მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხოჯევანოვას ქალთა კერძო პროგიმნაზია მეოცე საუკუნის დასაწყისის ქუთაისში

ხოჯევანოვას ქალთა კერძო პროგიმნაზია მეოცე საუკუნის დასაწყისის ქუთაისში

1917 წლის რევოლუციის წინა პერიოდის ქუთაისში ქალთა სასწავლებელთა შორის იყო, როგორც სახელმწიფო ტიპის, ისე კერძო საკუთრებაში მყოფი სასწავლებლები. ერთ-ერთი მათგანი იყო ქალთა კერძო პროგიმნაზია, რომლის მფლობელი გახლდათ ელისაბედ პავლეს ასული ხოჯევანოვა (ხოჯევანიშვილი), რომელიც იყო აღმსარებლობით კათოლიკე. ელისაბედ ხოჯევანოვა იმ დროისათვის, როდესაც ის კერძო პროგიმნაზიის სათავეში გახლდათ, უკვე ასაკით საკმაოდ ხანდაზმული ყოფილა. აღნიშნული კერძო სასწავლებელი მდებარეობდა ქუთაისში, კათოლიკეების უბანში, ტელმანის ქუჩაზე (ამჟამინდელი ვარლამიშვილის ქუჩა).

ხსენებული კერძო პროგიმნაზიის მოსწავლეები სწავლის ქირად იხდიდნენ წელიწადში ორმოცდაათ მანეთს ოქროთი. ხოჯევანოვას პროგიმნაზიის მოსწავლეთა ჩაცმის ფორმა იყო ნარინჯისფერი კაბა შავი წინსაფრით, შავი ბაფთით, თეთრი საყელო და სამაჯეები, ხელში ეჭირათ შავი მუშამბის ჩანთები.

ქუთაისის ხოჯევანოვას ქალთა კერძო პროგიმნაზია იყო შვიდკლასიანი სასწავლებელი. სამი კლასი დათმობილი ჰქონდა სწავლების მოსამზადებელ პერიოდში, ხოლო შემდგომ სწავლა კვლავ გრძელდებოდა მომდევნო ოთხი კლასის განმავლობაში. აღნიშნული პროგიმნაზიის კურსდამთავრებულს ენიჭებოდა უფლება, რომ სურვილის შემთხვევაში, სწავლა გაეგრძელებინა უშუალოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული გიმნაზიის მეხუთე კლასში.

ხოჯევანოვას კერძო პროგიმნაზიაში ისწავლებოდა სხვადასხვა სასწავლო საგანი-დისციპლინა, რაც იმჟამინდელი სასწავლო გეგმით იყო გათვალისწინებული.

ხსენებულ სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა მღვდელი იასონ კაპანაძე. შემორჩენილია მისი გარეგნული აღწერილობაც. მამა იასონი ყოფილა სამოც წლამდე ასაკის, მაღალი, წარმოსადეგი აღნაგობის, ღრმად განათლებული. მღვდელი იასონი ამერიკაში იყო ნამყოფი სამისიონერო მოღვაწეობისათვის და მისგან ხშირად მოუსმენიათ პროგიმნაზიის მოსწავლეებს, თუ როგორ უქადაგებდა მამა იასონი ამერიკელ აბორიგენ მოსახლეობას ქრისტიანობას და მოაქცევდა მათ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. პროგიმნაზიის მოსწავლეებს განსაკუთრებული პატივისცემითი და მოწიწებული დამოკიდებულება გააჩნდათ საღვთო სჯულის მასწავლებლის, მღვდელ იასონ კაპანაძის მიმართ.

ხოჯევანოვას ქალთა კერძო პროგიმნაზიაში რუსული ენის სწავლებას ემსახურებოდა ოთხი პედაგოგი: ელენე კალისტრატეს ასული ჩიკვაიძე (იმ დროის ცნობილი ვექილის, კალისტრატე ჩიკვაიძის ქალიშვილი), რითა დავითის ასული სიღავა, სათენიკ ზაქარიას ასული ბუტულოვა და ასაკით ახალგაზრდა მასწავლებელი, ნატალია ნიკოლოზის ასული ნაკაშიძე, რომელიც ქერჩის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის კურსდამთავრებული გახლდათ.

რუსეთის იმპერიაში არსებული რუსცენტრული, იმპერიალისტურ-კოლონიალისტური პოლიტიკის გავლენით, ქუთაისის ხოჯევანოვას კერძო პროგიმნაზიაში ქართული ენის სწავლება მიმდინარეობდა კვირაში მხოლოდ ერთი საათით. ხსენებულ სასწავლებელში ქართული ენის პედაგოგები გახლდნენ დები, მადონა და ელენე იოაკიმეს ასული წერეთლები.

ხოჯევანოვას პროგიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა გრიგოლ სოლომონის ძე ხითარიშვილი, ხოლო გეოგრაფიის პედაგოგები იყვნენ ნინო ჭირაქაძე და კუზანოვა. გეოგრაფიის მასწავლებელი გახლდათ კიტი სამსონის ასული ქუთათელაძე.

ხოჯევანოვას ქალთა კერძო პროგიმნაზიამ ქუთაისში არსებობა და ფუნქციონირება  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდშიც. აღნიშნულის დამამტკიცებელია 1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთ “Грузия-ში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ ხოჯევანოვას ქალთა პროგიმნაზია კვლავ მოქმედი იყო და ახალი სასწავლო წლისათვის ემზადებოდა.

ქუთაისის ხოჯევანოვას კერძო პროგიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი იწყებოდა ძირითადად სექტემბრის თვის მეორე ნახევარში. ამისათვის შეგვიძლია მოვიშველიოთ 1918 წლის გაზეთ „Грузия-ში“ დაბეჭდილი ცნობა, რომლის მიხედვით ხოჯევანოვას ქალთა კერძო პროგიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი იწყებოდა 20 სექტემბერს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული სასწავლებლის მფლობელი ელისაბედ პავლეს ასული ხოჯევანოვა (ხოჯევანიშვილი) ქველმოქმედიც იყო სასწავლო სფეროში და ის შეწირულობებს იღებდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული გიმნაზიებისთვისაც. მაგალითად ცნობილია, რომ 1912 წლის ნოემბერში ე. ხოჯევანოვამ გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ. მასთან ერთად ასევე, ამ კონკრეტულ საქველმოქმედო საქმეში შეწირულობა გაიღეს პ. მიქელაძემ და ა. კორგანოვმა.

ქუთაისის ხოჯევანოვას კერძო პროგიმნაზიაში სწავლობდა შემდგომში ცნობილი ზოგიერთი პიროვნება, რომელთა შორის შესაძლებელია, დავასახელოთ ცნობილი საესტრადო მომღერალი თამარ წერეთელი, რომელმაც ხსენებული პროგიმნაზიის დამთავრების შემდგომ დაასრულა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი.

ხოჯევანოვას კერძო პროგიმნაზიის მოსწავლეთა შორის, როგორც ჩანს, რუსეთის იმპერიისადმი პროტესტით განწყობილებიც იყვნენ, რომლის დადასტურებაცაა, რომ პროგიმნაზიის ერთ-ერთი მოსწავლე ქეთო ჭილაშვილი 1917 წლის თებერვალში მეფის რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე სიტყვით გამოვიდა, რისთვისაც სასწავლებლის დირექტორის რისხვა დაუმსახურებია.

ქუთაისის ხოჯევანოვას ქალთა კერძო პროგიმნაზიის შესახებ ცნობები არც თუ უხვად გვხვდება, თუმცა, აღნიშნული პროგიმნაზია მეოცე საუკუნის ქუთაისის (როგორც რუსეთის იმპერიის, ასევე შემდგომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის) განათლების ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ქუთაისელ ქალთა სწავლა-აღზრდის საქმეში.

ფოტოზე: კათოლიკეთა უბანი ქუთაისში (ამჟამინდელი ვარლამიშვილის ქუჩა), სადაც მდებარეობდა ხოჯევანოვას ქალთა კერძო პროგიმნაზია. ფოტო ფეისბუკგვერდიდან “უცნობი ქუთაისი”

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები