მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში, კომუნისტური იდეოლოგიის მსხვრევის ფონზე, ხელისუფლების ეკლესიისადმი მიდგომა, აშკარა სასიკეთო ცვლილებებს განიცდიდა არა მხოლოდ ცენტრალური მთავრობის დონეზე, არამედ ქალაქებსა და სოფლებში. ხდებოდა გარკვეული ხელშეწყობა ტაძრების კეთილმოწყობისათვის. გამონაკლისი არც საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი, ქუთაისი გახლდათ.
უნდა აღინიშნოს, რომ 1986-1987 წლებიდან დაიწყო დახურული ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის. სქემა ასეთი იყო: შეიქმნებოდა მორწმუნეთა რელიგიური გაერთიანება, ე.წ. ოცეული, რომელიც გატარდებოდა რეგისტრაციაში, რომლის შესახებ ცნობას გასცემდა რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული და მიმართავდა კონკრეტული ქალაქისა თუ რაიონის ხელმძღვანელობას. ცნობილია, რომ საქართველო მდიდარია ისტორიულად ფასეული ტაძრებითა და მონასტრებით. აღნიშნულ შემთხვევაში, ქალაქისა თუ რაიონის ხელმძღვანელობასა და რელიგიურ გაერთიანებას შორის გაფორმდებოდა ხელშეკრულება, რათა ხელისუფლების სათანადო უწყების ნებართვის გარეშე, ტაძარზე არავითარი სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელებულიყო. მომდევნო ეტაპზე, რწმუნებული გაუგზავნიდა წერილობით ცნობას ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მორწმუნეებს გადაეცათ შესაბამისი ტაძარი.
1989 წლის ოქტომბერში, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საფიჩხიის მოედანზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და სათავსოების მშენებლობისათვის გაიცა ნებართვა, ამავე ტაძრის ოცეულის თავმჯდომარის ლუბა ხუციშვილის სახელზე. ხსენებული ტაძრის მიმდებარედ განთავსებული იყო ბაზარი. ქუთაისის აღმასკომმა გადაწყვიტა: “ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის 13.10.1988 წლის N 23.46.780 გადაწყვეტილება და ბაზრის ფილიალის ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორიის სათავსო რეკონსტრუქციისა და მიშენებით გადაკეთდეს ამაღლების ეკლესიის სამეურნეო სათავსოდ… ამაღლების ეკლესიის ტერიტორია განისაზღვროს თანდართული სქემის მიხედვით… დაევალოს ისტორიული ნაწილის კონსერვაციის გამოყენებისა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საწარმოო კომბინატი საპროექტო ჯგუფს, ამაღლების ეკლესიის სარესტავრაციო სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და ეზოს კეთილმოწყობის პროექტის დამუშავება…“, – ვკითხულობთ აღმასკომის გადაწყვეტილებაში.
შევნიშნავთ, რომ ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, საბჭოთა ხელისუფლებას სხვადასხვა დროს მოწყობილი ჰქონდა, ჯერ მარილის საწყობი, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკა. ახლა კი, თავად ოფიციალური ხელისუფლება ეხმარებოდა ტაძრის ოცეულს და მის თავმჯდომარე, რათა ტაძარი და მისი კუთვნილი მიმდებარე ტერიტორია სათანადოდ მოწყობილიყო.
1990 წლის 17 სექტემბერს ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოიტანა გადაწყვეტილება “ქუთაის-გაენათ-ლეჩხუმ-ცაგერ-სვანეთის ეპარქიაში გელათის სასულიერო აკადემიის გახსნის შესახებ”. აღნიშნული საქმე 1990 წლის სექტემბერშივე სასიკეთოდ აღსრულდა გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენით.
1990 წელს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასარგებლო სხვა გადაწყვეტილებებიც მიიღო, რომელთა შორის იყო დადგენილებები “გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქად ქუთაისის გამოცხადების 1000 წლისთავის აღნიშვნის მზადებასთან დაკავშირებით ბაგრატის ტაძარზე და მოწამეთას მონასტრის კომპლექსის ისტორიულ ნაგებობებზე და ძეგლებზე 1990 წელს შესასრულებელი აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების შესახებ“ და “ქუთაის-გაენათის ეპარქიის /მმართველის/ კალისტრატეს და ქალაქის ისტორიული ნაწილის კონსერვაციის გამოყენებისა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საწარმოო კომბინატის თხოვნის შესახებ ყოფილი მე-18 საშუალო სკოლის ძველი ისტორიული შენობის მათ კუთვნილებაში გადაცემის თაობაზე“.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებდა, რომ ეკლესიისათვის სასარგებლო ძვრები და სათანადო მოქმედებები მიმდინარეობდა საქართველოში, მათ შორის ქუთაისში. მართალია, ეკლესიისადმი საბჭოეთის მიერ მიყენებული ზარალი იმ რაოდენობის არის, რომ დღემდე ვერ ანაზღაურდა და ალბათ, შეუძლებელია, ბოლომდე ანაზღაურდეს, თუმცა დაწყებული პროცესები უდავოდ სასიკეთო დინამიკის იყო.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
ფოტოზე: ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი. გადაღებულია საბჭოთა პერიოდში, დაცულია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.
კომენტარები