მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტანვარჯიშის საზოგადოება “შევარდენი” ქუთაისში

ტანვარჯიშის საზოგადოება “შევარდენი” ქუთაისში

1918-1922 წლებში საქართველოში არსებობდა ტანვარჯიშის საზოგადოება “შევარდენი“, რომელიც 1918 წლის 25 აგვისტოს დაარსდა თბილისში. ხსენებული საზოგადოება მიზნად ისახავდა “ტანვარჯიშობის ფართო გავრცელებით გაეძლიერებინა საქართველოს ფიზიკური და სულიერი სიმტკიცე. აღეზარდა საქართველოს ღირსეული შვილები; განევითარებინა მათში ვაჟკაცობა, მედგრობა, გამბედაობა, სიმარდე და ტანის სისხარტე; აგრეთვე ჩაენერგა შეგნება წესმორჩილებისა, მოვალეობისა, ძმობა-ერთობა-თავისუფლებისა და გრძნობა სიმშვენიერისა“.

1919 წელს აღნიშნული საზოგადოება ასევე დაარსდა ქუთაისში, სადაც საზოგადოება „შევარდენის“ დამფუძნებელი კრება გაიმართა 1919 წლის 5 ოქტომბერს. იმავე დღეს ქუთაისს ესტუმრნენ თბილისიდან ჩამოსული “შევარდნები“ გიორგი ეგნატაშვილის თავმჯდომარეობით, რომლებმაც ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის (ამჟამინდელი ქუთაისის # 1 საჯარო სკოლა) ეზოში წარმოადგინეს რამდენიმე ნომერი თავისუფალი ტანვარჯიშიდან. გაიმართა ქართული ჭიდაობა, ინგლისური ხელთაკრივი, გირების აწევა. ამ დღეს სპორტულ ღონისძიებებში ქუთაისელთა მხრიდან განსაკუთრებით თავი გამოუჩენია ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის  სასწავლებლის (ამჟამინდელი ქუთაისის # 3 საჯარო სკოლა) ტანვარჯიშის მასწავლებელ დავით ჯავრიშვილს, რომლის მოღვაწეობის მიმართ დიდ იმედებს ამყარებდა ქუთაისის „შევარდენის“ საზოგადოება. დავით ჯავრიშვილი გახლდათ ქუთაისის “შევარდენის“ ვარჯიშთავი.

ქუთაისის „შევარდენის“ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს თბილისის „შევარდენის“ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, პოლკოვნიკი კაკაბაძე, ხოლო მდივნად – ალექსანდრე თორაძე. პოლკოვნიკმა კაკაბაძემ მიმოიხილა “შევარდენის“ საზოგადოების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა მისი არსებობის აუცილებლობას საქართველოს ყველა მხარეში, განსაკუთრებით კი ქუთაისში.

იმავე დღეს გაიმართა ქუთაისის „შევარდენის“ საზოგადოების გამგეობის არჩევნები. გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს კ. სულაქველიძე, ხოლო მის მოადგილეებად: ჩხენკელი, მისაბიშვილი, ჯავრიშვილი. ასევე აირჩიეს საბჭო ცხრა წევრის შემადგენლობით და მათი სამი მოადგილე. აღნიშნულ კოლეგიაში იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: ტრიფონ ჯაფარიძე, გრიგოლ გველესიანი და სხვანი.

ქუთაისის “შევარდენის“ დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა მიმართვა, რომელიც გაუგზავნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას. ხსენებულ მიმართვაში ვკითხულობთ:

“ქუთაისის „შევარდენთა“ საზოგადოების დამფუძნებელი კრება, თავისი მრავალრიცხოვანი შემადგენლობით, მხურვალე სალამს გიძღვნით თქვენ, როგორც უზენაეს წარმომადგენელს საქართველოს რესპუბლიკისა, რომლისთვისაც ახლად დაარსებული საზოგადოება მიზნად ისახავს აღზარდოს ჯანით საღი და სულით მრთელი თაობა“, – აღნიშნული იყო მიმართვაში რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისადმი.  ასევე, კრების მიერ შესაბამისი დეპეშა გაეგზავნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს.

ქუთაისში ღონისძიების დასასრულს „შევარდენის“ წევრმა ახალგაზრდებმა შეასრულეს გიორგი ეგნატაშვილის მიერ შედგენილი ახალი, განსაკუთრებული და საუცხოო სილამაზის თავისუფალი სიმბოლური მოძრაობა „საქართველოს ვარსკვლავი“, რომელსაც დამსწრეები აღუფრთოვანებია.

საზოგადოება „შევარდენი“ აქტიურად და შემართებით საქმიანობდა მთელ საქართველოში, მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო ამ საზოგადოების საქმიანობა ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის „შევარდენს“ გააჩნდა თავისი პერიოდული ბეჭდური გამოცემა „შევარდენი“.

ტანვარჯიშის საზოგადოება „შევარდენი“ გარდა სპორტული მიმართულებისა, ასევე მიზნად ისახავდა მომავალი თაობების ეროვნულ აღზრდასა და მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას, რომელიც ოფიციალურად იყო ჩაწერილი აღნიშნული საზოგადოების წესდებაში.

1921 წელს, სამწუხაროდ, საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველო. ბოლშევიკურმა საოკუპაციო რეჟიმმა თავის ურიცხვ მავნებლურ ქმედებას შორის, ასევე ეტაპობრივად შეზღუდა “შევარდენის“ საქმიანობა. საბჭოთა რეჟიმისათვის მიუღებელი იყო “შევარდენის“ არსებობა, ვინაიდან თავის მხრივ ბოლშევიკებს ხსენებული საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივად მიაჩნდათ, გამომდინარე მისი ქართული ეროვნული და სპორტული საქმიანობისა. 1922 წლის 3 ნოემბერს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით საზოგადოება “შევარდენი“ გაუქმდა, თუმცა მისი არსებობა და მოღვაწეობა-საქმიანობის ამსახველი ცნობები და ქრონიკები წარუშლელად დარჩა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიაში.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ფოტო-ამონარიდები საქართველოს შევარდენთა კავშირის ჟურნალის 1920 წელს ქუთაისში გამოსული ნომრიდან

კომენტარები