მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი ბერძნების სკოლა “ათინა”

ქუთაისელი ბერძნების სკოლა “ათინა”

ქართულ და ბერძნულ სივრცეებს შორის ურთიერთობა და კონტაქტი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იღებს სათავეს. ქართულ-ბერძნული ურთიერთობა ისტორიის ათასწლეულთა მანძილზე მრავალი ფორმით გამოვლინდა, რომელთა შორის იყო ბერძნული მოსახლეობის ჩამოსვლა და ცხოვრება ქუთაისში.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ქუთაისში ბერძნული თემი მცირერიცხოვანი გახლდათ და დაახლოებით ორასამდე ეთნიკურად ბერძენს ითვლიდა, თუმცა, ქუთაისში მათ გააჩნდათ პირველდაწყებითი ოთხკლასიანი სკოლა „ათინა“, სადაც ასწავლიდნენ როგორც ბერძნულ, ასევე ქართულ ენას და სხვა სასწავლო საგნებს ორივე დასახელებულ ენაზე. სკოლა “ათინას“ თავიანთი ფინანსური სახსრებით ინახავდნენ ქუთაისელი ბერძნები, რომლებიც ეკონომიკურად არც თუ მთლად შეძლებული იყვნენ. სკოლა “ათინაც“ გახსნილი იყო იმისათვის, რომ ქუთაისელი ბერძნების უმეტესობას უსახსრობის გამო არ გააჩნდათ შესაძლებლობა, რომ მათ შვილებს ესწავლათ გიმნაზიას და რეალურ სასწავლებელში.

1911 წლიდან სკოლა „ათინა“ განთავსებული იყო ქუთაისში, ფერმის ქუჩაზე და იმ დროისათვის სკოლას მხოლოდ ერთი ოთახი გააჩნდა, სადაც თხუთმეტამდე მოსწავლე იღებდა განათლებას. 1917 წელს ცნობილმა ქუთაისელმა საზოგადო მოღვაწემ ისიდორე კვიცარიძემ ქუთაისელ ბერძენთა სკოლა “ათინა“ შეიფარა თავის საცხოვრებელ სახლში (გაბრიელის ქუჩა # 3, ამჟამად ბაგრატის ქუჩა, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დამაკავშირებელი ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩა ბაგრატის საკათედრო ტაძართან). კვიცარიძემ სკოლას დაუთმო თავისი სახლის პირველი სართული. სკოლა “ათინას“ ისიდორე კვიცარიძე საკმაოდ აქტიურად დაუდგა გვერდით ფინანსური მიმართულებითაც, რის გამოც სასწავლებელს მიეცა შესაძლებლობა, რომ ეთნიკურად ბერძენი მოსწავლეები მიეღო არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ მთელი იმერეთიდან. მალე ქუთაისელ ბერძენთა სკოლაში გაიზარდა მოსწავლეთა საერთო რაოდენობაც და სკოლამ შეძლო, რომ ასამდე მოსწავლისთვის მიეცა სწავლა-განათლება (აქვე შევნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, წლების შემდეგ, მას შემდგომ, რაც საქართველოში დამყარდა რუსული ბოლშევიკური საოკუპაციო მმართველობა, 1937 წელს საყოველთაო ტერორისა და რეპრესიების ფარგლებში, საბჭოთა რეჟიმმა ცილისმწამებლური ბრალდებით დააპატიმრა და იმავე წელს დახვრიტა ისიდორე კვიცარიძე).

1918 წელს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქუთაისის თვითმმართველობა უკვე გარკვეული ფინანსური სახსრებით ეხმარებოდა სკოლა “ათინას“. თვითმმართველობა სკოლაში ქართული ენის მასწავლებელს უხდიდა გასამრჯელოს. ქალაქის სასწავლებლების ახალდანიშნული მეთვალყურე, ინსტრუქტორი სერგო თოფურიაც მეტ მხარდაჭერას აღუთქვამდა სკოლას, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მხრივაც.

სკოლის საქმიანობას წარმართავდა კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იყო ქუთაისელი ეთნიკური ბერძნებით, რომელთა შორის გახლდნენ ივანე პიშტოფიდი და მიხეილ კსტანტოპულო. „ათინა“ აქტიურად იყო ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. სკოლას გააჩნდა მოსწავლეთა სამოყვარულო თეატრალური დასი, რომელიც მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს, რასაც თითქმის ყოველთვის ესწრებოდა ასიდან ორასამდე მაყურებელი, ძირითადად ეთნიკური ბერძნები. სპექტაკლებისა და სხვა სახის საღამოების გამართვის შედეგად შემოსული თანხები ხმარდებოდა სკოლის განვითარებასა და კეთილდღეობას. ასევე, სკოლის ფინანსურ რეზერვში შედიოდა შეწირულობებიც. ფინანსურ შეწირულობებს სკოლისათვის ძირითადად აგროვებდა კულტურულ-საგანმანათლებლო წერე “სოფოკლი“, რომელიც თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ფოთში. ამ ქალაქებში იმხანად შედარებით მეტი რაოდენობით ცხოვრობდნენ ეთნიკური ბერძნები საქართველოს სხვა ადგილებისგან განსხვავებით. ქუთაისელ ბერძენთა სკოლა „ათინას“ მიერ დადგმულ თეატრალურ წარმოდგენებს შორის ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული იყო პერესიადისის დრამა „გოლფო“.

ქუთაისელი ბერძნები და მათი სკოლა „ათინა“ თანადგომას გრძნობდა საზოგადოებისგან, რომელიც თავის მხრივ იმჟამინდელ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებდა მეტი მხარდაჭერა და დახმარება აღმოეჩინა ქუთაისელი ბერძნების და მათი სასწავლებლისადმი. აღნიშნულს ადასტურებს გაზეთ “ჩვენს ქვეყანაში“ 1919 წლის 11 ოქტომბერს დაბეჭდილი სტრიქონები ქუთაისის ბერძნული სკოლის შესახებ, სადაც ვკითხულობთ: “ქუთაისის თვითმმართველობებს, ქალაქისაც და ერობისაც, მეტი ყურადღება მართებთ ძველიდანვე ჩვენში შემოხიზნული ბერძნების ეროვნული შკოლისადმი, სადაც ქართულის სწავლაც საპატიოთ შეიძლება დავაყენოთ თუ კი მას კარგად გამოცდილ ინტელიგენტ მასწავლებელს მიუჩენთ. აქვე შეიძლება იწარმოვოს ნაწილობრივ ქართული წარმოდგენების საქმემაც, რისთვისაც მას შენობის მოხდენილობაც ხელს უწყობს“, – წერდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“.

სკოლა “ათინამ“ იარსება საბჭოთა საოკუპაციო მმართველობის დამყარების პირველ წლებამდე, ხოლო შემდგომ, ბოლშევიკურმა რეჟიმმა მას აღარ მისცა შესაძლებლობა, რომ არსებობა გაეგრძელებინა, თუმცა, ქუთაისელ ბერძენთა სკოლა „ათინა“ და მისი არსებობის ისტორია ჩვენი ქვეყნისა და ქუთაისის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული და ჩამოსული ეთნოსების მიმართ შემწყნარებულ-მეგობრული დამოკიდებულების მატიანეს ერთ-ერთი ნათელი და ძვირფასი გამოხატულებაა.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

მთავარ ფოტოზე: ისიდორე კვიცარიძის სახლი ქუთაისში, გაბრიელის (ამჟამად ბაგრატის) ქუჩაზე, სადაც განთავსებული იყო ქუთაისელ ბერძენთა სკოლა “ათინა”. ფოტო დავით ხვადაგიანის

ფოტოზე: ისიდორე კვიცარიძე

კომენტარები