მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში პოლიციელების მიერ მოზარდებზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში პოლიციელების მიერ მოზარდებზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გასულ ღამეს ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ათობით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამართალდამცველების ერთ ნაწილსა და არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციელები მოზარდებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ და მათი დაკავება ამ ფორმით სურდათ. მოზარდების დედა ამბობს, რომ მისი ორივე შვილი სასტიკადაა ნაცემი და პოლიციამ მათ თავში იარაღი ურტყა.

ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების მხრიდან სამართალდამცველების სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. ადგილზე მალევე არასრულწლოვნების მშობლები მივიდნენ, რის შემდეგაც ოჯახის სამი წევრი დააკავეს – ორი მოზარდი და მათი მამა.

ოჯახი პოლიციელების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

კომენტარები