მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცნობილია იმ ახალგაზრდის ვინაობა, რომლის სავარაუდო ცრუ შეტყობინების გამო ასობით მგზავრს ქუთაისში დაბრუნება მოუწია

ცნობილია იმ ახალგაზრდის ვინაობა, რომლის სავარაუდო ცრუ შეტყობინების გამო ასობით მგზავრს ქუთაისში დაბრუნება მოუწია

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების სავარაუდო ავტორი 27 წლის გიორგი ზარნაძეა. ბრალდებულმა დუმილი დღეს პირველად სხდომათა დარბაზში, მოსამართლის წინაშე დაარღვია. მას თავის მართლება იმ ფოტოების გამო მოუწია, რომელიც გამოძიებამ ტელეფონში აღმოუჩინა. საუბარია ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ განსახორციელებელი რეისების ამსახველ ინფორმაციაზე, რომელიც დაკავებულს ჰქონდა შენახული.

დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ინტერესების დამცველი კი, დღეს გიორგი ზარნაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოსამართლეს 20 000-ლარიან გირაოს სთავაზობდა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და დაკავებული წინასწარ ორთვიან პატიმრობაში გაუშვა.

ზარი ქალაქ ქუთაისიდან უნგრეთში 14 თებერვალს განხორციელდა. ახალგაზრდა მამაკაცმა კომპანია Wizz Air-ის ქოლცენტრის თანამშრომელს შეტყობინება გადასცა – ინფორმაცია მათ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ავიაკომპანიამ დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით მიფრინავდა, საწყის წერტილში დააბრუნა.

საქმეში სამართალდამცველები, კინოლოგები და გამნაღმველები ჩაერთნენ. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე გამოძიება გრძელდება. 27 წლის გიორგი ზარნაძეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“რუსთავი 2”

კომენტარები