მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“27 დეკემბერს “სავანეს” გამოსახლება იწყება, დაგვიდექით გვერდით, ხვალ თქვენც მოგადგებიან”

“27 დეკემბერს “სავანეს” გამოსახლება იწყება, დაგვიდექით გვერდით, ხვალ თქვენც მოგადგებიან”

27 დეკემბერს ქუთაისში, კაფე-ბარ “სავანეს” გამოსახლება იგეგმება.

“აღსრულების ბიუროდან მოგვივიდა ცნობა, რომ 27 დეკემბერს “სავანეს” გამოსახლება იწყება. მოსამართლემ კაფეს დემონტაჟი ჩვენ დაგვავალა, თუმცა ამის სახსრები არ გვაქვს და არც ვაპირებთ ჩვენი საკუთრების დანგრევას. ველოდებით სააპელაციოს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლის გადაწყვეტილება მაინც აღსრულდა და გამოსახლების პროცესი დაიწყეს, კაფესთან აქციას გავმართავთ. ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – აცხადებს კაფეს ერთ-ერთი მესაკუთრე გიორგი ტურაბელიძე.

ობიექტის მფლობელები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

“დაგვიდექით გვერდით, დღეს ჩვენ საკუთრებას ხელყოფენ, ხვალ თქვენ მოგადგებიან”,  – აცხადებენ “სავანეს” მფლობელები.

ქუთაისის ბულვარში არსებული კაფე “სავანესთან” დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. მოსამართლე დარინა აბულაძის გადაწყვეტილებით, კაფე “სავანე” უნდა დაინგრეს.

“სავანეს” მფლობელების განმარტებით, მერია კაფესა და მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს დემონტაჟს, მათ ადგილებზე კი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს. კაფეს შენარჩუნების მიზნით კი, მფლობელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, პარალელურად დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები