მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“იმერეთში 25-მა კომპანიამ 2,485,931 ლარის შემოწირულება გაიღო, უმეტესი ნაწილის მიმღები “ქართული ოცნებაა”

“იმერეთში 25-მა კომპანიამ 2,485,931 ლარის შემოწირულება გაიღო, უმეტესი ნაწილის მიმღები “ქართული ოცნებაა”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწირველია ან/და სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული.

მისივე ცნობით, 37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2,485,931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას შეისწავლოს იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის, ასევე კომპანიებთან დაკავშირებული პირების მიერ გაღებული პოლიტიკური შეწირულობების საკითხი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში  2019-2021 წლებში მიიღეს. ეს კომპანიები მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს.

იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწირველია ან/და სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული. ლიცენზიები მიიღეს მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც;

37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2,485,931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა”;

წიაღის ლიცენზიის მოპოვების მქონე 26 კომპანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არის ჩართული და მათ ჯამში 757,566,585 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ მიღებული.

მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების კავშირები ლიცენზიანტ კომპანიებთან:

ბიჭიკო პაიკიძე, ვანის საკრებულოს წევრია პარტია “ქართული ოცნებიდან”. იგი ფლობს შპს “B.P.TRANS”-ის 100% წილს. ბიჭიკო პაიკიძემ პირადად 2016 წელს 12,000 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მისმა კომპანიამ, შპს “B.P.TRANS”-მა კი 2019-2021 წლებში 26,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბიჭიკო პაიკიძეს ახლო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან (იგი პაიკიძის შვილის ნათლიაა) და ეს აღწერილია ჟურნალისტურ გამოძიებებში;

2014-2023 წლებში 31,562,630 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული კიდევ ერთ ლიცენზიანტ კომპანიას – შპს “ჯორჯიან ენერჯის”, რომლის 100%-ს დღეს ფლობს ზვიად ჩხობაძე, თუმცა ვიდრე ამ კომპანიას ის სრულად განკარგავდა, მანამდე მისი პარტნიორი ამავე კომპანიაში  ბიჭიკო პაიკიძე იყო; ზვიად ჩხობაძემ 60,000 ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” 2016 წელს;

ერთ-ერთი მსხვილი შემყიდველი კომპანია გახლავთ ა(ა)იპ “ასოციაცია ატუ” , რომლის დირექტორმა და გამგეობის წევრებმა – როსტომ ჩაბრაძემ, ეთერ დემინაშვილმა და ბიჭია დემეტრაშვილმა ჯამურად 168,000 ლარი შესწირეს “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას. ასოციაცია “ატუ” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. ამ კომპანიის  გამგეობის წევრი ეთერ დემინაშვილი 2017 წლის სექტემბრამდე ფონდი “ქართუს” გამგეობის წევრი იყო, დღემდე კი სს “ქართუ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. “ატუს”  2013-2021 წლებში მიღებული აქვს 3,613,464 ლარის სახელმწიფო შესყიდვები;

ტეშენიტის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “როუდ ქონსტრაქშენს”. ამ კომპანიას 2017-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სახით მიღებული აქვს 38,586,588 ლარი. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს. მათგან მხოლოდ ერთი – 34% წილის მფლობელი გიორგი გოგიბერიძეა პოლიტიკური პარტიის შემწირველი. მან 2012 წელს 60,000 ლარი შეწირა მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამავე კომპანიის 33% წილის მფლობელი, ვაჟა ფანჩულიძე 2014-2015 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო;

მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”, რომლის ამ გზით მიღებული შემოსავალი არის 446,673,239 ლარი. კომპანიის მეწილე, გიორგი კალანდაძე (25%) ამავდროულად არის პარლამენტარ ბექა ოდიშარიას პარტნიორი შპს-ში “ძველი დედაქალაქი”;

ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “კავკასენერგოს”, რომლის 100% წილის მფლობელს, გიორგი მოლაშხიას 100,000 ლარი შეუწირავს მმართველი პოლიტიკური პარტიებისთვის და 28,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები  აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. გიორგი მოლაშხიას ბიზნესპარტნიორი სხვა კომპანიაში (შპს “ტრანს სერვის”) არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძე. იგი “პატრიოტთა ალიანსის” სიით გახდა დეპუტატი.

პოლიტიკური შეწირულებები:

37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2,485,931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა”, თუმცა ამ ჩამონათვალში შეხვდებით ისეთ კომპანიებსაც, რომელთაც 2012 წელს თანხა მაშინდელ მმართველ პარტიას  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირეს, თუმცა შემდეგ წლებში უკვე მმართველი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გაიღეს პარტიული შემოწირულება.

წიაღის ლიცენზიის მოპოვების მქონე 26 კომპანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არის ჩართული და მათ ჯამში 757,566,585 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ მიღებული”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები