მთავარიახალი ამბებისლაიდი

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან მიიღო შეთავაზება, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.

მან მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებს, ასევე ოჯახს და მომავალ პრემიერს წარმატებები უსურვა.

“მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ.

ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობაც, თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობასა და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. მინდა, თანამდგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედია, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

კომენტარები