მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზარაფხანა შუა საუკუნეების ქუთაისში და ქართული მონეტები, რომლებიც ქუთაისს უკავშირდება

ზარაფხანა შუა საუკუნეების ქუთაისში და ქართული მონეტები, რომლებიც ქუთაისს უკავშირდება

მეათე საუკუნის მეორე ნახევრიდან 1122 წლამდე ქუთაისი გაერთიანებული საქართველოს სამეფოს სატახტო ქალაქი (დედაქალაქი) იყო. ასევე, მას შემდგომ, რაც თბილისი გახდა საქართველოს სატახტო ქალაქი (დედაქალაქი), მტრის შემოსევებისას, საკმაოდ გრძელვადიან პერიოდებში საქართველოს სამეფო კარი ისტორიულ სატახტო ქალაქ ქუთაისში იხიზნებოდა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთებში არაერთი ქართული მონეტაა მოჭრილი და გამოშვებული, ბაგრატ მესამის ეპოქიდან დავით აღმაშენებლის ეპოქამდე. ასევე, ამ მხრივ საყურადღებოა რუსუდანის მეფობის იმ პერიოდში გამოშვებული მონეტებიც, როდესაც მტრის შემოსევების გამო მეფე ქუთაისში იმყოფებოდა და აქედან მართავდა სამეფოს და აგრეთვე, მეფე დავით მეექვსე ნარინის დროინდელი მონეტებიც, ვინაიდან, მას შემდგომ, რაც 1259 წელს დავით ნარინი მონღოლებს აუჯანყდა, ის ქუთაისში გადმოვიდა და აქ დაიდო სამეფო რეზიდენცია. აღნიშნულ პერიოდებში გამოშვებული მონეტები ბუნებრივია, რომ ქუთაისში უნდა იყოს მოჭრილ-გამოშვებული. აქედან გამომდინარე, ქუთაისში მდებარეობდა საქვეყნო მასშტაბის ზარაფხანა.

ქუთაისში ზარაფხანის არსებობის შესახებ საუბრობენ ისტორიკოს-მკვლევარები: ე. პახომოვი თავის 1910 წლის ნაშრომში ქართული ფულის შესახებ, სადაც საუბრობს რუსუდან მეფის მიერ გამოშვებულ ერთ-ერთ მონეტაზე (ნაშრომი რუსულ ენაზეა დაწერილი); თ. ლომოური თავის 1938 წლის გამოკვლევაში „ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში“, სადაც ავტორი წერს: “საფიქრებელია, რომ ზარაფხანა სატახტო ქალაქში უნდა ყოფილიყო, ე. ი. დავითის მიერ თბილისის აღებამდე ქუთაისში… 1225 წლის შემდგომ, როდესაც თბილისი ჯალალედინს ეპყრა, ზარაფხანა დროებით კვლავ ქუთაისში უნდა გადაეტანათ. აქ უნდა იყოს მოჭრილი რუსუდანის სპილენძის ფული 1227 წელს“; დ. კაპანაძე თავის 1947 წლის გამოკვლევაში ქართული მონეტების და ზარაფხანების შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ რუსუდანის, დავით ნარინის და დავით ულუს სახელებით მოჭრილი ქართული მონეტები სწორედ ქუთაისში უნდა იყოს გამოშვებული, ასევე, იგივე ავტორი, შედარებით გვიანდელ, მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე გამოშვებული ქართული მონეტების მოჭრის სავარაუდო ადგილად იმერეთის ზარაფხანას ასახელებს.

ზოგადად, სამეფოს  ცხოვრებაში ზარაფხანა და “საჭურჭლე“ (სახელმწიფო ხაზინა) ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ და მთავარ ეკონომიკურ მოვალეობას ასრულებდა. ზარაფხანაც და სახელმწიფო ხაზინაც თითქმის ყოველთვის სამეფო კარის სიახლოვეს იყო განთავსებული.

“მატიანე ქართლისა” გვამცნობს, რომ საქართველოს მეფის, გიორგი მეორის მიმართ დიდებულთა მხრიდან მოწყობილი გარკვეული წინააღმდეგობის შემდგომ, აღნიშნული მოვლენების ერთ-ერთმა მოთავემ ნიანია ქვაბულისძემ “წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე“. აქ მოტანილი ცნობა მიუთითებს, რომ ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ხაზინა ანუ “საჭურჭლე“, რომლის ადგილმდებარეობა იმჟამად ქუთაისში გახლდათ. ასევე, საინტერესოა საისტორიო ცნობა, სადაც ვკითხულობთ, რომ მას შემდგომ, რაც 1122 წელს დავით აღმაშენებელმა დაიბრუნა თბილისი, სადაც დედაქალაქი გადაიტანა, იქვე „დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ“. ამ ცნობიდანაც, ლოგიკურად ცხადია, რომ თბილისის დედაქალაქობამდე, ერთიანი საქართველოს “საჭურჭლე“ და მაშასადამე ზარაფხანაც, ქვეყნის სატახტო ქალაქ ქუთაისში იყო განთავსებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი საქართველოს მეფეების – ბაგრატ მესამის, გიორგი პირველის (თუ მისი მმართველობისას მოიჭრა მონეტა), ბაგრატ მეოთხის, გიორგი მეორის, დავით აღმაშენებლის მეფობათა ხანაში მოჭრილი მონეტები ქუთაისშია გამოშვებული. აღნიშნული პერიოდი მოიცავს დროს 980 წლიდან 1122 წლამდე (142 წლის მანძილზე). ასევე, იგივე შესაძლებელია ითქვას რუსუდანის, დავით მეექვსე ნარინის და დავით მეშვიდე ულუს მმართველობათა  გარკვეულ პერიოდებზეც, რომლებიც მეცამეტე საუკუნეს მოიცავს.

1466 წლიდან საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად. დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად დაიწყო არსებობა იმერეთის სამეფომ, რომლის დედაქალაქი ქუთაისი იყო. იმერეთის სამეფოს არსებობის პირველ პერიოდებში (ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმოა იმერეთის მეფეების, ბაგრატ მესამისა და გიორგი მეორის მმართველობები) გამოშვებული მონეტები, რა თქმა უნდა, ქუთაისში იყო მოჭრილი.

დროთა განმავლობაში, რამდენიმე სახელმწიფოებრივ ერთეულად დაშლილ საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად მოიშალა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა და აქედან გამომდინარე, უკვე მე-16 საუკუნის 80-იანი წლებიდან ქუთაისში, სამწუხაროდ, აღარ დასტურდება ზარაფხანის არსებობა.  ამ პერიოდიდან დასავლეთ საქართველო მოიხმარდა აღმოსავლეთ საქართველოში გამოშვებულ ფულს.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები