შალვა (ვარლამ) ნუცუბიძე – ქართველი ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
შალვა ნუცუბიძე 1888 წლის 14 დეკემბერს სოფელ ფარცხანაყანევში დაიბადა. დაწყებითი განათლება ხონის დაწყებით სკოლასა და ხონის საოსტატო სემინარიაში მიიღო, პირველად ნახა აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე, ივანე გომართელი, ბარბარე ყიფიანი და ილია ხონელი. 1897 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მეექვსე კლასში ყოფნისას ის არალეგალური ჟურნალის, „განთიადის“ რედაქტორად აირჩიეს, რომელსაც გიმნაზიის დამთავრებამდე ხელმძღვანელობდა.
შალვა ნუცუბიძის ორივე ბაბუა მღვდელი იყო. დედის მამას, ფილიპე დათიაშვილს წიგნების კითხვა უყვარდა და შვილიშვილს ნუსხური კითხვა ადრეულ ასაკშივე ასწავლა. შალვა ნუცუბიძის მამა ისაკ იესეს ძე ნუცუბიძე პედაგოგი იყო. იგი გორის საოსტატო სემინარიაში ვაჟა ფშაველასთან ერთად სწავლობდა, შემდეგ კი ხონისა და ქუთაისის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა. ისაკ ნუცუბიძე კარგ მონადირედ ითვლებოდა და ვაჟთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ. იგი 1927 წელს გარდაიცვალა. შალვა ნუცუბიძის დედა რებეკა დათიაშვილი სოფელ ქვიტირიდან იყო.
შალვა ნუცუბიძეს ოთხი უფროსი და ჰყავდა: ანეტა, თამარი, ელენე და ნინო. ერთ-ერთი და, თამარი, პეტერბურგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფრო მეცნიერ-მუშაკისა და სწავლული მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. მეორე დამ, ნინომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსული სექტორი დაამთავრა და ჯერ სკოლაში, შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1904-1905 წლებში შალვა ნუცუბიძე აქტიურად მონაწილეობდა გიმნაზიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1904 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციას შეუერთდა. იგი რაიონულ პროპაგანდისტად მუშაობდა და 1905 წელს რევოლუციონერ ალექსანდრე წულუკიძის დასაფლავებაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც სამტრედიის ორგანიზაციის სახელით სიტყვაც წარმოთქვა. 1905-1906 წლებში მონაწილეობდა ვანო სტურუას მიერ გამართულ არალეგალურ კრებებში. 1906 წელს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ვანო სტურუას ხელმძღვანელობით, ვლადიმერ ლენინთან შესახვედრად პეტერბურგიდან ფინეთში გაემგზავრა.
1905 წელს ისაკ ნუცუბიძე სოფელ კულაშის სკოლის გამგედ დანიშნეს და ოჯახი კულაშში გადასახლდა. 1906 წელს შალვა ნუცუბიძემ კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე ჩაირიცხა. პეტერბურგში სწავლისას ის კვლავ თანამშრომლობდა ქართველ რევოლუციონერ სტუდენტებთან: ვანო სტურუასთან, მამია ორახელაშვილთან, შალვა ელიავასთან, სილიბისტრო თოდრიასა და სხვ.
შალვა ნუცუბიძე ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და პოლიტიკური საკითხების შესახებ საჯარო მოხსენებებს კითხულობდა. ქუთაისის თეატრში წაკითხულ მოხსენებას „მარქსიზმი და პიროვნება“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოლიციამ კინაღამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრები დააპატიმრა, რომლებიც კულისებიდან უსმენდნენ მოხსენებას.
1910 წელს შალვა ნუცუბიძემ პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და თავდაპირველად ყუბანის ოლქში ისტორიის, ფსიქოლოგიისა და ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობდა. მოგვიანებით, პროფესორ ალექსანდრე ვედენსკის დახმარებით, პეტერბურგის უნივერსიტეტში დაბრუნდა, ზეპირი და წერილობითი სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა და 1917 წელს პრივატ-დოცენტის ხარისხის მოსაპოვებლად საცდელი ლექციების კითხვა დაიწყო. იმავე წელს შალვა ნუცუბიძეს პრივატ-დოცენტის წოდება მიენიჭა.
