რევაზ (რეზო) ჩხეიძე – ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, პროფესორი, დაიბადა 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში, საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში.
სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში 1943-1946წწ; დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს.
1953-1954 წწ. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: “ჩვენი სასახლე”, “ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” და მხატვრული ფილმი “მაგდანას ლურჯა” (1955). 1963-1973 წწ. იყო ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1973-2006 წწ. კინოსტუდია “ქართული ფილმის” გენერალური დირექტორი; 1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი, კინო ფაკულტეტის კათედრის გამგე.
გადაიღო მხატვრული ფილმები: “ჩვენი ეზო” (1956), “მაია წყნეთელი”(1959), “განძი” (1961), “ზღვის ბილიკი”(1962), “ჯარისკაცის მამა” (1964), “ღიმილის ბიჭები” (1969), “ნერგები” (1972), “მშობლიურო ჩემო მიწავ!” (1980).
მიღებული აქვს ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალის I პრემია, ფილმისთვის “მაგდანას ლურჯა” (1956); კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს რტო”, “მაგდანას ლურჯა” (1956); მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედალი, I პრემია, დიპლომი, ფილმისთვის “ჩვენი ეზო” (1957); დელის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის “განძი” (1961); რომის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის “ჯარისკაცის მამა” (1965); სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის “ჯარისკაცის მამა” (1965); კორკშის (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის “ჯარისკაცის მამა” (1965); სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის “ჯარისკაცის მამა” (1965); მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის “ნერგები” (1973); ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის “ნერგები” (1973); ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, დიპლომი (1981); საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, ქართულ კინო ხელოვნებაში დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის (2013).
რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა 2015 წლის 3 მაისს, 88 წლის ასაკში თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
კომენტარები