ქუთაისელი პედაგოგი ოლიკო გვრიტიშვილი ქვეყანაში რუსული კანონის მიღებას ეხმაურება.
ის წერს, რომ მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს, სწორი პოზიციაზე დგომისთვის.
მასწავლებელი ასევე წუხს, როგორ შეიძლება ქართულის პედაგოგებს არ აწუხებდეთ ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.
“რამდენიმე დღის წინ თათო ონიანმა, ჩემმა საუკეთესო მოსწავლემ, მომწერა, ბედნიერი ვარ, თქვენი სიტყვა და საქმე ერთი რომ არისო. რასაც გვასწავლიდით, თქვენივე მოქმედებით, თქვენივე ცხოვრების წესით ასრულებთო. ჩემი მოსწავლეების სიყვარული და კეთილგანწყობა არასოდეს არ მაკლდა, მაგრამ ამ წარმატებული, მოაზროვნე, საოცარი გოგოს სიტყვებმა უზომოდ გამაბედნიერა.
ამპარტავნებისგან ღმერთმა დამიფაროს. რისთვის დამჭირდა ამის დაწერა და ვის ეხება, ახლავე მოგახსენებთ: ქართულის მასწავლებლებო, დაფიქრდით კარგად, რაც ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებს, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ და აღარც მომავალი თაობებისთვის იქნებით სასურველი პედაგოგები. რატომ ასწავლიდით ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებებს ისე რიხიანად და თქვენებური პათეტიკით, თუ მოქალაქეობრივი პოზიციით საწინააღმდეგოს დაამტკიცებთ. დაფიქრდით, სანამ გვიანი არ არის. გთხოვთ, ჩემო მეგობრებო თუ არამეგობრებო. გაიაზრეთ, სად დგახართ. თქვენი არასწორი პოზიციით, გულგრილობით თუ პასიურობით ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს. მე ვიცი, რომ ჩემზე მეტადაც გიყვართ სამშობლო და ღალატი გულშიც არ გაგივლიათ, მაგრამ ძალიან დიდი დაფიქრება გმართებთ”,- წერს ქუთაისელი სკოლის პედაგოგი ოლიკო გვრიტიშვილი.
კომენტარები