“ხევისბერი გოჩა“ ელენე მაცხონაშვილის უთოჯინო სპექტაკლია. მანამდე მესხიშვილის თეატრში მისი „ცამეტი“ ვნახე – გალაკტიონის ცხოვრება და სიკვდილი. რამდენიმე ეპიზოდის კულტურული ბმა მცირე სცენაზე. მომწონს ბიოგრაფიული ჟანრი მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონისთვის არ მეყო. მაგრამ ამაზე სხვა ბლოგში ვთქვი კარგიც და გულისწყვეტაც. ისე, როგორც ჩემნაირი მაყურებლები ამბობენ. ჩემნაირი – ანუ, გულშემატკივრები.
ყაზბეგის გაგონებამ ჩვენი თეატრის რეპერტუარში, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვნად დამაინტერესა. დღეს და ახლა – ამ გიჟმაჟი ავტორის საოცრად ტრაგიკული ნაწარმოები, რომელიც დღემდე სასკოლო პროგრამაშია შეტანილი, როგორ უნდა მოჰყვე ისე, რომ ახლებურად ავღელდე? რა იყო მთავარი მიზანი რეჟისორისთვის დღეს მოვალეობის და სიყვარულის დატოლებაში, მამის და შვილის შეშლილობამდე მისულ ზნეობის სასამართლოში – საზოგადოებრივი ინტერესების ერთგულება თუ უბრალოდ, სასიყვარულო გადაცდომა, რომელსაც ნაწარმოებში, თავად ონისეც “ქალისგან ცდუნებად“ თვლიდა, სადაც ძიძიას ბედისწერა სევდიანად იკარგება საკუთარი სქესის მცირეობით ამ მასკულინურ ჭიდილში..
“ხევისბერი გოჩა“ მცირე სცენაზე, ნარმის თუ ბიაზის დეკორაციულ ფენებად გველოდა. სასაფლაოს ჰგავდა ნაცრისფერი, პირობითი ქვებით და ამ პირობითობაში ჩამალული პერსონაჟებით. თავიდან ოთხკაციანი ქორო (ირინა გუბელაძე, ელზა სულაძე, მანუჩარ ბეგალიშვილი, კოტე რობაქიძე) წარსულის მსაჯულად დგება. გასაგებია: ძიძიას (ნანცო ცხვირაშვილი), გუგუას (ნიკა ძნელაძე) და ონისეს (იოანე იმედაძეს) სიყვარულს ასამართლებენ. თოკებში შებმული ქვები და მისი ფრაგმენტული თრევა მაგიდიდან იატაკზე, იატაკიდან გმირების მკლავებზე, მოსალოდნელი დრამის სიმძიმის პირდაპირი მეტაფორაა. პერსონაჟები უმეტესად მთხრობელები ხდებიან და არა ამბის განმსახიერებლები, თუმცა მსახიობების წადილი აშკარად მეტი იყო. საერთოდ, ყველა გრძნობა მეტი იყო, ვიდრე სიტყვები და სპექტაკლის ფორმა, და გრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მცირე სცენაზე, ეს ვნებიანი და ცოდვიანი სიყვარული და განსჯა, ვერ ეტეოდა.
სარკე, მაგიდა, მინიანი ჩარჩო და ბევრი სხვა რეკვიზიტი, თითქოს “ცამეტს“ “ხევისბერში“ რეჟისორის სახსოვრად გადმოჰყვა. სასამართლოს ატმოსფეროც, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა დაიკარგა, ისევ მაბრუნებდა გალაკტიონის ხმაში.
მსახიობებმა უზუსტესად შეასრულეს ყველა ამოცანა. მაგრამ თითქოს რაღაც რკალი ეკრათ სხეულზე, რომ ზღვარს არ გადასულიყვნენ. ამ დროს იციან თქმა – “რეჟისორმა ეს ამოცანა მომცა“ და თითქოს გაგრძნობინებდნენ, რომ ამ ამოცანის იქით უნდოდათ და ეს სურვილები თვალებში ამოდიოდათ.
ყველაზე მთავარი და იშვიათი – სცენაზე სიყვარული შედგა! ძიძიას (ნანცო ცხვირაშვილი) და ონისეს (იოანე იმედაძის) დასაწყისშივე შემაშფოთებელი ურთიერთაღმოჩენა, როგორც ცოდვა – საოცარი გულწრფელობით და წინააღმდეგობით დაიბადა, რაც ყველაზე დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის. მსახიობების ამ ნამდვილმა, დაგუბებულმა ტკივილებმა დროებით გამიქრო ყაზბეგისთვის სრულიად ეკლექტური სცენოგრაფია და მუდმივად ფონური მუსიკაც სადღაც, სმენის უკან გადამიგდო. ვუსმენდი და ვუყურებდი ძიძიას სიყვარულით ტანჯვას და მარტოობას ამ სამყაროში. მარტოობას მოვალეობასთან გარიყულად და საკუთარ საიდუმლოსთან ახლოს. თვალები, სხეული, ყველაფერი ერთნაირი ტანჯვით ლაპარაკობდა და მთელი სპექტაკლის მანძილზე გესმოდა მისი შინაგანი დიალოგი…
ხევისბერი გოჩას (სულხან გოგოლაშვილი) კამერული გრძნობის ტრაგედია, ცოტა დაარღვია ხანგრძლივმა ეტიუდმა, რომელიც დადგმის არქიტექტურაში თითქოს დისონანსად ჩანდა. რადგან მსახიობს მანამდე არ ჰქონდა ემოციურ დუღილამდე მისვლის შანსი/ამპლიტუდა. თითქოს ამ ეტიუდით სულხან გოგოლაშვილმა თვითნებურად, საკუთარ თავზე აიღო იმ წერტილამდე მისვლა, როცა ჭკუიდან უნდა შეიშალოს საფიცარი შვილის მკვლელი. შთამბეჭდავი იყო უკვე შეშლილი ხევისბერის სახე. ძველი და ნაცნობი. ლირივით. ოღონდ უხმაურო, მუცელში ჩატანილი ტკივილებით.
მოკლედ, ზუსტად ორი საათის წინ დავბრუნდი სპექტაკლის პირველი ჩვენებიდან და მის მერე ვფიქრობ – რატო მქონდა და გამყვა ასეთი სივიწროვის შეგრძნება იქ, სადაც ტექსტებს მიღმა რომანტიკული რელიეფია, უსასრულო მთები, სიმაღლეები, ტრაგედიის სიმძაფრე და საბედისწერო სიყვარული? ვწერ და ვამბობ, რომ ჩვენი მსახიობები კარგები იყვნენ, ზოგი ძალიან კარგიც და რა არ მეყო მე? იქნებ გავიდა დრო და ვინმე “ძველ თეატრს” ეძახის ნამდვილი ამბის მოყოლას სცენიდან ემოციით, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ურთიერთობით, წვით, სისხლჩაქცევებით არა ხავილისგან, არამედ შინაგანი განცდით. ვინ თქვა, რომ ძარღვიანი პერსონაჟების ნეიტრალურ მთხრობელებად გადაქცევა უკეთესია?
მთელი სპექტაკლის მანძილზე მქონდა შეგრძნება, რომ ვიწრო საწოლზე ვნახულობდი საინტერესო სიზმარს და მხრების გაშლა მინდოდა მეტი ემოციისთვის.
მაგრამ ყველაზე კარგი, რაც მინდოდა მეთქვა – მაინც სიყვარულია! ალბათ, ელენე მაცხონაშვილის ჩანაფიქრიც ეს იყო, იმ დიდი და მძაფრი თემების ფონზე, რომელიც ყაზბეგს “ხევისბერში“ აგიჟებდა, სიყვარულია – ლამაზი ძიძიას სიკვდილის დროს ბოლო სიტყვებად რომ გადმოცვივდა: “აცადეთ ერთმანეთს გაზაფხული“ …
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები