იპოლიტე ხვიჩია (ყვინჩია) – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
დაიბადა 1910 წლის 31 დეკემბერს სოფელ კონტუათში, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი.
1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932–1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, „სასტუმროს დიასახლისი“), ნაცარქექია (გიორგი ნახუცრიშვილისა და ბორის გამრეკელის „ნაცარქექია“), კოხტაია (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ!“) და სხვა.
1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია. 1961–1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ოთარ მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“) და სპირიდონის (ნატალია აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“) როლები.
1956 წლიდან იღებენ კინოში. როლები: ალმასხანი („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957), იპოლიტე ნემსაძე („მანანა“, 1958), კუჭკუჭი („ბურთი და მოედანი“), ქორიძე („თხუნელა“, 1962), მელიტონი („თოჯინები იცინიან“, 1963), სანდრო („არ იდარდო!“), ბონდო დოლაბერიძე („ფეოლა“, 1970), იპოლიტე („მხიარული რომანი“, 1972), ვარლამი („პირველი მერცხალი“, 1975), კაჟა ბულავა („დათა თუთაშხია“) და სხვა.
გამოდიოდა ესტრადაზე. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.
გარდაიცვალა 1985წლის პირველ თებერვალს, 74 წლის ასაკში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
კომენტარები