მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჩემი კომენტარი #50 ბლოგში

ჩემი კომენტარი #50 ბლოგში

ეს ჩემი 50-ე ბლოგია. თითქმის „საიუბილეო“ მას შემდეგ, რაც ქუთაისში თეატრალური პროცესების ხილულ ბლოგერად „კურთხევა“ მივიღე.  მაშინ არ მიფიქრია რამდენად მნიშვნელოვანი იყო ყველა სიტყვა და სოლიდარობა, რომელიც კომენტარებში სხვადასხვა ავტორების სახელის და გვარის გასწვრივ ფრაზებით/შეფასებით/წინააღმდეგობით გაძლიერებს. ძალიან მალე მივხვდი ამას. მივხვდი, როცა ბლოგი მხოლოდ ქება არ იყო.

ახლა სოციალური ქსელი თეატრის პრესკონფერენციის ამონარიდებმა მოიარა და უკვე მე გავხდი ერთი რიგითი კომენტარის ავტორობაზე ვალდებული. თეატრალური ქუთაისის ბლოგერად აცხოვრებდე თავს და ამაზე პოზიცია არ გქონდეს, მინიმუმ სიმხდალეა. თან, იმ თეატრზე, რომელმაც ჩემი სიტყვაში ამოსუნთქვის და სამომავლო ოცნებების ტკბილ-მწარე გზა უკვე ბევრი ობიექტური მიზეზით განსაზღვრა და ამის შეცვლას არ ვაპირებ.

ქუთაისს უყვარს მასზე შეყვარებული ადამიანები. ქუთაისი ყოველთვის გრძნობს, რა სიმაღლიდან აფასებ მის შინაარსს, მის სიმდიდრეს, მის ისტორიას და განსაკუთრებულობას, თუნდაც ეს, რეალურად, კრიტიკის თემაც იყოს. ქუთაისი ამიტომაც არის არტისტული ნიჭის ქალაქი, ამპარტავანიც და დიდებულიც მისი არაერთგვაროვნებით. სხვის აროგანტულობას ადვილად ვერ იღებს..

“როდის იყო გამოცოცხლებული თეატრი?“ ამ შეკითხვამ მარტო თეატრის მოყვარული საზოგადოება არ ჩააგდო უხერხულში (ამაშიც საოცარია ეს ქალაქი. მტერ-მოყვარეობის ბუნდოვანი დიფუზიით). თუმცა, წინა სამხატვრო ხელმძღვანელებს, გარდა გიორგი სიხარულიძის, არ გასჩენიათ პროტესტი და არც თუ უმიზეზოდ. ბოლო 5 წლის მანძილზე, მესხიშვილის თეატრი ნამდვილად დაემსგავსა გაუმდინარე წყლის დაგუბებულ ადგილს, სადაც ყველაფერი იყო – ყვავილები, ახალი ნერგები ეზოში, ძველი აფიშები შესასვლელში, ხეებზე წარწერები, ფიქციური მემორანდუმები, პოსტსაბჭოური სეფესიტყვები, ალაგ-ალაგ გასტროლიც ერთი და იგივე სპექტაკლის.. ყველაფერი, გარდა შემოქმედებითი ექსპერიმენტების, შემოქმედებითი პროცესის და დუღილის, რომელიც ახალ სიტყვას ბადებს, ახალ განცდებს, ახალ სამსახიობო მწვერვალებს, ახალ რეჟისორებს. მოკვდა კარგი „ძველიც“ და რამდენიმე კარგი „ახალიც“. გაჩერდა თეატრალური დრო. რიგრიგობით შეელიენ კარგ ახალგაზრდა მსახიობებსაც – ჯერ გაგი  შენგელიას, მერე გიო ჩაჩანიძეს, მერე რეზი ქაროსანიძეს – თეატრისბიჭს. ეს იყო კოტეს ეპოქა. მარჯანიშვილის არა, აბაშიძის. დუმილის და ლოდინის დრო.

მაგრამ ქუთაისს ახსოვს გიორგი სიხარულიძის ჩამოსვლა ამ თეატრში. სრულიად განახლებული ადმინისტრაციული გუნდით, ენთუზიაზმით, კლასიკური შიდაბრძოლებით, ძველების და ახლების ერთ გუნდად შედგომის რთული გზით, თბილისიდან „გადმოქაჩული“ ახალი ენერგეტიკით – ვანო ხუციშვილი, კახა შარტავა, გიორგი ზანგური, თეო კუხიანიძე, „სიხას ბავშვები“ ..  რომლებმაც სულ ახალი სუნთქვა მისცეს მესხიშვილის თეატრს!  დღის და ღამის თენებით! მცირე სცენის დაბადებით! უნიკალური გამოფენებით! საეტაპო სპექტაკლებით : „ბამბაზიის სამოთხე“ – როგორც სამოქალაქო პოზიცია და მაყურებელთან ინტერაქციის არაჩვეულებრივი შანსი! ვანო ხუციშვილის დაუვიწყარი და ფეირვერკული „მაკბეტი“! „ანა კარენინა“ , „რომეო და ჯულიეტა“, „რევიზორი“, „შემოსავლიანი ადგილი“, „უსასრულობის ათვლა დაიწყო“, „უბედურება“  (ბოდიშს ვიხდი იმ რეჟისორებთან, რომლებმაც იმ პერიოდში ბევრი კარგი სპექტაკლი შექმნეს და ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა) და ბევრი სხვა, რომელიც, გიორგი სიხარულიძის ქუთაისიდან წასვლის შემდეგ, უბრალოდ გაქრა რეპერტუარიდან. გაქრა ისე ადვილად, როგორც ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტი, რომლებსაც სულის ამოსვლამდე უყვარდათ შემოქმედება.

მე ვერ ვწერ ჯეირან ფაჩუაშვილის და ნუგზარ ლორთქიფანიძის პერიოდზე, რომელიც ასევე ნაყოფიერი და მაყურებლით დატვირთული იყო ქუთაისში (განსაკუთრებით ქუთაისში!!). მაშინ არ მქონდა ასეთი სიახლოვე თეატრთან, მაგრამ ამის შედეგებს ვხედავდი გუბერნიაში (ბატონ თემურ შაშიაშვილთან მუშაობის დროს). ამაზე მოგონებებს ვისმენდი თეატრშიც და ძალიანაც მიყვარდა ამ ახლო წარსულის გაზიარება.

ყველაფერს მისი სახელი აქვს.

მე გიორგი სიხარულიძის დროს მივედი მესხიშვილში. ბოლო წლები იყო, სამწუხაროდ, მაგრამ რამდენიმე დიდი პროცესის მონაწილეობა მაინც მოვასწარი. თეატრში მისვლამდე, გიორგისთან შემოქმედებითი ურთიერთობა  ინტენსიურად მქონდა გუბერნიიდან ქალაქის და რეგიონის ყველა მნიშვნელოვან თარიღზე, განსაკუთრებით ორმაისობის არაჩვეულებრივი დღესასწაულის აღდგენით და მისი რეჟისურით. მომწონდა ეს კოლაბორაცია. მისგან ქალაქის სახეზე და ფორმებზე ზრუნვა. ახლა “პიგმალიონიც“ გამახსენდა, ერთობლივი პროექტი და ინგლისის ელჩის აღფრთოვანება პირველ ინგლისურენოვან მიუზიკლზე მესხიშვილში. ისიც გაქრა, სამწუხაროდ..

იყო ეს დროც. იყო ცოცხალი თეატრიც!

ყოველთვის მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება. აწმყოსიც, სხვათა შორის, რადგან ხვალ ჩვენ შეგვაფასებენ და მერე გული დაგვწყდება, რომ ხმამაღალი მხარდამჭერი ვერ ვიპოვეთ სიმართლეში. მე ეს ტკივილები თეატრალური ბლოგებით გავიშინაურე. არ არის ადვილი, მაგრამ გასავლელია.

მომავალზე მერჩივნა დამეწერა და ისევ წარსულზე გამოვიდა. იქნებ, არც შემთხვევით. ოღონდ გულწრფელი მოლოდინით, რომ ჩვენი თეატრი სწორ გზას აირჩევს და ეს პასუხი/შეკითხვაც – „როდის იყო გამოცოცხლებული თეატრი?“, სულ სხვა კონტექსტის აღმოჩნდება მისი ავტორისგან.

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები