ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება, დასაქმებულები მესამე დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში უკვე 13 მაღაროა გაჩერებული, 1 700-მდე მაღაროელი კი გაფიცული.
მათსა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კომპანიის ოფისში გაიმართა, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 5 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.
დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა, რაც გულისხმობს თვეში 15 დღით მუშაობასა და მომდევნო 15 დღით დასვენებას. ასევე, ანაზღაურების გაზრდას.
“სამშაბათს ვესაუბრეთ და მივეცით პარასკევამდე ვადა, თუმცა უარი თქვეს. ჩიხისკენ მივყავართ, ან დაპირება რა იყო და ან გადათქმა მერე?”, – აცხადებს გაფიცული მაღაროელი მირზა ბროლაძე.
კიდევ ერთი გაფიცული მერაბ სარალიძე კი აცხადებს, რომ დარკვეთის მაღაროელებს სხვა მაღაროებზე დასაქმებულებთან შედარებით თანხა 9 ლარზე ნაკლები გამოუდით.
მაღაროელები ამბობენ, რომ მუშაობას არ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
კომენტარები