თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და “ქურდული სამყაროს“ წევრობასა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ “ქურდული სამყაროს” წევრები “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. “ქურდულ გარჩევებს”, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასებდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას.
პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს” წევრობა) წარუდგინა, ხოლო შვიდ პირს 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით (“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა).
სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქურდული სამყაროს” წევრობაში ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით, ხოლო 2 პირს თავისუფლების 8-8 წლით აღკვეთა განესაზღვრა. ასევე “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთაგან 2 პირს თავისუფლების 4 წლით აღკვეთა, 2 პირს 3 წლით და 6 თვით, ხოლო 3 პირს თავისუფლების 3 წლით აღკვეთა განესაზღვრა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
კომენტარები