მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

25 თებერვალს ვედეკინდის ქვა ქუთაისის აეროპორტში ჩამოვა

25 თებერვალს ვედეკინდის ქვა ქუთაისის აეროპორტში ჩამოვა

25 თებერვალს, გამთენიისას, ვედეკინდის ქვა ქუთაისის აეროპორტში ჩამოვა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ გვენეტაძე წერს.

“ჰერმან ვედეკინდი დაიბადა 1910 წლის 18 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ კოსფელდში, აღიზარდა მკაცრი კათოლიკური და პრუსიული პრინციპებით. “სიყვარულის ნაცვლად მშობლებისგან მახსოვს სიმკაცრე და წესრიგი. წესრიგი კი სიყვარულის გარეშე დიქტატურაა“, – ამბობდა ჰერმანი.

ბრმა მორჩილება, შიში, სამშობლოს სიყვარული – მისი აზრით სწორედ ეს იყო გერმანული ნაციზმის მიზეზი. ის მხოლოდ თეატრში ხედავდა თავისუფლებას, სადაც ყოველთვის მთავარი როლის შესრულება სურდა. ამ მიზეზით მან დამთავრებამდე ორი კვირით ადრე მიატოვა გიმნაზია და მას შემდეგ თეატრის განუყოფელი ნაწილი გახდა – როგორც ტენორი, მსახიობი, რეჟისორი და ინტენდანტი. 1934 – 1943 წლებში მუშაობდა ბერლინის გერმანულ თეატრში, შემდეგ დანციგში, ბონში, ბაზელში და 1960 წლიდან ზაარბრიუკენის თეატრში.

აქ მან 1968 წელს მოაწყო რუსეთის თეატრის დღეები – ეს იყო რუსებისა და გერმანელების პირველი მასობრივი შეხვედრა ომის დამთავრების შემდეგ. 1972 წელს გოსკონცერტმა ის მოსკოვსა და ლენინგრადში მიიწვია. მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ე.ფურცევამ მას კიდევ ერთი ქალაქის მონახულება შესთავაზა. მან „ყველაზე თბილი ქალაქის სტუმრობა“ მოისურვა და სანამ მოსკოველ ფუნქციონერებს უხსნიდა, რომ „ხელოვნებას არა აქვს საზღვრები, ხელოვნება აახლოებს ადამიანებს“, ის თვითმფრინავში ჩასვეს და თბილისში გამოისტუმრეს.

“თბილისში ვიპოვე ჩემი სახლი, ვიპოვე ის, რაც გერმანელებმა დიდი ხანია დავკარგეთ – ღია გული, სტუმართმოყვარეობა და „Homo ludens“ – მოთამაშე ადამიანი – ნამდვილი განძი ოპერის რეჟისორისთვის. მისი უშუალო ინიციატივით 1973 წელს ზაარბრიუკენის თეატრში დაიდგა ზ.ფალიაშვილის „დაისი“, „ლოენგრინის“ პრემიერა თბილისში, საქართველოს დღეები ზაარლანდში 1974, 1977 და 1984 წლებში, მეგობრობის ხელშეკრულება თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის 1975 წელს, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ თბილისში 1975 წელს, „აბესალომ და ეთერი“ ზაარბრიუკენში, ზაარბრიუკენის დღეები საქართველოში 1976 წელს, მეგობრობის ხელშეკრულება საქართველოსა და ზაარის მხარეს შორის 1985 წელს.

“კაპიტალისტური“ გერმანიის და „სოციალისტური“ საქართველოს მოქალაქეები პირველად ხვდებიან ერთმანეთს – ცივი ომის ყველაზე რთულ პერიოდში – და ასკვნიან, რომ ისინი თურმე ერთმანეთისათვის საშიშროებას არ წარმოადგენენ…

1978 წელს ზაარბრიუკენის შილერის მოედანს თბილისის მოედანი ეწოდა… გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო.
უაღრესად საინტერესოა 1981 წელი! ჰერმან ვედეკინდმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში დადგა ფ. დიურენმატის პაციფისტური პიესა „ფიზიკოსები“ – საბჭოთა ჯარის ავღანეთში შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ… სწორედ აქ ხედავდა ჰერმან ვედეკინდი საკუთარ ისტორიულ მისიას: როდესაც ძლიერნი ამა ქვეყნისა სამყაროს ანგრევენ, ხელოვნება გვევლინება კაცობრიობის მხსნელად!

მაშინ ეს გზავნილი ბევრმა ვერ გაიგო, ვერც მე…

შემდეგ დადგა 1989 წლის 9 აპრილი, მეგობრობა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, სამოქალაქო ომი, ნგრევა…

ვედეკინდი ხელოვნებას უპირისპირებს ამ მოვლენას და 1993 წელს ქუთაისში ჩამოდის – დგამს ბეთჰოვენის ოპერას „ფიდელიო“, რომელიც 1994 წლის 3 ივნისს პირველად აჟღერდა ქუთაისის ოპერის თეატრში. შილერის „სიხარულის ოდა“, ანუ დღევანდელი „ევროპის ჰიმნი“ სწორედ მაშინ გაჟღერდა პირველად საქართველოში.

საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ შემდეგი სახით გამოხატა მისი დამსახურება: – ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, თუ როგორ დაინგრა ბერლინის კედელი. მე ვიტყოდი, რომ ეს პროცესი თქვენ დაიწყეთ…

ვედეკინდის უკანასკნელი სურვილი იყო, რომ მისი ისტორია წიგნად გამოცემულიყო. მე მას ეს სურვილი შევუსრულე…

წიგნის პირველი გვერდის თარგმანი:

ჩვენ, ისინი ვინც მეორე მსოფლიო ომს გადავურჩით, ვალდებულები ვართ, დღევანდელ თაობას, მთელს მსოფლიოს, ხელოვნების საშუალებით ისე შთამბეჭდავად დავანახოთ ომის საშინელება, რათა ის აღარ განმეორდეს. მე ჩემი მთელი ენერგიით ვემსახურებოდი მეგობრობის იდეის განხორციელებას. მე მიზნად დავისახე მშვიდობის მომხრეთა გამრავლება… არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვანი მოწოდებულია მისი ხელოვნებით გადალახოს წინაღობები და ააგოს მეგობრობისა და ურთიერთგაგების ხიდები.

ცხოვრება უამრავი წვრილი ფულადი მონეტასავითაა. კაპიტალს ის დააგროვებს, ვისაც მისი აკრეფის უნარი შესწევს.
სიტყვები კოსმოსს უერთდებიან და შემდეგ უკან გვიბრუნდებიან როგორც ცის ნამი! ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ. ის მდინარეს უერთდება, შემდეგ ზღვაში გადის და ან ამღვრევს მას, ან თვითონ იწმინდება მისგან, და შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, სიყვარულის ზღვას შეუერთდება როგორც ღვთიური წყარო. ხოლო სიტყვა კი, რომლის სიმხდალის გამო არ ითქვა, კისერში იწყებს ხრწნას.

“ჩემი აზრების ნაკადი არ წყდება”, ამბობდა 85 წლის ჰერმან ვედეკინდი. „ცუდია, რომ წერა არ მიყვარს, სამაგიეროდ, ლაპარაკი მიყვარს და მანამდე ვილაპარაკებ გაუჩერებლად, სანამდე უფალი ღმერთი არ მეტყვის: მოკეტე, ჰერმან!“

1998 წლის 16 იანვარს ჰერმანი მართლაც “დადუმდა…“ ის დიდი პატივით ვადერნის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის საფლავს დიდხანს ამშვენებდა ქვაზე ამოკვეთილი მისი საყვარელი გამოთქმა: Kunst kennt keine Grenzen, Kunst führt die Völker zusammen!“

… ეს გრამატიკული შეცდომა არაა! დიახ, ამშვენებდა! იმიტომ რომ გასულ წელს, გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მისი საფლავი გაუქმდა, აღარ არსებობს…

საფლავს აქ ოჯახი პატრონობს. მთავრობა დგამს ძეგლებს – ჰოდა, დაუდგეს კიდეც ზაარბრიუკენის თეატრის გვერდით სტელა. ჰერმანის ვაჟმა, მიხეილმა კი ის ქვა მე გადმომცა. მე კი ვიცი, თუ სადაა ამ ქვის ადგილი…
25 თებერვალს, გამთენიისას, ვედეკინდის ქვა ქუთაისის აეროპორტში ჩამოვა!”, – წერს თამაზ გვენეტაძე.

კომენტარები