საყოველთაოდ აღიარებული და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პოეტი აკაკი წერეთელი 1904 წელს ავად გახდა.
აღნიშნულის შესახებ გაზეთი ივერია წერდა: “აკაკის ავადმყოფობას ჯერჯერობით ის ცვლილება დაეტყო, რომ მარჯვენა ლოყაზე სიმდაბლის ნიშნებმა გაუარა. თვალის მდგომარეობა კი ისევ ძველებურად დარჩა. ამ მოკლე ხანში ცვლილება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. საერთოდ ავადმყოფის ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მოითხოვს დამშვიდებულ ცხოვრებას და მუდმივ წამლობას.
ექიმები: მიხეილ გედევანიშვილი, ს. ვირსალაძე, ვ. მანსვეტოვი, ვ. მუსხელაშვილი, ვ. ღამბაშიძე“, – იუწყებოდა გაზეთი „ივერია“ 1904 წლის ნოემბერში.
დიდი მგოსნის გამოჯანმრთელების მიზნით “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ დაარსდა „აკაკის ფონდი“, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან სწირავდნენ თანხებს აკაკის მკურნალობისათვის.
აკაკი წერეთლის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურნენ ქუთაისშიც. გაზეთ „ივერიის“ ცნობით: “ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის აკაკის ავადმყოფობამ მწუხარების ალი აანთო მთლად იმერეთის მკვიდრთა შორის, სადაც მისის ნიჭისა და ღვაწლის თაყვანისმცემელნი შეიკრიბნენ“, – წერდა გაზეთი „ივერია“.
1904 წლის 8 ნოემბერს ქუთაისში შეიქმნა კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფდა ქუთაისსა და მთელი იმერეთიდან შეწირულობათა შეგროვებასა და გაგზავნას “აკაკის ფონდისათვის“, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნოდა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ და შეწირულობებს იღებდა ხსენებული საზოგადოების გამგეობა.
“აკაკის ფონდის“ კომიტეტმა ქუთაისში თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად დაისახა, რომ აკაკის „ ჩემი თავგადასავლის“ დაბეჭდილი ეგზემპლარების შესაძლებლობათა ფარგლებში დიდი რაოდენობით გაყიდვა ხალხში, რათა აქედან შემოსული თანხა მიეწოდებინათ დასნეულებული მგოსნისთვის.
“აკაკის ფონდის“ ქუთაისის კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ს. ბახტაძე, თ. ხუსკივაძე, სამხედრო ექიმი გ. ქორქაშვილი, რ. კანდელაკი, ნაფიცი ვექილი ა. საყვარელიძე. აღნიშნულმა კომიტეტმა მიზნად დაისახა, რომ ვაჭართა და ქალთა საზოგადოებრივი წრეებისათვის მოეწოდებინათ, რომ მათაც შეექმნათ მსგავსი კომიტეტები “აკაკის ფონდისათვის“.
მგოსნის გამოჯანმრთელების მიზნით ქუთაისის კომიტეტმა აგრეთვე განიზრახა, რომ აკაკის მკურნალობისათვის შეწირულობათა გაღების თხოვნით მიემართა თავად-აზნაურთა ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭოსათვის და ასევე სხვა დაწესებულებებისათვის.
„აკაკის ფონდის“ ქუთაისის კომიტეტი იტყობინებოდა: „გადაეცით ჩვენი, იმერეთის შვილთა, გულწრფელი სალამი ავადმყოფ მგოსანს აკაკის. სრულს ჯანმრთელობასა და მალე განკურნებას ვუსურვებთ ჩვენ, მისის ნიჭისა და ღვაწლის ქუთათურნი თაყვანისმცემელნი“, – აღნიშნული იყო კომიტეტის მიმართვაში.
აკაკის გამოჯანმრთელებისათვის მზრუნველმა ქუთაისის კომიტეტმა შექმნის დღესვე საკმაო რაოდენობის თანხა შეაგროვა, რაც შემდგომშიც გაგრძელდა და ეს ყოველივე იგზავნებოდა მგოსნის სამკურნალოდ შექმნილ ფონდში.
1904 წლის ნოემბერშივე გაზეთი “ივერია“ წერდა: “ჩვენი საყვარელი მგოსანი აკაკი ამჟამად გაცილებით უკეთ არის. ის ხმა, ვითომ არავის უშვებდნენ სანახავად, ტყუილია“, – ვკითხულობთ გაზეთ “ივერიის“ მიერ აკაკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაბეჭდილ სტრიქონებში.
აკაკი წერეთელი იმჟამად გამოჯანმრთელდა და მას შემდგომ კიდევ თერთმეტი წელიწადი იცოცხლა, ხოლო აკაკის იმჟამინდელი მკურნალობის საქმეში ქუთაისში არსებულმა კომიტეტმა ეკონომიკური მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
ფოტოზე: აკაკი წერეთელი ქუთაისში, სასტუმრო “გრანდ ოტელთან”, რაჭა-ლეჩხუმში გამგზავრების წინ, 1912 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
კომენტარები