მთავარიახალი ამბები

ყველა ერთად – სცენაზე / ანტისნობური თეატრი

ყველა ერთად – სცენაზე / ანტისნობური თეატრი

ამ პიესაზე ჯერ კიდევ მაშინ ვიცინე ძალიან ბევრი, როცა მისი თეატრალიზებული კითხვა მოვისმინე კონკურსის “ქართული დრამატურგია – ქართული თეატრის საფუძველი“ ფინალში. ის პროექტის გამარჯვებული გახლდათ.

სხვადასხვა წლებში, თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი  კონკურსის “საუკეთესო თანამედროვე პიესა” მთავარი პრიზის ოთხგზის ლაურეატის, ევრაზიის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის გრან-პრის, “ედინბურგის ოთხი ვარსკვლავის”, “საბას“ და კიდევ სხვა ბევრი პრემიის და ჯილდოს მფლობელის, კინო სცენარისტის და დრამატურგის თამარ ბართაიას ეს ტექსტი, სოციალური სივრციდან ამოკრებილი ნამდვილი „მარგალიტებია“ ქსელური პათოსით და ეროვნული თვითირონიით. თუმცა, “ეროვნული“ აქ სრულიად ზედმეტი სიტყვაა, ალბათ. უფრო – საერთო სახალხო თვითდაცინვით. მაგრამ არც მარტო ეს..

ნინო მაღლაკელიძის რეჟისურით შექმნილი სპექტაკლების პოსტერებზე უკვე გახშირდა წარწერა  +18. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, მომავალ თაობებს რისგან ვიცავთ, იმისგან, რაც ჩვენზე კარგად ესმით, თუ რამდენიმე ბილწი სიტყვისგან სცენის ფიცარნაგზე? არადა, ახალგაზრდები ბევრად ადრე აჰაჰავებდნენ იმ ყალბ სიტყვათმრავლობას და ამორფქვეულ ემოციებს ჩვენი და სხვების ოჯახის წევრების  ფეხებდაგრძელებულ და დაფოტოშოპებულ სურათებზე, ვიდრე ჩვენ, მშობლები, ან მშობლების მშობლები.

რეალურად, ეს ამბავი, რაც სპექტაკლში ხდება, მართლა არ არის ახალგაზრდების fb ქვეყანა, ეს უფრო ჩვენი თაობების რეფლექსიის (საუკეთესო შემთხვევაში) აბლაბუდაა. ახალგაზრდებმა კარგა ხანია, მშობლიური სოფელივით დატოვეს facebook-ის ცისფერლოგოიანი ქსელი და Instagram და Tiktok სამყაროს შენება დაიწყეს. ნაკლები სიტყვით და ბევრი ბედნიერი ღიმილით.

ეს სპექტაკლი ყველამ უნდა ნახოს. უნდა ნახოს სად გადაცხოვრდა ჩვენი ნამდვილი განცდები, რა კომენტარებში, პოსტებში, სთორებში, ლაივებში და რილსებში გაიჭედა რისხვის და ბედნიერების, ტკივილის და სიხარულის, დაბადების და სიკვდილის  ნამდვილობის  კარიკატურა-ემოჯები. უნდა ნახოს ყველამ არა მისი მხატვრული ან თეატრალური ღირებულებით, არამედ დოკუმენტური ფუნქციით, ადამიანების ესკიზებად ქცეული პერსონაჟებით, facebook-ის ქვეყნის ფრაგმენტული ამოძახილებით, ლოცვის შაბლონებით და ჟინიანი გინებებით, ცენზურის უცენზურობით, მარტოობიდან გამოღწევის ათასგვარი ხერხით, ემიგრანტული სევდის „ქსელური“ გაქარვებით და მასობრივი თავდასხმების ქოროული კომენტარებით. უნდა ნახოს და გაიცინოს, რომ დღეს სამყარო ასეთია. გაიცინოს და შეიყვაროს, რადგან ეს ნამდვილია. ასეთები ვართ ჩვენც. ამის შემქმნელი და მონაწილე თუ არა, მინიმუმ გამთვალისწინებლები. რადგან, რეალურად,  თუ სახელი და გვარი დღეს სოციალურ ქსელში არ ინთება, თითქოს აღარც არსებობს… ამაზეც დავსიტყვდით სოციალური ინერციით.

როცა  სპექტაკლზე შესვლის წინ, მსახიობები ფოიეში ჩვეულებრივად შეგვხვდნენ (მათთვის წმინდა რიტუალის გაუთვალისწინებლად), ვიფიქრე, რომ მესიჯი იყო – ყველა ჩვენგანი ამ სპექტაკლის პერსონაჟია! მაყურებლის სკამების განლაგებაც იმავეს გკარნახობს, სცენაზე ხარ, ისინიც ჩვენთან ერთად იწყებენ მაყურებლის რიგებში გაცოცხლებას და ყველას საერთო რეკვიზიტი გვაერთიანებს – მობილური ტელეფონი LTE-ით და მთელ სამყაროსთან წვდომით ერთ მუჭში. თითქოს ეს მნიშვნელოვანი „საერთო“ იმაზე მეტიცაა ვიდრე ნებისმიერი „მე“.

სცენოგრაფია სადაა და თითქმის არც არის. მხოლოდ ეკრანი, რომელიც განყენებულობისგან მზერაარეული მოხუცის სახით ინთება ხოლმე და ავს გიწინასწარმეტყველებს ბრძნადქცეული მარტოკაცის სამყაროსთან live-ში. დანარჩენი,  იაფფასიანი ოფისის შავი სკამების მოძრავი კონსტრუქციაა. მშვენიერი იყო ვიდეოარტით მინიმალისტური შეჭრები, live-ები. მე მომეწონა.

სუსტად, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შემოქმედებითი გუნდის თვითშეფასება არ იყო მათ შრომასთან და პოტენციასთან ადეკვატური. თითქოს ეჭვობდნენ, რომ ძალიან საჭირო საქმეს აკეთებდნენ. არადა, თითქმის პოლიტიკური, თითქმის მედიათეატრი შედგა. მე, როგორც მსმენელმა/მაყურებელმა, მეტი მათრახი ამ პიესის თეატრალური კითხვის დროს  მივიღე, ვიდრე შემდგარ სპექტაკლზე. ველოდი როგორ განსხეულდებოდა.

დარწმუნებული ვარ, სპექტაკლი იცოცხლებს და თვითშეფასებაც ამაღლდება. თუ დღეს ვინმეს მაყურებლებისგან ეუხეშა ყველა ის სინტაქსი ან კომენტარი, რაც პიესაში ისმის, არაუშავს.. მეორე ნახვაზე აუცილებლად მიხვდება, რომ ეს ზუსტად ისაა, რასაც ყოველდღე, ხანდახან ღამეც, სქროლვის უკურნებელი ჩვევის და ადიქციისგან თავს ვერც თვითონ აღწევს.

ფრენდების და ბაბლების  „facebook-ის ქვეყანაში“, მკაფიო და შთამბეჭდავი იყო აბელ სოსელიას და სოფიო ჩირაძის რებელი გმირები – ტემპერამენტის სხვადასხვაობით, ხასიათების რადიკალური ცვლით, – ტოპპოსტების ავტორებივით, ხმაური რომ მოჰყვება მათ „ამბავს“ სულ..  სულხან გოგოლაშვილის „მოხუცის ლაივები“ მსუყე თეატრის არტეფაქტს ჰგავდა “ახალი თეატრის“ მეჩხერ და შავსკამებიან ესთეტიკაში, ელზა სულაძე და ბაქარ დეისაძე სოციალური ქსელის იმ კომენტატორებს ჰგავდნენ, რომლებიც უფრო უმრავლესობის აზრს აემოჯებენ და საკუთარი ნარატივების თხზვაზე იშვიათად აქვთ პრეტენზია სოციალურ ქსელში.

სპექტაკლში მეტ ექაუნთსაც ავიტანდი.

და მთელ ამ აურზაურში პოლიტიკა, პოლიტიკოსები და არჩევნები, ისევ წყალგამყოფად რჩება! ნამდვილი ქართული რეალობით!

თამარ ბართაიას ამ თითქმის ხალხურ, თითქმის დოკუმენტურ პიესაში ბევრი სიტყვა, ეჭვი და შეფასება ისმის ისეთი, რასაც სხვაგან აღარ, ან ვეღარ გაიგონებ. ბევრი აკრძალული თემა ამოდის და ყვირის ზედაპირზე და ეს მნიშვნელოვანია! ძალიან მნიშვნელოვანი!!

პრემიერის ოვაცია არ იყო მქუხარე და დამანგრეველი. და ასეც უნდა მომხდარიყო. რადგან ეს სხვა ტიპის დიალოგია მაყურებელთან. ცოტა – თეატრალურ სნობიზმზე შეტევის ცდაც, თუ თვითონ შემოქმედებითი გუნდიც სიამაყით გააცნობიერებს ამ ახალ სიტყვას/დამოკიდებულებას მისი და ფრენდების საერთო სამაყურებლო სივრცეში (სწორედ ეს შეგრძნება ამაღლებს თვითშეფასებას!).

“facebook-ის ქვეყანა“ არც დიდებული წარსულია და არც გენიალური შექსპირი. ეს ჩვენ ვართ. ყველა ერთად სცენაზე და facebook-ის ქვეყანაში! აღმატებული ეპითეტების გარეშე. „დიდებულებსა“ და „გენიალურებს“ შორის შესვენებაში, სწორედ დღეს და ახლა!

ვულოცავ მთელს შემოქმედებით ჯგუფს. ვულოცავ პიესის ავტორს, პიესის დადგმის გადაწყვეტილების მიმღებს, შემსრულებლებს: რეჟისორს, თანაშემწეს, ვიდეოარტის და მუსიკის ავტორს, ტექნიკურ პერსონალს და რა თქმა უნდა, მსახიობებს!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები