მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დილამდე ვაძლევთ დროს” – ჭიათურელი მაღაროელები შპს “მაღაროელის” დირექტორის გადადგომას მოითხოვენ

“დილამდე ვაძლევთ დროს” – ჭიათურელი მაღაროელები შპს “მაღაროელის” დირექტორის გადადგომას მოითხოვენ

ჭიათურელი მაღაროელები მოითხოვენ, შპს „მაღაროელის“ დირექტორმა ანდრიი ბარაბახმა თანამდებობა დატოვოს.

მათი თქმით, თუ ხვალ დილამდე დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს, ჭიათურაში პროტესტი განახლდება და შპს „მაღაროელი” მუშაობას შეაჩერებს.

“ივნისის აქცია დამთავრდა, 3 თვის ვადა აიღეს, მაგრამ უკვე მეექვსე თვე იწურება და პრობლემები უფრო იმატებს და ახალ-ახალი იბადება. ძველი არ მოგვარებულა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ დარკვეთის მაღაროსთან დაკავშირებით იყო პრობლემა. შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ ბარაბახმა მეორე დღესვე მოიტყუა, რომ თითქოს შეთანხმება არ ყოფილა.

ეს ადამიანი ჭიათურის გადასარჩენად და ჭიათურის ასაღორძინებლად არ არის ჩამოსული. ამ დასკვნამდე მივედით ყველა ჩვენგანი. ეს ადამიანი არის ჩამოსული იმისთვის, რომ თვითონ იშოვოს, თვითონ რაღაც მოგებაზე გავიდეს და წაიღოს ქვეყნიდან, მაგრამ ეს ასე არ გამოვა.

დღეს დავუანონსეთ ბატონ ბარაბახს, ვიყავით კაბინეტში და დიალოგის რეჟიმში მშვიდად, წყნარად ავუხსენით რატომ და რისთვის ვითხოვთ მაგ ადამიანის წასვლას ჭიათურიდან. ხვალ დილამდე ვაძლევთ დროს, ჩაალაგოს თავისი ნივთები. თუ ხვალ ჩვენთან არ მოვა ინფორმაცია განცხადების დაწერის და გადადგომის შესახებ, ვაძლევ პირობას, რომ ხვალ დილიდან შპს მაღაროელი შეაჩერებს მუშაობას. ისეთ პროტესტის რეჟიმს გამოაცხადებს, როგორიც იყო სულ ერთი კვირის წინ დარკვეთის მაღაროსთან დაკავშირებით.

ბარაბახის გამო პროტესტის ნიშნად არ ვიმუშავებთ და არ გამოვა არც ერთი კილო ქართული მადანი და შავი ოქრო და ვერ გასხვისდება, ბარაბახის საკეთილდღეოდ და იმ ინვესტორის საკეთილდღეოდ, რომელსაც უნდა, რომ ჭიათურიდან მხოლოდ ქონება გაიტანოს“, – აცხადებს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

უკრაინის მოქალაქე ანდრიი ბარაბახი შპს “მაღაროელის“ დირექტორად 2023 წლის პირველ ივნისს დაინიშნა.

კომენტარები