მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლიციელს მეუღლის ცემას, სიცოცხლის მოსპობისა და სახლის გადაწვის მუქარას ედავებიან

პოლიციელს მეუღლის ცემას, სიცოცხლის მოსპობისა და სახლის გადაწვის მუქარას ედავებიან

ძალადობასა და მუქარის ფაქტებზე მხილებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მის წინააღმდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ცოლმა მიმართა.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

დაცვის მხარე გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს, ბრალდების მხარე კი პატიმრობას ითხოვს.

“ჯერ ბრალი არის მხოლოდ წარდგენილი, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. სამსახურში იმყოფება, ბრალი აქვს მხოლოდ წარდგენილი”, – აცხადებს ადვოკატი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ  სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სამართალდამცველს ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს”, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები