მეოცე საუკუნეში ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ, რასაც მოჰყვა ქალაქის ურბანული განსახლების გაფართოება, მოიტანა სერიოზული საჭიროება, რომ ქალაქში გაეყვანათ წყალსადენი. შეიქმნა პირველი წყალსადენის პროექტი. მისი მშენებლობა დაიწყო 1928 წელს. წყალსადენი, რომელიც მოეწყო მდინარე რიონის ფილტრატების ბაზაზე, მწყობრში ჩადგა 1933 წლის მიწურულს, ხოლო მისი ექსპლუატაცია დაიწყო 1934 წლიდან. ხსენებული წყალსადენის სიმძლავრე იყო ორმოცი ლიტრი წამში. იმჟამად ფიქრობდნენ, რომ აღნიშნული სიმძლავრის წყალსადენი ქუთაისს სრულად მოემსახურებოდა უახლოესი თხუთმეტი წლის მანძილზე, თუმცა, ეს ვარაუდი არ გამართლდა. 1937 წლისათვის უკვე ცხადი გახდა, რომ ქუთაისში კვლავ იყო წყლით მომარაგების პრობლემები, რის გამოც, არსებული წყალსადენის გაფართოება დაიწყეს და მომდევნო, 1938 წლისათვის წყალსადენის სიმძლავრე ორჯერ გაიზარდა. საბოლოოდ წყალსადენმა შეძლო 130 ლიტრი წამში სიმძლავრით მუშაობა.
მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულსა და ორმოციანი წლების დასაწყისში ცხადი გახდა, რომ მიუხედავად არაერთგზის ქსელური გაფართოებისა, არსებული წყალსადენი სრულად მაინც ვეღარ აკმაყოფილებდა წყალზე მოთხოვნას ქუთაისში. ეს პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა ქალაქში ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობრივი გამრავლების ფონზე. ქუთაისისთვის შეიქმნა რიგით მეორე, ფარცხანაყანევის წყალსადენის პროექტი და დაიწყო მისი მშენებლობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეფერხდა და საბოლოოდ აღნიშნული მეორე წყალსადენი მწყობრში ჩადგა 1949 წელს. პირველ ეტაპზე ფარცხანაყანევის წყალსადენის სიმძლავრე შეადგენდა 330 ლიტრს წამში.
1956 წელს ქალაქის პირველ (რიონის) წყალსადენს ჩაუტარეს რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად, აღნიშნული წყალსადენის სიმძლავრემ შეადგინა 270 ლიტრი წამში. საერთო ჯამში, ორივე წყალსადენის აქტიური მომსახურებით, ქუთაისი 1957 წლისათვის მარაგდებოდა წამში 600 ლიტრამდე წყლით.
აღსანიშნავია, რომ 1956 წლისათვის, საშუალოდ ერთ მოსახლეზე ქუთაისი გაცილებით მეტი წყლით მარაგდებოდა, ვიდრე თბილისი 1954 წლისათვის, თუმცა, ქუთაისში უშუალოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის ერთ მოსახლეზე გათვლილი იყო 58 ლიტრამდე წყალი, ხოლო თბილისში – 93 ლიტრამდე. საქმე იმაში იყო, რომ ქუთაისის შემთხვევაში დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარდნენ ინდუსტრიული საწარმოები, რის გამოც, ქუთაისში საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით წყლის გამოყენება კვლავ დეფიციტში იყო, განსაკუთრებით კი ეს იგრძნობოდა ზაფხულის პერიოდში.
სიტუაციის დარეგულირების მიზნით, მდინარე რიონიდან ტექნიკური წყლის მიღებისათვის გაიყვანეს “მაშველი“ არხი, მოეწყო წყალსაქაჩი მოწყობილობები გრუნტის წყლის მისაღებად. გაიყვანეს კიდევ ერთი, მუხიან-კაჭარას წყალსადენი. ასევე, შედარებით მცირე სიმძლავრის წყალსადენი მოეწყო გუმათჰესის დასახლებისთვის. საერთო ჯამში, 1984 წლისათვის, ქუთაისში არსებული ყველა წყალსადენით, ქალაქი მარაგდებოდა 2350 ლიტრი წყლით წამში.
ყოველივე აღნიშნულის ფონზე, კვლავ წარმოიშვა მორიგი მწვავე პრობლემა – ქუთაისის სამხრეთით დიდი ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად მიწისქვეშა წყლის დონემ დაიწია და ამ მიზეზით, ქალაქის რიგით მეორე, ფარცხანაყანევის წყალსადენის სიმძლავრემ საგრძნობლად დაიკლო.
მიუხედავად ზემოხსენებული სამუშაოებისა და ქუთაისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წლების მანძილზე, სხვადასხვა დროს გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, ქუთაისის წყალმომარაგება, განსაკუთრებით წყლის საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით მიწოდების მხრივ, ზედმეტნაკლებად კვლავ პრობლემურობით გამოირჩეოდა, რაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიც გაგრძელდა და მისი მოგვარება სულ ახლო წარსულში, რამდენიმე წლის წინ გახდა შესაძლებელი.
ფოტოზე: ქუთაისის პირველი წყალსადენის სამარაგო წყალრეზერვუარის ფასადის ფრაგმენტი
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები