თერჯოლის მერის წარმომადგენელი თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში, მამუკა გოგბერაშვილი არ ადასტურებს, რომ 29 აპრილს თბილისში დაგეგმილი „ქართული ოცნების“ აქციისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულების მობილიზებას ახდენდა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 29 აპრილს „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მხარდამჭერი აქციის ორგანიზებას აპირებს, facebook-ზე ერთ-ერთი ჯგუფიდან გავრცელდა, მიმოწერის ფოტოასლები (ე.წ. სქრინები), სადაც მამუკა გოგბერაშვილი თბილისში გასამართ აქციაზე წასაყვანად ხალხს აგროვებს. მიმოწერის მიხედვით, მამუკა გოგბერაშვილი წერს, რომ როცა ოჯახიდან ორი ადამიანია დასაქებული, თბილისში „ქართული ოცნების“ აქციაზე ერთი მაინც რომ არ წავიდეს, „მასე არ გამოვა“.
მამუკა გოგბერაშვილი “ნეტგაზეთთან” ირწმუნება, რომ მას facebook გაუტეხეს. ნეტგაზეთი მას “სქრინების” გავრცელების შემდეგ დაუკავშირდა.
“ვიღაცამ ფეისბუკი გატეხა“, – განაცხადა კითხვის პასუხად მამუკა გოგბერაშვილმა.
ორშაბათს, 29 აპრილს, „ქართული ოცნება“ თბილისში, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას აანონსებს. ამ ადგილზე უკვე ერთი კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.
აქციის შესახებ განცხადებას მმართველი პარტია ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რუსული კანონის მხარდასაჭერად პარლამენტთან შეიკრიბონ. სავარაუდოდ, სწორედ 29 აპრილს განიხილება რუსული კანონი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
კომენტარები