მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრე” ქუთაისში – 1919 წელი 

“ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრე” ქუთაისში – 1919 წელი 

ქართული საეკლესიო მრავალხმიანი გალობა ჩვენი ქვეყნის მრავალათასწლოვანი ეროვნული საგანძურის ერთ-ერთი გამორჩეული საფასე და განსაკუთრებული მონაპოვარია, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთ მთავარ ნიშანსვეტს წარმოადგენს.

მას შემდგომ, რაც 1811-1814 წლებში რუსეთის იმპერიამ ანტიკანონიკურად გააუქმა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია მცხეთისა და ბიჭვინთა-გელათის საკათალიკოსო ტახტებზე, რუსეთმა მიზანმიმართულად შეუტია ქართულ გალობას და ფაქტობრივად სრულად განდევნა ის საქართველოს ეკლესიიდან, რომელიც რუსეთის იმპერიამ იმხანად უკანონოდ გარდაქმნა საეგზარქოსოდ, სადაც ქართული გალობა ძალადობრივად ჩაანაცვლა რუსული გალობით. მტერმა საუკეთესოდ უწყოდა, რომ ამით ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ იდენტობას უსპობდა ქართველ ხალხს.

1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია. სამწუხაროდ, ერთ საუკუნეზე მეტი დროის რუსულმა შეტევამ ქართული გალობის წინააღმდეგ დიდწილად გამოიღო თავისი ნეგატიური შედეგი და ქართული გალობის შესრულება-სწავლების მხრივ მნიშვნელოვნად პრობლემური მდგომარეობა იყო ახლადავტოკეფალიააღდგენილ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

აღნიშნული ვითარება ასევე ცხადად შეიმჩნეოდა ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ ჩვენს ქვეყანაში. 1919 წელს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) წინადადებითა და ინიციატივით და ქუთაისის სამიტროპოლიტოს საეპარქიო საბჭოს თანხმობით გადაწყდა, რომ ქუთაისში დაეარსებინათ “ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრე“, რომელიც მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანაში ქართული გალობის აღდგენასა და გაძლიერებას.

1919 წლის 27 ნოემბერს ქუთაისში გამომავალ გაზეთ “ჩვენს ქვეყანაში” გამოქვეყნდა განცხადება, სათაურით “მოწოდება“, რომელშიც ვკითხულობთ:

“კვირას, 30 ამა ნოემბერს, დღის 12 საათზე, ვაჟთა პირველი გიმნაზიის (კლასიკურის) დარბაზში მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის წინადადებით, ქართული გალობის მოყვარულთა წრის შესადგენად გამართული იქნება საზოგადო კრება. კრებაზე განხილული და დამტკიცებული იქნება წრის წესდება. ასარჩევია გამგეობის და სარევიზიო კომისიის წევრები. პატივისცემით ვსთხოვთ ყველას, ვისაც კი აინტერესებს ჩვენი გალობის აღორძინების საქმე, კრებას დაესწროს“, – იუწყებოდა წრის მომწყობი კომიტეტი.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებული დროის გამო, 1919 წლის 30 ნოემბერს ვერ გაიმართა აღნიშნული შეხვედრა და პრესაში განმეორებით დაიბეჭდა იგივე შინაარსის განცხადება, რომელიც იუწყებოდა, რომ შეხვედრა გაიმართებოდა იმავე წლის 7 დეკემბერს.

მართლაც, 1919 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისის პირველი (კლასიკური) გიმნაზიის დარბაზში შედგა ხსენებული კრება, რომელმაც დააარსა “ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრე“.

ფოტოზე: ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)

კრება სიტყვით გახსნა აღნიშნული იდეის ავტორმა, ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა, რომელმაც ვრცელი, ბრწყინვალე მიმართვა წარმოთქვა ქართული გალობის, მისი ისტორიისა და აღდგენა-გაძლიერების აუცილებელი, გადაუდებელი საჭიროების შესახებ და განაცხადა (გთავაზობთ შემოკლებით):

“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დარბაზში არა შემთხვევით, არამედ საგანგებოდ, რომ შეერთებული ძალ-ღონით გავაკეთოთ ერთი დიდი სამამულიშვილო და ჩვენ ყველასათვის სავალდებულო საქმე.

ქართველმა ერმა დააღწია თუ არა თავი ასი წლის მძიმე, მის განმანადგურებელ რუსეთის მონობას, მხურვალედ და ბეჯითად შეუდგა მრავალსაუკუნოებით მის ეროვნულ სულის და გენიის მიერ შექმნილ კულტურულ ნაშთთა განახლება-აღდგენას და ამ საფუძველზე იწყო მან თავისი სახელმწიფოებრივი მშენებლობა და კულტურის განვითარება.

ამ შემთხვევაში სამწუხარო გამონაკლისი შეადგინა საეკლესიო ეროვნულ გალობამ, რომლის აღდგენა-განახლებას არავინ შეეცადა. იმ გალობისა, რომლის გაეროვნება-განვითარებაზე დაუღალავად მუშაობდა ცხრამეტი საუკუნის განმავლობაში ხალხის ეტეტიკურ შემოქმედებითი ძალა და ენერგია. უწინ საეკლესიო გალობას დიდი საპატიო ადგილი ეკავა არა მარტო ტაძრებ-მონასტრებში, არამედ ერის ფართო ყოველმხრივ ცხოვრებაში, ჭირში და ლხინში…

ჩვენი გალობის განიავება-გაქრობის პროცესი ადრე დაიწყო და ჩვენმა დედინაცვალმა რუსეთმა არამც თუ ის არ შეაჩერა, პირიქით, კიდევ უფრო ხელი შეუწყო. დღეს თუმცა ჩვენ ვართ ჩვენი თავის ბატონ-პატრონი, მაგრამ სამწუხაროდ, საკათედრო ტაძარში მაინც ვერ მოვაწყვეთ ტკბილი, სასიამოვნო გალობა… ეკლესიის ყოველ მოსიყვარულე შვილისათვის ეს მეტად დამაღონებელი გარემოება, შემაწუხებელია ჩემთვის – მწყემსმთავრისათვის…

აი, სწორედ, ამ მეტად სიმპათიურ საქმისათვის და მის სასურველ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის ქუთაისის საეპარქიო საბჭომ ერთ თავის სხდომაზე გამოიტანა დადგენილება „საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრის შესახებ“, შეადგინა კომისია წესდების პროექტის დასამუშავებლად და ეს წესდება უკვე დაიბეჭდა… დღეს მტკიცე საფუძველს ჩაუყრით ჩვენი გალობის განახლება-აღორძინებას, ხოლო მომავალში მისი დაგვირგვინება დამოკიდებული იქნება თქვენს თანაგრძნობა-ყურადღებაზე.

აკურთხოს უფალმა დასაწყისი ამ მეტად კეთილ და წმიდა საქმისა“, – განაცხადა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა.

ქუთაისში დაარსებულმა „ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრემ“ 1919 წლის 7 დეკემბრის სხდომაზევე დაამტკიცა წრის წესდება, რომელიც მანამდე შემუშავდა და ის შედგებოდა ცხრამეტი პარაგრაფისაგან. წესდების პირველ პარაგრაფში ვკითხულობთ: „ქართული გალობის მოყვარულთა წრის“ მიზანი არის ძველი ქართული გალობის აღდგენა, მისი მეცნიერულათ გამოკვლევა და დამუშავება და მოძრავი კურსების საშვალებით გალობის ხალხში გავრცელება“, – ჩაწერილია წრის წესდების დასაწყისში.

ქუთაისში დაარსებული „ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრემ“ აირჩია გამგეობის შემადგენლობა, ხოლო გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე, წლების მანძილზე დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს მარშალი (წინამძღოლი), პოლკოვნიკი დავით ოტიას ძე ნიჟარაძე, რომელიც ცნობილი იყო თავისი ქართული ეროვნული სულისკვეთებითა და მოღვაწეობით.

ფოტოზე: დავით ოტიას ძე ნიჟარაძე

ქუთაისში არსებულმა „ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრემ“ იმჟამად არსებულ შესაძლებლობათა ფარგლებში იღვაწა ქართული საეკლესიო გალობის აღდგენა-გაძლიერებისათვის, უპირველესად ამ მიმართულებით ქუთაისსა და კონკრეტულად ქუთაისის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრისათვის (სობორო), რომელიც წარმოადგენდა გულს ქუთაისის სამიტროპოლიტოსათვის.

ამ ეროვნული საქმის დაწყებიდან, მალევე, წელიწად-ნახევარში, სამწუხაროდ, რუსეთმა კვლავ დაიპყრო საქართველო, მოახდინა მისი ანექსია და გასაბჭოება. საბჭოთა კოლონიზატორული ხელისუფლება ოფიციალურად და იდეოლოგიურად ათეისტური იყო. 1923 წელს საერო ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ცილისმწამებლური ბრალდებით დააპატიმრა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი, რომელიც თითქმის ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, 1924 წლის აგვისტოში საბჭოთა მთავრობამ კვლავ დააპატიმრა მიტროპოლიტი ნაზარი, რომელიც ამჯერად ვეღარ გადაურჩა რუსული ბოლშევიკური მმართველობის რისხვას და 1924 წლის 1 სექტემბერს საბჭოთა რეჟიმმა ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრიტა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად კიდევ ოთხი სასულიერო პირი (მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად დახვრეტილნი წმინდანებად არიან კანონიზირებულნი და მათ ახალმოწამენი ეწოდებათ). შესაბამისად, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ურთულესი ვითარების გამო ქუთაისში დაარსებულმა „ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა წრემ“ გასაბჭოების შემდგომ ვეღარ გააგრძელა საქმიანობა, თუმცა, თავად მისი დაარსების ფაქტი და საქმიანობის პირველი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის, ეკლესიისა და უშუალოდ ქუთაისის მეოცე საუკუნის დასაწყისის ქარტეხილებით აღსავსე ისტორიის ერთ-ერთ ფრიად საინტერესო ნაწილს წარმოადგენს და ასევე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქუთაისის, როგორც ქართული ეროვნული კულტურისა და საგანძურის ერთ-ერთი უპირველესი შემქმნელ-მოამაგის როლსა და მნიშვნელობას.
 
 ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები