მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გვიანი შუა საუკუნეების ქუთაისის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დასავლეთ ევროპელ ვაჭრებთან

გვიანი შუა საუკუნეების ქუთაისის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დასავლეთ ევროპელ ვაჭრებთან

გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის ქუთაისის სავაჭრო ურთიერთობებზე დასავლეთ ევროპულ სამყაროსთან არაერთი ცნობაა შემონახული, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე არსებული იტალიის უდიდეს სავაჭრო ცენტრს, გენუის კოლონია კაფასა (ფეოდოსია) და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მხარესა და ქალაქთან, მათ შორის ქუთაისთან არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები.

მას შემდგომ, რაც 1226 წელს ფეოდოსიაზე მფლობელობის უფლება გადაეცა გენუას, ამ დროიდან მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა დასავლეთ საქართველოს ქალაქებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, რისი ერთ-ერთი დადასტურებაცაა 1475 წელს თურქთა მიერ კაფას დაკავების შემდგომ ჩატარებული ადგილობრივი მოსახლეობის აღწერა, რომელთა შორის მოხსენიებულნი არიან ქართველები (სახელდობრ მეგრელები).

კაფა-ფეოდოსიას გენუურმა მმართველობამ შავი ზღვის სანაპიროზე შექმნა სავაჭრო ცენტრები-ახალშენები. გარდა უშუალოდ შავიზღვისპირეთისა, მათ ამგვარი სავაჭრო ახალშენი დააარსეს ქუთაისშიც.

გენუელების მიერ ქუთაისში ახალშენის დაარსების მიზანს, როგორც ჩანს, წარმოადგენდა ქუთაისიდან მთელ დასავლეთ საქართველოზე სავაჭრო კონტაქტების დამყარება და გაღრმავება. თავის მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფაქტის მიხედვით, ქართული სამეფო ხელისუფლებაც დაინტერესებული იყო დასავლეთ ევროპულ სამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებით, რასაც ხელს შეუწყობდა გენუელთა მიერ ქუთაისში დაარსებული ახალშენი.

კაფა-ფეოდოსიელ (გენუელ) ვაჭრებს ქუთაისში შემოჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ძვირფასი პროდუქცია, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იყო საერო არისტოკრატიისა და საეკლესიო მაღალიერარქიისთვის, ასევე ევროპელი ვაჭრების მხრიდან ქუთაისში წარმოებულ ვაჭრობაში მიმოქცევაში იყო პირველადი მოხმარების პროდუქცია და საგნები (მარილი, ხმელი თევზი და ა.შ.). აღნიშნული სავაჭრო კონტაქტების ფარგლებში დასავლეთ ევროპელი ვაჭრებისთვის საქონლის ექსპორტიც ხორციელდებოდა დასავლეთ საქართველოდან.

გენუელი ვაჭრების გაძლიერებული ეკონომიკური ინტერესები ქუთაისისა და ზოგადად, დასავლეთ საქართველოს მიმართ, როგორც ჩანს, განცალკევებული არ იყო სხვა წრეების ინტერესთაგან. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ იკვეთებოდა რომის კათოლიკე ეკლესიის გარკვეული ინტერესებიც. ამგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა რომის პაპ ნიკოლოზ მეოთხის 1289 წლით დათარიღებული წერილი საქართველოს სამეფოსადმი. ასევე, 1293 წლით დათარიღებული წერილი რომიდან საქართველოში. აღნიშნული წერილების ადრესატები არიან საქართველოს მეფეები დიმიტრი და დავითი (დასახელებულ წერილებში ქართველ მეფეთა სახელები ამგვარადაა მოხსენიებული). ხსენებული პირველი წერილი საქართველოში ჩამოიტანა მონორიტების მონაზონ-მისიონერმა ივანე მონთერკორბინელმა (ეს არ ყოფილა საქართველოში მისი პირველი ვიზიტი), ხოლო მეორე წერილი საქართველოში ჩამოვიდა გვილელმო ხეროელისა და მათე თიანელის მეშვეობით აღნიშნულის შესახებ ცნობებს გვაწვდის ცნობილი ქართველი კათოლიკე სასულიერო პირი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ თამარაშვილი თავის წიგნში “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“.

საინტერესოა ის ისტორიული ფაქტიც, რომ მეთოთხმეტე საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტია) დედაქალაქ კონსტანტინოპოლში არსებობდა საქართველოს ვაჭართა ქარვასლა (ვაჭართა სახლი). აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს მოსაზრება, რომ კონსტანტინოპოლსა და ზოგადად, ბიზანტიურ სამყაროსთან სავაჭრო კონტაქტები ექნებოდა დასავლეთ საქართველოს მსხვილ სავაჭრო ცენტრებს, მათ შორის დასავლეთ საქართველოს უმთავრეს ქალაქ ქუთაისს. იმ პერიოდის ქუთაისის შემოგარენში არსებულ ტაძრებსა და მონასტრებში (მათ შორის გელათის მონასტერში) დაცული წმიდა და ძვირფასი ხატების შემამკობელი მრავალი ძვირფასი თვალი, სწორედ ამ გზით უნდა იყოს შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოსა და დასავლეთ ევროპას შორის ისტორიულად არსებული სავაჭრო ურთიერთობები სცდება მხოლოდ ეკონომიკურ სფეროს და უდავოდ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპის ნაწილის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო მხარეს.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები