საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 1918 წლის აღდგენის შემდგომ ქვეყანაში კულტურულ-შემეცნებითი მიმართულებით არაერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. ზოგიერთი მათგანი იმჟამად ახალჩასახული ქართული დემოკრატიის განვითარების გამოვლენასაც წარმოადგენდა (განხილვის ცალკე თემას შესაძლოა წარმოადგენდეს კონკრეტული ესა თუ ის ფაქტი რამდენად რეალურად დადებითი შედეგების მომტანი იყო მაშინდელი ქართული დემოკრატიისათვის).
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი იყო 1919 წლის 1 მაისს ქუთაისში მუშათა კლუბ “ინტერნაციონალის” გახსნა.
კლუბს გააჩნდა დარბაზი, რომელიც ხუთასზე მეტი პერსონისთვის იყო განკუთვნილი. აქვე იყო სცენა, შედარებით მცირე მოცულობის, თუმცა ლამაზად გაწყობილი. კლუბის დარბაზი გამართული იყო კინემატოგრაფიაც.
კლუბის გახსნას საზოგადოების მრავალრიცხოვანი ნაწილი დაესწრო. გახსნის დღის პროგრამა წინასწარ, საგანგებოდ იყო მომზადებული. დამსწრეთა შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. წარმოითქვა არაერთი სიტყვაც, რომელშიც გამომსვლელები მიესალმნენ საზოგადოებისთვის საჭირო და სასურველი ამ დაწესებულების გახსნას. ქალაქის თვითმმართველობის სახელით სიტყვა წარმოთქვა ს. რობაქიძემ. სიტყვით გამოვიდნენ: დრამატული საზოგადოების სახელით – ივანე პურადაშვილი, სახალხო უნივერსიტეტის სახალხო საზოგადოების თავმჯდომარე ალექსანდრე გარსევანიშვილი.
მუშათა კლუბ “ინტერნაციონალის” გახსნას ამშვენებდა და მუსიკალურად აფორმებდა სამხედრო ორკესტრი, რომელიც ყოველი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ასრულებდა მელოდიას “მარსელიეზა“. ამგვარად დასრულდა კლუბის გახსნის პირველი განყოფილება, ხოლო მეორე განყოფილებაში გამოვიდა ლოტბარ კავსაძის მიერ მომზადებული მგალობელ მუშათა გუნდი, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მესამე განყოფილებას კი წარმოადგენდა დეკლამაცია, რომელზეც წაიკითხეს სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებები, ხოლო ზოგიერთმა გამომსვლელმა თავისი ლექსიც წაუკითხა იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომელიც ყოველ გამომსვლელს ოვაციებით და გულმხურვალე ტაშის დაკვრით აჯილდოებდა.
საღამოს დასასრულს სახალხო უნივერსიტეტის სახელით სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრე გარსევანიშვილმა, რომელმაც ამგვარად დაასრულა თავისი გამოსვლა (სტილი დაცულია):
“მოგილოცავთ ამ იშვიათ დღესასწაულს! სულით და გულით ვუსურვებ მუშათა კლუბს „ინტერნაციონალს“ წინსვლას ქართველ დემოკრატიის საკეთილდღეოთ. ამასთანავე ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვსთქვამ ჩემ გულითად სურვილს – არ დაივიწყოს ჩვენს დემოკრატიამ თავისი ტურფა სამშობლო, შეისწავლოს იგი ყოველ მხრივ.
მოქალაქენო! მუდამ გახსოვდეთ მგოსნის სიტყვები: “ქვეყანა რომ დაიაროთ, გადალახოთ მთა და ბარი, სამშობლოზე ტკბილი მხარე არსად არი, არსად არი!..“ დიახ, თქვენ უნდა ჯერ სავსებით შეიგნოთ სამშობლოს იდეის სიძლიერე, განიმსჭვალოთ მისი სიდიადით და მაშინ უფრო ადვილათ შეითავსებთ ინტერნაციონალის მნიშვნელობასაც…
მაშ, გაუმარჯოს ქართველ ერს და ხალხთა შორის ძმობას!.. გაუმარჯოს შეგნებულ ერთობას და მტკიცე სოლიდარობას!“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მუშათა ქუთაისურ კლუბ “ინტერნაციონალის“ გახსნაზე ალექსანდრე გარსევანიშვილმა.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები