მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრთა ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება

ქუთაისის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრთა ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება

ქუთაისის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს − “ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს” წევრების ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება.

საბჭოს 27 წევრიდან 10 ხელს აწერს განცხადებას, რომლითაც პარლამენტს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები ვაცნობიერებთ რა, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი და მათი ჩართულობა.

ვფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში ახალგაზრდული სფეროს და ეკოსისტემის განვითარებაში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა არ შეიძლება იყოს დაუფასებელი და “უცხოური გავლენის ინტერესების გამტარი”.

ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ვემიჯნებით საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მოვუწოდებთ, მთავრობას და პარლამენტს, არ დაიშუროს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და არ დააყენოს ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ, რაც ქუთაისელი ახალგაზრდების გამოხატული ნებაა”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ –

• ნინო ბუცხრიკიძე – საგანმანათლებლო ცენტრი “სხვა სკოლა”;

• ირაკლი თევზაძე – სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”;

• თეონა ფურცხვანიძე – სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი;

• საბა ხაბულიანი;

• ნინი გორგოძე;

• ლანა ჟორჟოლიანი;

• ლიზი ჯავახაძე;

• მარიამ ბენიძე;

• შაქრო კლდიაშვილი;

• დავით ხაჩიძე.

“ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოში” სულ 27 წევრია.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

კომენტარები