მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “საბურთალო” ანგარიშით 5:0 დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “საბურთალო” ანგარიშით 5:0 დაამარცხა

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ქუთაისის “რამაზ შენგელია – არენაზე“ ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება გაიმართა. “ტორპედომ“ “საბურთალოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.

ქუთაისელებმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 25-ე წუთზე „ტორპედოს“ მოთამაშემ ლაშა შერგელაშვილმა შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.

ოთხ წუთში გიორგი არაბიძემ “საბურთალოს“ კარი მეორედ აიღო. 36-ე წუთზე თბილისელები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გიორგი ჯგერენაია გააძევა და “საბურთალო“ 10 მოთამაშით დარჩა. ამით ქუთაისელებმა სწრაფად ისარგებლეს – 43-ე წუთზე არაბიძის გადაცემით ირაკლი ბუღრიძემ მესამე გოლი გაიტანა და ქუთაისელებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.

შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. მეორე ნახევარში ქუთაისელებმა კაცნაკლულ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. გიორგი არაბიძემ 59-ე წუთზე პენალტით დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+2-ე წუთზე „ტორპედოს“ სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა ნინკოვიჩმა დააფიქსირა.

28 ტურის შემდეგ „საბურთალო“ 45 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედომ“ (42) სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

კომენტარები