ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.
პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა შეეფარდა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
კომენტარები