ლუკა ასათიანი – პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის და ბათუმის პირველი არჩეული ხელმძღვანელი – ქალაქის თავი.
დაიბადა 1826 წელს, სოფელი ქვიტირში, ქუთაისის გუბერნია.
დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი. მუშაობა დაიწყო ბაქოს საოლქო სასამართლოს წევრად. სასამართლოში მუშაობის საკმაო გამოცდილების მქონე და პირადი თვისებებით დაჯილდოებული ახალგაზრდა ქუთაისში გადმოიყვანეს და საოლქო სასამართლოს წევრად დანიშნეს; შემდეგ ერევანში გადავიდა სამუშაოდ და გუბერნიის სამმართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს; მალე იგი ქუთაისში ოლქის სასამართლოს წევრად დანიშნეს; 1878 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თავად.
ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობა 1875 წელს დაფუძნდა და ხმოსან სტეფანე აკოფაშვილის კერძო სახლში დაიდო ბინა. ქალაქის თავად დაინიშნა ნიკოლოზ სამსონის ძე აბაშიძე, ხოლო 1978 წელს თვითმმართველობამ პირველი ქალაქის თავი აირჩია და ის იყო ლუკა ასათიანი. ქუთაისი იმ პერიოდში დიდ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა. 1888 წელს, როდესაც ლუკა ასათიანი ალესანდრე მესამეს შეხვდა, ამ სიტყვებით მიმართა მას: “ჩვენ არ გვაქვს ბათუმის ლაჟვარდი, ბაქოს ცეცხლი და თბილისის ოქრო, სამაგიეროდ ვფლობთ სიყვარულით სავსე გულებს და ეს ერთადერთია, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ”…
“1879 წელს ქალაქისთავმა ლუკა ასათიანმა სოფლის მსგავსი ქუთაისის ჩაიბარა, მაგრამ მან შეძლო მიეცა მისთვის ცოტად თუ ბევრად შესაფერი სახე“ – წერდა ქალაქის იმდროინდელი ხმოსანი ცნობილი ექიმი და მეცნიერი დიმიტრი ნაზარიშვილი.
XIX საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს დაიწყო ქუთაისის გაევროპელება და იგი ლუკა ასათიანის სახელს უკავშირდება. აშენდა ახალი სახლები, დაიგო ქუჩები, ქალაქი განათდა, გაუკეთდა ტროტუარები.
გაიხსნა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთა რიცხვი 90-იანი წლებისთვის 16-ს აღწევდა. მისი თხოვნით და დახმარებით, კოტე მესხმა ქუთაისში პირველი მუდმივი თეატრალური დასი ჩამოაყალიბა (1880 წ.).
1881 წ. აშენდა სამსონ თოფურიას სამკურნალო დაწესებულება, ვიტეშინსკისა და პეტრე-პავლე კოკოჩაშვილების აფთიაქები, სასტუმრო „ლონდონი“.
1884-85 წლებში აღადგინეს 1862 წელს ჩანგრეული ჯაჭვის ხიდი.
1892 წელს ლუკა ასათიანმა მხარი დაუჭირა ექიმთა საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც დიმიტრი ნაზარიშვილი ხელმძღვანელობდა.
ასათიანისა და გაბრიელ ეპისკოპოსის ერთობლივი ძალისხმევით 1882 წელს საფუძველი ჩაეყარა „პეტრე-პავლეს“ ეკლესიის მშენებლობას, რომელიც 1903 წელს დასრულდა.
1890-1893 წლებში აიგო ტაძარი, რომელსაც ამაღლების სახელი ეწოდა (საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია).
რკინის მესერით შემოიღობა ცენტრალური ბულვარი.
1895 წელს იგი ქალაქ ბათუმის თავად აირჩიეს. მან დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის განაშენიანებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშით და გრუნტით მოზვინვა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა. მისი პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა. ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას ლუკა ასათიანის სახელი აქვს მინიჭებული. 2013 წელს ბათუმში ლუკა ასათიანის ძეგლი გაიხსნა.
გარდაიცვალა 1901 წლის 9 ნოემბერს, 75 წლის ასაკში. დაკრძალულია სოფელ ზემო ქვიტირის მთავარანგელოზის ეკლესიაში.
კომენტარები