მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ფეხაკრეფით მოფარფატე “სულების მბრძანებელი”…

ფეხაკრეფით მოფარფატე “სულების მბრძანებელი”…

ხომ ამბობენ, რომ თეატრში სულები აგრძელებენ ცხოვრებას? ეს ფრაზა მესმოდა სულ..  და თუ მართლა ამას ვიჯერებთ, მაშინ ჩემი ბლოგის პერსონაჟი, სწორედ ამ ბუმბერაზი სულების სავანეში ცხოვრობს, წარსულის დიდებას დამსგავსებული სიჩუმით..

ჭრიალით შევაღე მძიმე, მაღალი კარი. ამის იქით უკვდავების სუნი გცემს. გრძელი ხალიჩის თავში, შიშველ და დიდ, სტალინურ ფანჯარასთან პატარა მაგიდა დგას გახსნილი ლეპტოპით და გარშემო საქაღალდეებით. ლეპტოპის იქით, კი კონტრაჟურში, გამჭვირვალე სილუეტია, რომლისგანაც, მიახლოვებამდე, სუნთქვის ხმაც არ მოდის. ისაა, – ფრთხილი და ფეხაკრეფით მოფარფატე „სულების მბრძანებელი“.. თეატრის წარსულის მესაწყობე და მეხოტბე. თავისებურად. სულის სიღრმიდან მოლაპარაკე კი არა, მოჩურჩულე ქალბატონი. თითქოს შეხების გეშინია, არ გაქრეს თვითონ და ისიც, რაც მისი ხელით დალაგებულ მეხსიერებასთან გაკავშირებს..

ამ დიდ ოთახში სამრიგად გრძელი, ჭერამდე ასული თაროები და თაროებზე ფერდაკარგული საქაღალდეებია ერთმანეთის მიჯრით, მასშივე ჩატოვებული ადამიანების ბედისწერებით, საავტორო ან უავტორო  ესკიზებით, სახელიანი ან უსახელო გაცრეცილი პარტიტურებით, 1500-ზე მეტი დადგმული ან დაუდგმელი პიესით.. ბობოქარი რეჟისორების, მსახიობების, მხატვრების და კომპოზიტორების თარიღდასმული „პასპორტებით“, მოკლე ფრაზებს იქით რომ იტევენ კულისებში და დროში დაღვინებულ ქარბუქს, ინტრიგებს, შემოქმედებას, წვალებას, ტკივილს, სიამოვნებას, ტრიუმფს, შეუმჩნეველ ტალანტს, შეუმდგარ კარიერას, გამართლებას, შემთხვევითობას და ბოლოს, სიკვდილს.

ქალბატონი ციცოა ამ საუფლოს ჯადოსნური დამლაგებელიც და დიასახლისიც. ვის ხმასაც უნდა, იმის ხმას და ფერს ამოუშვებს წარსულის დიდებიდან. ასე, გახსნის შენს თვალწინ ტანსრულ საქაღალდეს და ამოიბურცება ფერადი ეპოქა, მკაფიო სახის პერსონაჟებით პირამდე სავსე, ბედნიერი და უბედური ტექსტებით, ჩანიშვნებით, ხელმოწერებით, ანშლაგებნაგულისხმები სპექტაკლების  ყვითელი აფიშებით, რომელსაც ათეულობით თაობის სახელი და გვარი მოჰყვება.. ალბათ, ესეცაა თეატრის სულების ახალი სიცოცხლე, დროებითი, წამიერი, მაგრამ არაჩვეულებრივი.

<< ზოგ „პაპკას“ გახსნი და მაშინვე დახურავ. არაა საინტერესო. ზოგს გახსნი და ორი დღე ვეღარ მოშორდები>> – მითხრა და ერთი ასეთი ჩემს თვალწინ გადახსნა. ყველაზე ძველი ამბების “პაპკა“ – 1938 წლის!  და ქალბატონი ციცოს ერთი ხელის მოძრაობით, ერთი საოცარი სეზონის მთელი კალეიდოსკოპი სახეში შემომეყარა- ჩვენი მზისფერი თეატრის აგებამდე თითქმის 20 წლით ადრეული. 1938 წელი: სამი თეატრალური სეზონის გამოტოვების შემდეგ, კომუნისტური პარტიის ქუთაისის ქალაქკომის ინიციატივით, ამ წელს ჩვენი თეატრი აღდგა და სამხატვრო ნაწილის გამგედ, ანუ თანამედროვე ენაზე სამხატვრო ხელმძღვანელად, დოდო ანთაძე დაინიშნა. სამი წლით პულსშეჩერებულმა ქუთაისის თეატრმა თავიდან დაიწყო  სუნთქვა. რამდენიმე ძველ მსახიობთან ერთად მოვიდნენ გამოუცდელი, ნიჭიერი ახალგაზრდები – მეგრელიშვილი, აბესაძე, ღვინიაშვილი, გელაშვილი, გვენცაძე, კოკელაძეები, ნაცვლიშვილი, ციციშვილი, კიკნაძე..  მოვიდნენ თეატრში მაშინდელ, ხარაზიშვილების შენობაში, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო: წყალი ჩამოდიოდა, კედლები ირყეოდა, დამხმარე სათავსოებში  უკვე რესტორნის სუნი იდგა. ბუტაფორია, კოსტუმები, რეკვიზიტები – გაპარტახებული დახვდათ და მაინც, იმავე სეზონზე, 9 პრემიერა ითამაშეს!!! 9 პრემიერა – მსოფლიო კლასიკაც და თანამედროვე დრამატურგიაც. ლადო კეცხოველიც და ოტელოც! ღმერთო, რა სასწაულია!!! ქალბატონი ციცოს ფურცელ-ფურცელ აწყობილი საქაღალდედან 1938-1939 წლების, აღდგენილი და თავიდან შეკოწიწებული ქუთაიასის თეატრის, მთელი სეზონის თავბრუდამხვევი ფოიერვერკი ამოიფრქვა..

რა ძალა აქვს არქივს!

ეს, ყველაზე კარგად, ჩემი ბლოგის მასპინძელმა იცის.

ციცო ხელაძე, ჩვენი “სულების მომწესრიგებელი“,  ბატონ ჯეირან ფაჩუაშვილის დროს მივიდა მესხიშვილის თეატრში. მაშინ სპექტაკლების ბილეთების რეალიზაციაზე ზრუნავდა. ასე, მოკრძალებულად დაიწყო. მერე უცებ თეატრის ფონდს (ახლა რომ მუზეუმს ვეძახით და მანამდე მცირე სცენის ფლიგელი ეჭირა) შტატი გაუჩნდა. ციცო თეატრის მეორე სადარბაზოდან ბოლო სართულზე აიყვანეს და ფოტოს-ესკიზის-ნოტის-ნახატის-აფიშის-პიესის-ჩანიშვნის-სტატიის-როლის-ბიოგრაფიის ფურცლებად და ფურცლის ნაწილებად წლობით ნაგროვები „მთები“ მიაბარეს. ქაოსიდან წესრიგის დასამყარებლად.. შეშინდა. ალბათ, მაშინაც ასე ფრთხილი და ჩუმი იყო, კრძალვიანი. იფიქრა, ვერ გავწვდებიო, მაგრამ მოერიდა თქმა. და, დაიწყო! დაიწყო უწესრიგო ისტორიასთან არათანაბარი შეჭიდების უცნაური ლტოლვა, პერიოდულად – საოცარი აღმოჩენებით! გატაცებით, თავდადებით, დაუზარელი და დროში დაუსრულებელი.

მერე, როცა იფიქრა, რომ “მთები“ ჩამოშალა, ადგილის გამოცვლა მოუწია. თითქმის სიზიფეს შრომა. ესეც გაიარა!

იხსენებს, თამაზ მარგველაშვილი მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ჩვენთან შემოიხედა, ქეთი მამუკელაშვილი მოინახულაო. როცა შეგვხედა რა დღეში ვიყავით ახალმოსახლეობით, გვითხრა, წერილი შემოიტანეთ და რაც შეგვიძლია, მოგეხმარებითო. ასეც ვქენით. ქეთიმ წერილი გააკეთა და ბატონმა თამაზმა სიტყვა შეასრულა. რა წესრიგსაც აქ ხედავ, ეს მისი დამსახურებააო: თაროები, უზარმაზარი კარადები, მაკეტების განსათავსებელი სივრცეები და ყველა ის დამხმარე ინვენტარი, რაც ახლა მესხიშვილის თეატრის ისტორიას ქალბატონი ციცოს წესრიგით იტევს..

ვუყურებდი ამ საოცარ ქალს და ვგრძნობდი, არ მყოფნიდა მასთან ერთხელ სტუმრობა. ვუსმენდი და თან მის თითებს ვეფერებოდი მზერით – რამდენი შეძლო, რამდენი ამბავი დაალაგა მომავლისთვის. თვითონაც ასეთია, აწმყოსა და წარსულს შორის გარჩენილი ესთეტიკით, მეტყველებით, ზეაწეული მგრძნობელობით, მაგრამ ძუნწი. მანამდე უფრო მიკვირდა მის სიტყვებში ეს „ეკონომია“. მერე უფრო ბევრი ვიგრძენი: სხვა სამყაროს ზღვარზე ცხოვრობს წლებია უკვე, ულამაზეს ზღვარზე, რომელიც თვითონ დააწესა. ამ დიდ ფანჯრებიან, ხახადაღებულ ოთახში იმ სულებთან ერთად ცხოვრობს, ჩვენ რომ გენიოსებს ვეძახით. უნდა – გააღვიძებს წარსულის ქარბუქს, უნდა – არა. სულების მბრძანებელივითაა. შესაშური საქმის შემოქმედი.. ასე, სუნთქვაშეკრულივით დადის ნიჭების საუფლოში. ეტრფის ძველი სპექტაკლების სცენოგრაფიას, უნიკალური თეატრალური მხატვრების შემოქმედებას, სრულქმნილ მაკეტებს, ვახვახიშვილის პარტიტურებს, ელენე ახვლედიანის და ლაპიაშვილის მსუყე ესკიზებს, დიდ არტისტებს საკუთარი ხელით დატეულ საქაღალდეებში და რეჟისორებს, ეპოქებს რომ ქმნიდნენ და მის თაროებს  წელს უზნიქავდნენ.. ის ტაში უყვარს და სავსე დარბაზები, გაყვითლებული აფიშების პოლიგრაფიას რომ ამოჰყვება მზეზე გადაშლით, მისი ოთახის დიდ, შიშველ ფანჯრებთან..

მდგმურად დავდგებოდი მის სამყაროში, სიამოვნებით…

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები