მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შეგნებულ ადამიანს არ უნდა შეხვდეს ხოლერა” – ქუთაისის ქალაქის გამგეობის 1918 წლის მიმართვა მოსახლეობისადმი ქოლერისგან თავდაცვისათვის

“შეგნებულ ადამიანს არ უნდა შეხვდეს ხოლერა” – ქუთაისის ქალაქის გამგეობის 1918 წლის მიმართვა მოსახლეობისადმი ქოლერისგან თავდაცვისათვის

კაცობრიობის მრავალათასწლოვანმა ისტორიამ არაერთი ეპიდემიური დაავადება იცის, რომლებმაც სხვადასხვა დროს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეპიდემია იმთავითვე ასოცირდება მასობრივ შიშთან. სულ ახლახან გაიარა ჩვენმა პლანეტამ კორონავირუსული პანდემია, რომელმაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გასულ საუკუნეებშიც მძვინვარებდა გადამდები ინფექციური დაავადებები, რომელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და თავისი მიმდინარეობით და შედეგებით საშიში იყო ქოლერა.

1918 წლისათვის კვლავ არსებობდა ქოლერის გავრცელების საშიშროება. იმ პერიოდისათვის საქართველო სულ რამდენიმე თვის დამოუკიდებლობააღდგენილი გახლდათ და შესაბამისად ახალი სამთავრობო უწყებები ჩამოყალიბების პროცესში იყვნენ. ამგვარ ვითარებაში, 1918 წლის ზაფხულში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქუთაისის ქალაქის გამგეობას უწევდა მოსახლეობისადმი სათანადო ზომებისკენ მოწოდება ქოლერის ინფექციური დაავადების თავიდან ასაცილებლად.

ქუთაისში იმხანად შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა ქოლერის წინააღმდეგ მოქმედი სპეციალური სანიტარიული რაზმი, რომელიც განთავსებული გახლდათ მიხეილის (ამჟამად ზაქარია ფალიაშვილის) ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ ამავე ქუჩაზე, ქალაქის გამგეობის პირდაპირ, ასევე განთავსებული იყო სხვა სამკურნალო დაწესებულებაც – ექიმ ივანე ბოკერიას ქირურგიული და გინეკოლოგიური საავადმყოფო, მოსალოგინებელი განყოფილებით და სხვა სახეობის ავადმყოფთა საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ დაწოლის შესაძლებლობით.

შევნიშნავთ, რომ ქუთაისში ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ქალაქის თვითმმართველობის თაოსნობით ჩამოყალიბდა ბარაკი, რომელიც ერთგვარი იზოლატორის ტიპის იყო. აღნიშნული სამკურნალო დაწესებულება მოგვიანებით გამოიყენეს ინფექციურ საავადმყოფოდ. ცნობილია, რომ 1911 წლისათვის ხსენებული სამკურნალო დაწესებულება მოიცავდა თხუთმეტ საწოლს.

1918 წლის 30 ივლისს ქუთაისში არსებული გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ (გამოიცემოდა 1917-1919 წლებში) იუწყებოდა ქუთაისის ქალაქის გამგეობის გაფრთხილებასა და სათანადო მიმართვას მოქალაქეებისადმი ქოლერისგან თავის დასაცავად, სათაურით „ხოლერის საწინააღმდეგოდ“, რომელშიც ვკითხულობთ: “ქუთაისის ქალაქის გამგეობა აცხადებს, რომ ყოველი ხოლერით საეჭვო ავათ გამხდარის შესახებ, საჭიროა მაშინვე ეცნობოს მფრინავ სანიტარულ რაზმს, მიხეილის ქუჩაზე, ქალაქის გამგეობის დარბაზის ქვემო ცალკე სართულში, ტელეფონი N 86. იცოდეთ თავის მოვლა. შეგნებულ ადამიანს არ უნდა შეხვდეს ხოლერა. სრულიად არ სვათ გადაუდუღებელი წყალი“, – აფრთხილებდა ქუთაისის ქალაქის გამგეობა მოსახლეობას.

ქალაქის გამგეობამ თექვსმეტპუნქტიანი რეკომენდაციები გასცა მოსახლეობისადმი და მათ ურჩია: “1. არ დალიოთ სრულებით გადაუდუღებელი წყალი; 2. პირი ირეცხეთ გადადუღებული წყლით; 3. პირი იბანეთ გადადუღებული წყლით; 4. არაფერი არ ჭამოთ, მანამ ხელები არ დაიბანოთ; 5. არ სვათ გადაუდუღებელი რძე; 6. ხილი და მწვანილი გაუფცქვნელი ან მდუღარე წყალში გაუვლებელი არ სჭამოთ; 8. ერიდეთ ისეთ საჭმელებს და სასმელებს, რომლებსაც შეუძლია კუჭის მოშლა; 9. არ დათვრეთ; 10. უზმა შინიდან გარეთ არ გამოხვიდეთ; 11. ცივ წყალში არ იბანოთ, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ; 12. ყოველივე სანოვაგე და ჭურჭელი შეინახოთ გადაფარებული, რომ ზედ ბუზები არ დაჯდეს, რომელიც ხოლერას საშინლად ავრცელებს; 13. დაიცავით სისუფთავე ეზოსა, სახლსა, საცვლებისა და ტანისა; 14. ყოველივე ზომა იხმაროთ ბუზების გასაწყვეტად (თაგვის შაქრის სითხე და შაქარი); 15. თუ ოჯახში ვინმეს მუცლის ალხი და პირის ღებინება აუტყდა, სანამ სანიტარულ რაზმს შეატყობინებდეთ, მის განავალს და ნაღებს დეზინფექცია უნდა გაუკეთოთ კირის, სულემის ან კარბოლოვის სიმჟავის მოსხმით; 16. ხელი ერთი მეორეს არ ჩამოართვათ“, – ურჩევდა ქუთაისის ქალაქის გამგეობა მოქალაქეებს. კითხულობ ამ ფრაზებს და განსაკუთრებით ალბათ ყურადღებას იპყრობს ერთ-ერთი რჩევა, “ხელი ერთი მეორეს არ ჩამოართვათ“ და ოცდამეერთე საუკუნის ადამიანებსაც ძალზეც გვეცნობა ეს ფრაზა, რომელიც სულ ახლახან გვესმოდა ყოველი მხრიდან.

მეოცე საუკუნის ათიანი წლების შუა ხანებში ქუთაისში მოღვაწეობდა ოცდაათამდე ექიმი, რომელთა უმრავლესობა ავადმყოფებს სამკურნალოდ კერძოდაც იღებდა, თუმცა, ქოლერის საწინააღმდეგო სამკურნალო ზომების გატარება დავალებული ჰქონდა ზემოხსენებულ საგანგებო ე.წ. მფრინავ  სანიტარიულ რაზმს, გამომდინარე დაავადების ინფექციური და გადამდები სახეობისა.

ფოტოზე: მგზავრთა დეზინფექცია რკინიგზის სადგურზე, ქოლერის ეპიდემიისას, 1892 წელს. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები