“არა რუსულ კანონს”, – ამ დევიზით ქუთაისში სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კოლონადებთან, ხვალ, 12 აპრილს, 13:00 საათზე, ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ მოსახლეობა რუსული კანონის მიღების წინააღმდეგია.
“საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. რუსული კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.
აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მარშიც გაიმართება. დედაქალაქში მცხოვრებლები კი 15 აპრილს აქციას ისევ გეგმავენ.
“ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე 15 აპრილს, 10:00 საათზე იწყება, პლენარულ სხდომაზე კი პირველი მოსმენით 16 აპრილს იმსჯელებენ.
ბოლო მოსმენის თარიღად 17 მაისია მითითებული.
კომენტარები