მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იდეა, რომლითაც ქუთაისის პირველ სკოლას აკაკი წერეთლის, მეორე სკოლას კი იოსებ ოცხელის სახელი მიენიჭა

იდეა, რომლითაც ქუთაისის პირველ სკოლას აკაკი წერეთლის, მეორე სკოლას კი იოსებ ოცხელის სახელი მიენიჭა

საქართველოს სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემასა და მის ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი სრულიად სამართლიანად უკავია ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიას (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის # 1 საჯარო სკოლა), რომლის არსებობის ფესვები 1830 წლიდან, სამაზრო სასწავლებლის დაარსებიდან იღებს სათავეს. 1850 წელს სასწავლებელს ეწოდა საგუბერნიო ვაჟთა გიმნაზია, სადაც სწავლობდა შემდგომში თითქმის ყველა ის პიროვნება და მოღვაწე, რომლებმაც შექმნეს და ჩამოაყალიბეს მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველო.

ასევე, თავისი გამორჩეული ისტორია გააჩნია ქუთაისში გახსნილ პირველ ქართულ სკოლას, რომელიც 1880 წელს დაარსდა, ხოლო 1905 წელს გარდაიქმნა ქართულ გიმნაზიად (ამჟამინდელი იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის # 2 საჯარო სკოლა), რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი ქართველი პედაგოგიური მოღვაწე იოსებ ოცხელი.

საბჭოთა რეჟიმის მმართველობისას ქუთაისის ხსენებულ სკოლებს რამდენიმეგზის შეუცვალეს ოფიციალური სახელწოდება. მაგ: 1954 წლიდან ქუთაისის მეორე სკოლას ეწოდა აკაკი წერეთლის სახელი.

1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოში ეროვნული მოძრაობისა და  სულისკვეთების საერთო აღმავლობის კვალად დაიწყო ჩვენი ერისა და ისტორიის სახელოვან მოღვაწეთა სახელების მინიჭება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისათვის.

1988 წლის მაისში ჯერ კიდევ საბჭოთა დროის ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებულმა გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფის კომისიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სათაურით “როგორია თქვენი წინადადება?“, რომლითაც მიმართა ქუთაისელებს. ხსენებული სამთავრობო უწყების ამ მიმართვაში ჩაიწერა:

“საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებულ გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფისა და ქალაქის ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდებების მიკუთვნების წინადადებათა შემმუშავებელ კომისიას განზრახული აქვს, მორიგ სხდომაზე, მოსახლეობის ფართო წარმომადგენლების მონაწილეობით, მოაწყოს ქალაქის ქუჩებისათვის ადრეულ წლებში მინიჭებულ სახელწოდებათა გადასინჯვა, რათა ჩვენს ქალაქში გვქონდეს ისეთ სახელოვან მამულიშვილთა სახელობის ქუჩები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ერისა და ქვეყნის წინაშე.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანაქალაქელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მოცემული საკითხის გადაჭრაში.

თქვენი კონკრეტული წინადადებები, გთხოვთ, შემოიტანოთ საქალაქო საბჭოს აღმასკომში და გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში.

კომისიის სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს დამატებით გაცნობებთ“, – ნათქვამი იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფის კომისიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. აღნიშნული განცხადებით ხსენებულმა სამთავრობო უწყებამ კვლავ განმეორებით მიმართა საზოგადოებას.

ზემოაღნიშნულის კვალად, 1989 წლის აგვისტოში, გაზეთ “ქუთაისში” გამოქვეყნდა მოქალაქე ნანი ჟორჟოლიანის წერილი, სათაურით “პირველ სკოლას – აკაკის, მეორე სკოლას – იოსებ ოცხელის სახელი“, რომელშიც ავტორმა გააჟღერა იდეა, რომ ისტორიული მოცემულობისა და სამართლიანობის საფუძველზე, აკაკი წერეთლის სახელობის უნდა ყოფილიყო არა ქუთაისის მეორე სკოლა, არამედ ქუთაისის პირველი სკოლა, სადაც 1852-1859 წლებში სწავლობდა აკაკი, ხოლო მეორე სკოლას უნდა მიკუთვნებოდა თავისი ფუძემდებლის და ისტორიული შენობის აგების მოთავის იოსებ ოცხელის სახელი.

“არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ მე კი მგონია, რომ ამ სკოლას (იგულისხმება ქუთაისის # 2 სკოლა; შენ. ლ. დ-შ) სულმნათი აკაკის, საქართველოს უგვირგვინო მეფის, ყოველი ქართველისათვის უსაყვარლესი პოეტის სახელი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. მე ვერ დავიტრაბახებ სამეცნიერო ლიტერატურის ღრმა ცოდნით, მაგრამ, რამდენადაც ხელი მიმიწვდებოდა, ვცდილობდი, ამ საკითხში ასე თუ ისე გავრკვეულიყავი და რაიმე გამართლება მიმეცა იმისათვის, რომ სკოლა, რომელიც საკუთარი ინიციატივით ააგო და რომელსაც თვითონვე ედგა სათავეში ქართული პედაგოგიკის უთვალსაჩინოესი მოძღვარი, იოსებ ოცხელი – არ ატარებს მის სახელს…

ალბათ, დიდი მგოსანი ცოცხალი რომ მოსწრებოდა სკოლისათვის მისი სახელის შეუსაბამო მიკუთვნებას, თავად მიგვანიშნებდა ასეთ უხერხულობაზე.

მე-2 საშუალო სკოლას რომ იოსებ ოცხელის სახელი არ ჰქვია, უმადური შვილის როლში გვაყენებს ყველას“, – აღნიშნავდა ავტორი, რომელმაც აქვე დასძინა:

“ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, სასურველია, აკაკის სახელს ატარებდეს ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის პირველი საშუალო სკოლა – ყოფილი კლასიკური გიმნაზია, სადაც სწავლობდა დიდი აკაკი, მეორე საშუალო სკოლას კი იოსებ ოცხელის სახელი მიენიჭოს“, – წერდა მოქალაქე ნანი ჟორჟოლიანი 1989 წელს ქუთაისურ პრესაში.

გავიდა ხანა… საქართველო გათავისუფლდა საბჭოთა საოკუპაციო მარწუხებისგან და აღიდგინა დამოუკიდებლობა და იდეა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის გაზეთ “ქუთაისში“, ერთ-ერთი გვერდის სულ ბოლო, ვიზუალურად არც თუ წარმოსაჩენ ადგილზე დაიბეჭდა, განხორციელდა და დღესდღეობით სრულიად სამართლიანად ქუთაისის # 1 საჯარო სკოლა არის აკაკი წერეთლის, ხოლო # 2 საჯარო სკოლა – იოსებ ოცხელის სახელობის.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები