მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აკაკი წერეთლის თეატრალური მოღვაწეობა ქუთაისში

აკაკი წერეთლის თეატრალური მოღვაწეობა ქუთაისში

საყოველთაოდ აღიარებულ და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მწერალსა და პოეტს აკაკი წერეთელს თავისი ცხოვრების არაერთი ეტაპი აკავშირებს ქუთაისთან. აკაკიმ დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, საიდანაც გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აკაკი წერეთელი სტუდენტობისას და შემდგომ წლებშიც ხშირად სტუმრობდა თავის საყვარელ ქალაქ ქუთაისს. ჯერ კიდევ ჭაბუკი აკაკი ფიქრობდა საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის და ამ მიზნით, მან შეისწავლა სასცენო ხელოვნების საფუძვლები, წესები…

აკაკი წერეთლის პირველი გამოსვლა თეატრალურ ასპარეზზე სწორედ ქუთაისს უკავშირდება. 1862 წელს ის სტუმრად ჩამოვიდა ქუთაისში, სადაც კლასიკური გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის, მოსიძის შეთავაზებით, აკაკიმ “საზოგადო საკრებულოში“ თეატრალურ წარმოდგენად დადგა ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“. მოგვიანებით, 1910 წელს, აკაკი წერეთელმა აღნიშნული ფაქტი გაიხსენა ჟურნალ “თეატრი და ცხოვრებაში“ დაბეჭდილ სტატიაში: “ზოგიერთი დარბაისლები, ძველი კაცები, სჯავრობდნენ; ჯამბაზობა და მაიმუნობა რა საკადრისიაო, მაგრამ უმეტესობა კი კმაყოფილი დარჩა და იმ ზამთარს კიდევ ორჯერ წარმოვადგინეთ და დიდი ამბავი იყო ხოლმე ყოველთვის“, – წერდა აკაკი.

1866 წელს აკაკი წერეთელმა ქუთაისის ქალთა უფასო სკოლის სასარგებლოდ გამართულ საღამოში მიიღო მონაწილეობა და წაიკითხა თავისი დრამატული შინაარსის ნაწარმოები “სცენები საპატიმროში“, რომელმაც დამსწრეთა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ხსენებულ საღამოს ესწრებოდა ქალთა უფასო სასწავლებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გრაფინია ლევაშოვა, რომლის დიდი თხოვნით, აკაკიმ სკოლის სასარგებლოდ დადგა წარმოდგენა და შექმნა ქუთაისის სცენის მოყვარულთა წრე. 1867 წელს ქუთაისის სცენის მოყვარულთა წრე მაყურებლის წინაშე წარდგა ანტონოვის პიესით “ქმარი ხუთი ცოლისა“. ამ წარმოდგენიდან დაიწყეს თავიანთი სასცენო მოღვაწეობა შემდგომში ქუთაისის პროფესიული თეატრის ერთ-ერთმა მესაძირკვლეებმა, ეფრო კლდიაშვილმა და კოტე მესხმა.

აკაკი წერეთლის თაოსნობითა და რეჟისორობით ქუთაისში დაიდგა რაფიელ ერისთავის კომედიები და გიორგი ერისთავის “ყვარყვარე ათაბაგი“.

აკაკი ქუთაისის თეატრალური ცხოვრების მუდმივი გულშემატკივარი და თანამდგომი იყო. 1880 წელს, როდესაც ქუთაისის პროფესიულმა თეატრმა ფინანსური კრიზისის მიზეზით დროებით შეწყვიტა მუშაობა, იმ დროისათვის თბილისის თეატრის დასის ხელმძღვანელი აკაკი წერეთელი მთელი დასის თანხლებით ჩამოვიდა ქუთაისში, სადაც თეატრალური ცხოვრების კვლავ გასაღვივებლად თბილისელ მსახიობთა დასი აკაკის ხელმძღვანელობით თერთმეტი წარმოდგენით წარდგა ქუთაისელი მაყურებლების წინაშე. აღნიშნული გასტროლების შემდეგ ქუთაისში პროფესიული თეატრის მყარად დამკვიდრებისა და გაძლიერების საქმეს სათავეში თვით აკაკი წერეთელი ჩაუდგა.

1881 წლის 15 დეკემბერს აკაკის ხელმძღვანელობით ქუთაისში დაიდგა ბარბარე ჯორჯაძის ისტორიული შინაარსის დრამა “მშვენიერი კეკელა“, რომელშიც აისახა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გმირული ისტორიის გამოძახილი. იმ თაობის ქუთაისის თეატრალური დასის წევრი და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ შემდგომში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, პირველი ქართული ოპერის შემქმნელი მელიტონ ბალანჩივაძე.

ქუთაისში შემდგომ ახლო ხანებში დადგმული ორი თეატრალური წარმოდგენის, მოლიერის „ეჭვით ავადმყოფისა“ და თავად აკაკი წერეთლის კომედია-ხუმრობის “სპექტაკლის” რეჟისორი იყო აკაკი წერეთელი.

შემდგომ წლებშიც, როდესაც აკაკი წერეთელი ჩამოდიოდა ქუთაისში, ის ყოველ ჯერზე სტუმრობდა ქალაქის პროფესიულ თეატრს, ესწრებოდა სპექტაკლებს, ზოგჯერ – რეპეტიციებსაც და ქუთაისის პროფესიული თეატრის ერთ-ერთი აქტიური გულშემატკივარი და ქუთაისის თეატრალური დასის მსახიობთა გულმხურვალე თანამდგომი იყო.

1908 წლის 14 დეკემბერს, უკვე ასაკში შესულ აკაკი წერეთელს საიუბილეო საღამო გადაუხადეს ქუთაისში, რომელსაც დიდძალი ხალხი დაესწრო, თუმცა სრულად ვერ დაკმაყოფილდა ხალხის მოთხოვნა დასწრებისთვის და ამიტომ საზეიმო ღონისძიება განმეორებით წარმოადგინეს მეორე დღესაც, 15 დეკემბერს. მესამედ კი აკაკის თანხმობით ეს ღონისძიება გაიმართა ქუთაისის პროფესიული თეატრის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით და ბილეთების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა სრულად მოხმარდა ქუთაისის თეატრს. აკაკი წერეთლის იუბილეზე შემოსულმა ფინანსურმა სახსრებმა იმხანად ქუთაისის თეატრის ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გამოასწორა, ხოლო აკაკის, მიუხედავად თავისი წინააღმდეგობისა, ბანკეტიც გადაუხადეს.

1915 წელს აკაკი წერეთელი გარდაიცვალა. მის მიერ ქუთაისში დაწყებული თეატრალური საქმიანობა აქტიურად გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ 1940 წელს, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ქუთაისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მიუძღვნა სპექტაკლი “პატარა კახი“.

გადაუჭარბებლად შესაძლებელია ითქვას, რომ აკაკის მიერ საფუძველჩაყრილი და მოძლიერებული ქუთაისური თეატრალური დასის მემკვიდრეა ქუთაისში დღესდღეობით არსებული თეატრები, რომელთა მყარი ფესვები სათავეს იღებს სწორედ აკაკი წერეთლის მიერ ქუთაისში დაწყებული თეატრალური მოღვაწეობიდან.

ფოტოზე: აკაკი წერეთელი, 1912 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები