მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რადიო “ძველი ქალაქი” 28 წლისაა

რადიო “ძველი ქალაქი” 28 წლისაა

რადიო “ძველი ქალაქი” დღეს იუბილარია. 1995 წლის 2 დეკემბერს FM სივრცეში გამოჩნდა ახალი რადიოსადგური, რომელმაც მსმენელებს უახლესი ჰიტების გარდა, უამრავი საინტერესო რუბრიკა და გადაცემა შესთავაზა.

ახლა რადიოსთვის მძიმე პერიოდია, ცოტა ხნის წინ “ძველი ქალაქის” პროგრამების ხელმძღვანელი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა.

“2 დეკემბერი რადიო „ძველი ქალაქის“ დაბადების დღეა, 28 წლის გახდა. ეს რადიო ქეთი ბერძენიშვილმა მის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 28 წლის წინ დააარსა და მას ყოველთვის მის პირველ შვილს ეძახდა. დღეს რადიოს დაბადების დღეს ქეთის გარეშე ვხვდებით, თუმცა ქეთის სული სულ იქ ტრიალებს, არასოდეს დატოვებს ქეთი მისსავე რადიოს, უბრალოდ თითქოს სამოგზაუროდ არის წასული და ჯერ დაბრუნება არ უნდა.

ბატონებო, რადიო „ძველი ქალაქის“ არსებობა არ გეგონოთ სახუმარო საქმე. მაშინ FM რადიო (ერთ ერთი პირველი რადიო ქვეყანაში) თბილისს გარეთ პირველი სწორედ ქუთაისში დაარსდა და თბილისშიც ზუსტად ერთი კვირით ადრე გაიხსნა პირველი რადიო. ანუ ცოტათი  მოხდა დასწრება, თორემ იდეა უნიჭიერეს გუნდს ერთ ერთ პირველებს აწვალებდათ. უტოპია იყო მაშინ რასაც ამბობდნენ, გიჟები მეგონნენ და კი მოვიდა ამ დრომდე. ამ რადიოში ორი წლის მერე მივედი, ანუ 26 წელია, აქ ვმუშაობ და დღესაც ჩავწერე გადაცემები. 28 წელი მხრებით მოიტანა ქეთევან ბერძენიშვილმა ეს რადიო და ეგ გმირობის ტოლფასია ბატონებო და ქალბატონებო. ქეთი ჩვენ ყოველთვის ვაცოცხლებთ შენს რადიოს. დღესაც ისმის 107 და 9 დან შენი ხმა. შენ სულ იქნები ამ რადიოს ნაწილი და დავიწყება არ გიწერია. რადიოს დაბადების დღეს ვულოცავ ყველა ყოფილ და ახლანდელ თანამშრომელს, ჩვენს ერთგულ მსმენელებს და ჩვენს დირექტორს ირაკლი მაჩიტაძეს”, – წერს დათო ლიკლიკაძე.

წლები გავიდა, რადიოსადგურების რაოდენობამ იმატა, თუმცა “ძველი ქალაქი“ მაინც ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას.

რადიო “ძველი ქალაქის” ძირითადი საქმიანობა რადიომაუწყებლობაა. რადიომაუწყებლობის სიხშირე – FM 107.9.

“ძველი ქალაქის” მაუწყებლობა ქუთაისს, იმერეთის ძირითად ნაწილს, გურიის და სამეგრელოს ნაწილს ფარავს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge ულოცავს რადიო “ძველი ქალაქის” გუნდს დაბადების დღეს.

კომენტარები