მეშვიდე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს – დაიწყო არაბთა მასობრივი შემოსევები, რომლებიც სხვადასხვა დროს განხორციელდა რამდენიმე არაბი სარდლის მეთაურობით. არაბების თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე, სამწუხაროდ, შემდგომ საუკუნეებშიც გაგრძელდა და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრება მეტად დაამძიმა, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური კუთხით.
მერვე საუკუნის მეორე ნახევარში, 735 წლიდან საქართველოში მიმდინარეობდა არაბთა ერთ-ერთი მორიგი შემოსევა, რომელსაც სარდლობდა მარვან იბნ მუჰამედი. ქართულ წყაროებში ის მოხსენიებულია, როგორც მურვან ყრუ, რაც მის გაუგონარ და შეუბრალებელ სისასტიკესთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ცნობილია, რომ აღნიშნული შემოსევისას არაბები თავს დაესხნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე არგვეთის სამთავროს, რომელსაც იმ დროისათვის განაგებდნენ მთავრები, ძმები, დავით და კონსტანტინე მხეიძეები. ისინი იესო ქრისტეს მხოლოდჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის დიდმოწამებრივად აღესრულნენ მურვან ყრუს ბრძანებით არაბთა მიერ.
წმინდა დავითი და წმინდა კონსტანტინე აწამეს ქუთაისის ტერიტორიაზე. მათ ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მათი წამება მოხდა წმიდა კოზმა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად, მდინარე რიონის სანაპიროზე. დრო-ჟამის სვლამ აღნიშნული ტაძარი დაანგრია… განვლო 1200 წელზე მეტმა დრომ წმინდათა დავითისა და კონსტანტინეს წამებიდან და აღარ იყო ცნობილი, თუ სად მდებარეობდა ზემოხსენებული ტაძარი და სხვა საისტორიო კომპლექსი, რომელიც აღნიშნული წმინდანების ცხოვრებაში, მათი წამების ამსახველი სცენებისას არის მოხსენიებული.
მოულოდნელად, 1956 წლის 15 თებერვალს, გაზეთ „სტალინელში“ (# 33 (6567) გამოქვეყნდა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მხარეთმცოდნის, ისტორიული და ბუნების ძეგლთა აღმომჩენისა და დამცველის, პეტრე ჭაბუკიანის არც თუ დიდი ზომის წერილი სათაურით, “ახალი ისტორიული ძეგლის აღმოჩენა ქუთაისში“, რომელშიც ვკითხულობთ:
“VIII საუკუნის სახელოვანი გმირები, არგვეთის მთავრები ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, როგორც ცნობილია, თავდადებით ებრძოდნენ არაბ დამპყრობლებს. ისინი დაიღუპნენ უთანასწორო ბრძოლაში. ცამეტი საუკუნის მანძილზე ხალხმა უფაქიზესი სიყვარულით შეინახა ღირსეული მამულიშვილების ხსოვნა.
ხალხური გადმოცემა იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდნენ სახელოვანი გმირები და როგორ დაიღუპნენ ისინი, დადასტურდა მატერიალური ძეგლებით. რიონზე ნაპოვნია ქვის ხიდის ნაშთები, საიდანაც მოკლული ძმები არაბებს თოკებით ჩაუკიდიათ მდინარეში. არსებობს ვიწრო გვირაბი, საიდანაც ღელე გამოდის და სადაც მსახური დედაბერი მეომრებს სისხლიან ტანისამოსს ურეცხავდა. ადგილზე აღმოჩნდა კოზმა და დამიანეს ეკლესიის ნაშთი კლდეზე, სადაც სალოცავად დადიოდნენ ისინი.
აქამდე არ იყო ნაპოვნი მეოთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი – ის გვირაბი, რომელიც ზემოხსენებულ ძეგლებთან ახლოს უნდა ყოფილიყო და რომელშიც მხეიძეებს საიმედო თავშესაფარი უნდა ჰქონოდათ. გვირაბის მოძებნაში დაგვეხმარა მოქალაქე ლევანტი მელიავა.
ამრიგად, შესანიშნავი კომპლექსი აღმოჩენილია. გვირაბს აქვს ვიწრო შესასვლელი, რომელიც შემდეგ ფართოვდება. ბინა მშრალია და შიგ ცხოვრება შეიძლებოდა.
საჭიროა, აღნიშნული ძეგლი სათანადოდ იქნეს შესწავლილი, კეთილმოწყობილი და დაცული“, – წერდა პეტრე ჭაბუკიანი გაზეთ “სტალინელის“ 1956 წლის 15 თებერვლის # 33-ში.
ამგვარად, ის ადგილი და ისტორიული კომპლექსი, სადაც მერვე საუკუნეში დიდმოწამებრივად აღსრულებული არგვეთის მთავრების, ძმები დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების წამება მოხდა არაბთა მიერ ქუთაისში, პეტრე ჭაბუკიანის შეფასებითა და დასკვნით მიკვლეულია 1956 წელს, მდინარე რიონის სანაპიროზე, ჯაჭვის ხიდის სიახლოვეს.
ცნობილია, რომ ამჟამად წმიდა დიდმოწამეების დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი წმიდა ნაწილები დაბრძანებულია ქუთაისის მახლობლად, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში არსებულ მოწამეთას ისტორიულ მონასტერში. მათი ხსენება ყოველი წლის 15 ოქტომბერს (ახალი სტილით) აღესრულება.
ფოტოზე: პეტრე ჭაბუკიანი (ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან)
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები