მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის თანამშრომლობა

Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის თანამშრომლობა

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, ორწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცალკეული საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებას და დანერგვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია აიტი და ციფრული (ICT) მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროექტის ფარგლებში, 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.

პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში სქილვილის ტრენინგ ცენტრები გაიხსნა.

ტრენინგ ცენტრები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით, რაც სტუდენტებს სწავლის პროცესში შეიძლება დასჭირდეთ. მნიშვნელოვანია, რომ სქილვილის სტუდენტებს, ნებისმიერ დროს ექნებათ წვდომა ტექნიკასთან და შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სწავლების პროცესში.

ლანა ჩხარტიშვილი: “Skillwill, როგორც პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი რეგიონში, უნიკალურია სწორედ იმით, რომ ხელმისაწვდომია ყველასთვის, განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის, სქესის, პროფესიის, ინტერესის, და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად. პროგრამების შემუშავებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი რამის სწავლა, რაც მართლა გამოადგებათ კარგი სამსახურისა შოვნას და მაღალი ანაზღაურების მიღებაში. ტრენინგ ცენტრები ქუთაისსა და ბათუმში, დამატებით კიდევ უფრო მეტად ზრდის ხელმისაწვდომობას რეგიონებში და ეხმიანება ჩვენს მიზნებს”.

გარდა ტექნიკური სწავლებისა, სქილვილისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი ნეთვორქინგია, რაც საჭირო პროფესიული კავშირების შეძენას გულისხმობს. ამ მიზნით, ადგილზე დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, ვორკშოპი, ლექცია, ტრენინგი, მათ შორის გასართობი ღონისძიებები, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, არამედ ფიზიკურ გარემოშიც გაიცნონ ერთმანეთი და შეიძინონ მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტები.

ცოტნე იაშვილი: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა უნარების განვითარებაში და კვალიფიციური კადრების გადამზადებაში. სქილვილთან თანამშრომლობა წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შთამბეჭდავი შუალედური შედეგების მიღება. ICT პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ტრენინგ ცენტრების გახსნა ქუთაისსა და ბათუმში სწორედ ამას ადასტურებს”.

პროექტის მიზნებია, დარგის ექსპერტების ჩართულობით,  ICT მიმართულებით  10 მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, რომლებიც როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე გაივლიან აკრედიტაციას. ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე, მე-9-10 კლასის მოსწავლეებისთვის მუშავდება საბაზისო კურსი, რომელიც პროფორიენტაციის მიზნით, მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოსინჯონ ICT მიმართულების პროფესიები და მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება სამომავლო პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდება სამწლიანი ინტეგრირებული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულებიც ერთდროულად მიიღებენ როგორც სრული ზოგადი განათლების ატესტატს, ისე პროფესიის დიპლომს.

პროგრამებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის სტიმულირების მიზნით მხარდაჭერილია ახალგაზრდების, ქალების, სოფლად მცხოვრები, ეთნიკური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩართულობა.

სქილვილში სწავლა 19 აპრილს იწყება. დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები