქიმერიონის გორის წმ. გიორგის, მწვანეყვავილას წმ. მთავარანგელოზთა, ე.წ. “სილის უბანში” მდებარე წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიები.

ქუთაისის უბნების განაშენიანების ზრდა მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე აისახა  მოსახლეობის რაოდენობრივ განაწილებაზეც – 1885 წლისათვის ქალაქის მარცხენა მხარეს ცხოვრობდა მოსახლეობის 55,7 %, ხოლო მარჯვენა მხარეს – 44,3%. ცენტრალურ უბნებში წარმოდგენილი იყო  შედარებით მცირე ზომის, ერთსართულიანი სახლები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ სახელოსნო და სავაჭრო დანიშნულებისათვის.

მე-19 საუკუნის შემდგომი პერიოდის ქუთაისში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდა ქალაქის უბნების განაშენიანება სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით, რაც ამ ტერიტორიის რელიეფის შედარებით ხელსაყრელი პირობებითაც იყო განპირობებული.

 

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები