მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა – ადგილისა და ნაგებობის ისტორია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა – ადგილისა და ნაგებობის ისტორია

ქუთაისში არსებულ და ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ ნაგებობათა შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეულია ქალაქის ცენტრში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული ერთ-ერთი შენობა, რომელშიც ამჟამად განთავსებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. ტერიტორიას, სადაც აღნიშნული შენობა დგას, ისტორიულად ეწოდებოდა “სამეფო ადგილი“.

1879-1893 წლებში ქუთაისის ქალაქის თავი იყო ლუკა ასათიანი. ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მედიცინის დოქტორი დიმიტრი ნაზარიშვილი აღნიშნავდა, რომ სწორედ ლუკა ასათიანს მოუპოვებია საარქივო დოკუმენტები ქუთაისში ისტორიულად არსებული “სამეფო ადგილების“ შესახებ და მანვე მოახერხა მისი გადაცემა ქალაქისათვის.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ ზემოხსენებულ საარქივო დოკუმენტებზე (მეფისნაცვლის კანცელარიის არქივი) ასევე კვლევითი საქმიანობა ჩაატარა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და იმხანად ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ გამოაქვეყნა სტატია სამეცნიერო კრებულ „ძეგლის მეგობარში“, სათაურით „XIX საუკუნის ქუთაისის „სამეფო ადგილი“ („ძეგლის მეგობარი“, 1988 წ; # 3, გვ. 130-134). აგრეთვე 2006 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის პროგრამითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით გამოიცა წიგნი-კრებული „ქუთაისი“, რომელშიც მხოლოდ მცირე საცნობარო შინაარსის ცნობებია წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობის შესახებ  (აქვე, გაწეული კონსულტაციისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორს, ისტორიის დოქტორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მერაბ კეზევაძეს).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამჟამინდელი შენობის ადგილზე იდგა სახლი, რომელშიც 1820-იან წლებში, უკვე რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებულ საქართველოში, იმერეთის მმართველობა იყო განთავსებული. 1839 წლის დიუბუა დე მონპერეს აღწერილობით გეგმაში აღნიშნული სახლი დაფიქსირებულია. 1823 წელს აქ მიიღო იმერეთის იმჟამინდელმა მმართველმა, თავადმა გორჩაკოვმა საფრანგეთის კონსული გამბა. ასევე, 1857 წელს ამ სახლში გაიმართა შეხვედრა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ გაგარინსა და სვანეთის უკანასკნელ მთავარ კონსტანტინე დადეშქელიანს შორის. ცნობილია, რომ 1857 წლის ეს შეხვედრა კოლონიზატორი სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიის ოფიციალური მოხელის, გაგარინის მკვლელობით დასრულდა, რომლის შემდგომ პერიოდში, აღნიშნულ შენობას უკვე აღარ იყენებდნენ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორები და ის საზოგადო საკრებულოდ (კლუბად) გადაუკეთებიათ. აღნიშნული შენობა იმითაც იყო გამორჩეული, რომ 1861 წლის 3 მარტს, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის ხელმძღვანელობით, სწორედ აქ გაიმართა პირველი თეატრალური წარმოდგენა ქუთაისში.

1870 წელს ხსენებულ ნაგებობას გაუჩნდა ხანძარი, რომელმაც ძლიერ დააზიანა შენობა, თუმცა, ერთი წლის შემდგომ მისი აღდგენა შეძლეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის კავკასიაში 1871 წლის ვიზიტთან დაკავშირებით. ქუთაისში ჩამოსული რუსეთის იმპერატორი სწორედ ამ შენობაში მიიღეს და დააბინავეს. ამ ფაქტის გამო აღნიშნულ ნაგებობას “სამეფო სახლი“ უწოდეს.

შემდგომ პერიოდში ამ შენობას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. 1875 წლიდან “სამეფო სახლში“ ტარდებოდა ქუთაისის თვითმმართველობის დამფუძნებელი და საბჭოს სხდომები. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომისას აქ განთავსებული იყო ჰოსპიტალი, რომელიც ომის დასრულების შემდგომ გაუქმდა. 1882 წლის მაისში „სამეფო სახლის“ ეზოში სპეციალურად აღმართულ ფიცრულში დაიდგა “ვეფხისტყაოსნის“ საყოველთაოდ ცნობილი ცოცხალი სურათები უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ.

მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან წამოიჭრა საკითხი, რომ „სამეფო სახლი“ გადასულიყო ქუთაისის ქალაქის მმართველობის გამგებლობაში, თუმცა ქუთაისის მმართველობამ უარი განაცხადა შენობის შესყიდვის ფორმით მიღებაზე. ქუთაისის მაშინდელი გუბერნატორის, გროსმანის ბრძანებით „სამეფო სახლის“ შეფასება უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, მალევე, შენობას მეორედ გაუჩნდა ხანძარი, რომლის შედეგად „სამეფო სახლისგან“ მხოლოდ ნაშთები დარჩა. 1889 წელს ეს ადგილი და იქ დარჩენილი ნაშთები იმჟამინდელი ხელისუფლების ოფიციალური განკარგულებით ქუთაისის ქალაქის მმართველობას გადაეცა უსასყიდლოდ, ამ ადგილზე “საზოგადოებრივი ბაღის“ გაშენების მიზნით.

მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან წამოიჭრა საკითხი, რომ ქუთაისში, როგორც გუბერნიის ცენტრში, საგუბერნიო სასამართლოსთვის აგებულიყო სახელმწიფო სასახლე, რომლის ასაშენებელ ადგილად ქუთაისში სხვადასხვა ტერიტორია განიხილებოდა. გაიმართა დაძაბული, წინააღმდეგობებით აღსავსე მოლაპარაკებები. საბოლოოდ, ამ მიზნისათვის სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ქუთაისის ქალაქის მმართველობას წაუყენა პირობა, რომ “სამეფო სახლის“ ადგილი დაეთმო საგუბერნიო სასამართლოს შენობის აგებისათვის. ქალაქის მმართველობა ამ ტერიტორიას საკუთარი ადმინისტრაციული შენობის აგებისთვის მოიაზრებდა, თუმცა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქუთაისში საგუბერნიო სასამართლოს არსებობის საკითხი, რომ ქუთაისის ქალაქის მმართველობა დათანხმდა წაყენებულ პირობას. ეს ადგილი შეფასდა 40 ათას მანეთად, თუმცა ის 20 ათას მანეთად უნდა გადაეცა ქალაქის მმართველობას საგუბერნიო სასამართლოსთვის, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ 10 ათასი მანეთის გადახდაზე იყო თანახმა. 1897 წლის დადგენილებით თანხის მეორე ნახევარი (მეორე 10 ათასი მანეთი) შეაგროვეს და გადაიხადეს საკითხით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა. ხელისუფლებამ შენობის აგებისათვის გასაწევი ხარჯებისათვის პირველ ეტაპზე გამოყო 220 ათასი მანეთი.

1897 წელს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ უკვე ოფიციალურად გადაწყდა ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს სახელმწიფო სასახლის აგება.

მიხეილ ნიკოლეიშვილი თავის ზემოხსენებულ სამეცნიერო სტატიაში წერს, რომ საგუბერნიო სასამართლოს შენობა აიგო ინჟინერ ედმუნდ ფრიკის პროექტით, თუმცა, ჩვენს მიერ ხსენებულ 2006 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის პროგრამითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით  გამოცემულ წიგნ-კრებულ „ქუთაისში“ ვკითხულობთ, რომ შენობის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩს. აღნიშნულ ორ ვერსიას შორის, ჩვენს მიერ მოპოვებული ცნობის თანახმად, მართებულია ინფორმაცია, რომ ქუთაისის ამჟამინდელი სააპელაციო სასამართლოს შენობის პროექტის ავტორი გახლდათ ალექსანდრე შიმკევიჩი.

შენობის აგება მიმდინარეობდა 1897(1898)-1900 წლებში და აქ განთავსდა ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს სახელმწიფო სასახლე. ეს არის ქვის სამსართულიანი კაპიტალური, დახვეწილი არქიტექტურული იერსახის ნაგებობა, რომელზეც ისტორიული ელფერი დღემდე უდავოდ ასახულია.

“შენობის გეგმა ლათინური U-ს მსგავსია. შემკულობით მხოლოდ რიზალიტებით დანაწევრებული მთავარი ფასადია აქცენტირებული: შუაში განთავსებულ ოვალურ პორტალს ტოსკანური ორდერით მოჩარჩოებული კარი და ვოლუტებიანი ფრონტონი გამოყოფს; ფასადის ცენტრალურ ნაწილს გიგანტური პილასტრები დაუყვება; რიზალიტების მეორე სართულის სარკმელთა შორის მოთავსებულ რთული შედგენილობის ჰერალდიკურ ფარებზე ნაგებობის თარიღია ამოკვეთილი. ნაგებობის პირველი სართული და კუთხეები, ისევე, როგორც რიზალიტების პილასტრები, რუსტირებულია“, – ვკითხულობთ ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებულ 2006 წელს გამოცემულ წიგნ-კრებულ “ქუთაისში“.

საბჭოთა პერიოდში ხსენებულ შენობაში განთავსებული იყო საკონსტრუქტორო ბიურო და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საფონდო განყოფილება. განზრახული იყო, რომ შემდგომში ეს შენობა მთლიანად დათმობოდა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ (ამჟამად ისტორიულ) მუზეუმს, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ნაგებობის პირვანდელი დანიშნულების გათვალისწინებით, ქუთაისის ყოფილი საგუბერნიო სასამართლოს ისტორიული ნაგებობა დაეთმო ქუთაისის საოლქო (ამჟამად სააპელაციო) სასამართლოს, რომელიც ამ შენობაში ამჟამად ფუნქციონირებს.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ფოტოზე: ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს ისტორიული შენობა, რომელშიც ამჟამად განთავსებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. მ. ლორთქიფანიძის ფოტო (სამეცნიერო კრებულიდან “ძეგლის მეგობარი”, 1988 წ. #3)

კომენტარები