პეტერბურგის უნივერსიტეტიდან იგი ორჯერ გააგზავნეს სამეცნიერო მივლინებით ევროპაში. 1911-1914 წლებში ყოველი წლის მაის-აგვისტოში გერმანიაში საზაფხულო სემინარებში მონაწილეობდა. გერმანიაში ყოფნისას ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება ალეთოლოგია ჩამოაყალიბა. ის უმეტესწილად ლაიფციგში, ცნობილი ფილოსოფოსების: ვუნდტის, ფოლკელტისა და ბარტის ხელმძღვანელობით მუშაობდა. 1914 წელს შალვა ნუცუბიძე პეტერბურგის მეორე გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა. აქ ყოფნისას გაიცნო გრიგოლ წერეთელი, რომელიც შემდეგში მისი უახლოესი მეგობარი გახდა. 1916-1918 წლებში შალვა ნუცუბიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორად მუშაობდა.
შალვა ნუცუბიძე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1917 წელს, პეტერბურგში ყოფნისას, გიორგი ახვლედიანმა მას ივანე ჯავახიშვილის მოწვევა გადასცა. შალვა ნუცუბიძემ ცოლ-შვილი პეტერბურგში დატოვა და უნივერსიტეტის დაარსების სამზადისში ჩასართავად თბილისში დაბრუნდა. იგი ქართველი პროფესორების უნივერსიტეტში სამუშაოდ მოზიდვის საქმეს ხელმძღვანელობდა.
სხვადასხვა დროს შალვა ნუცუბიძეს უნივერსიტეტის სხვადასხვა თანამდებობა ეკავა: პრორექტორის (1920-1929), დეკანის, ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორის, კათედრის გამგის, სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის პირველი დეკანის და ა.შ. მანვე გახსნა იურიდიული ფაკულტეტი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. 15 წლის მანძილზე მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე იყო, რომლის საფუძველზეც შემდეგში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი შეიქმნა. შალვა ნუცუბიძე სხვადასხვა ფაკულტეტზე არაერთ კურსს კითხულობდა: ლოგიკას, ფილოსოფიის შესავალს, ისტორიულ მატერიალიზმს, სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიას, სამეცნიერო მეთოდიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას, მტკიცებით სამართალს და სხვ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძეს ფილოსოფიის სხვადასხვა დარგში სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობაც მოუწია. მან მცირე დროში შეადგინა სახელმძღვანელოები, რომლებზეც შემდეგში თაობები (მოსე გოგიბერიძე, კონსტანტინე მეგრელიძე, სავლე წერეთელი კონსტანტინე ბაქრაძე, ანგია ბოჭორიშვილი) აღიზარდა: 1919 წელს გამოქვეყნდა „ლოღიკა. ელემენტარი სახელმძღვანელო“, მომდევნო წელს – „ლოღიკა, საშუალო სასწავლებელთათვის“ და „ფილოსოფიის შესავალი, ნაწილი 1, შემეცნების პრობლემა“, 1923 წელს კი „ლოღიკა: პროპედევტიკული კურსი“. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მისი შრომები: „ალეთოლოგიის საფუძვლები“, „ბუნებისათვის ცნებისა“, „შემეცნება, როგორც ფილოსოფიური პრობლემა“, “ხელოვნების თეორია“, „კანტი კაცობრიობის აზროვნების პერსპექტივებში“ და სხვ.
1918 წელს შალვა ნუცუბიძემ თანამოაზრეებთან (სერგი გორგაძე და სხვ.) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება“ დააარსა, რომელიც სემინარებსა და დისკუსიებს აწყობდა და ქართული ფილოსოფიური ძეგლების შეგროვებასა და ფილოსოფიური ცოდნის პოპულარიზებას ისახავდა მიზნად. მანვე დააფუძნა „საერთო განათლების კურსებიც“, რომელშიც საშუალო განათლების ატესტატის უქონელ ყველა ასაკის ადამიანს იღებდნენ და კურსების დამთავრების შემდეგ მათ უნივერსიტეტში სწავლის ნება ეძლეოდათ. 1927 წლიდან კურსები მთავრობის სასწავლებლად გადაკეთდა.
1920 წელს შალვა ნუცუბიძე გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად გერმანიაში ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენას დაესწრო. 1921 წლიდან თედო ღლონტის მიერ რევოლუციური კომიტეტის ნებართვით გამოცემულ გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტთან“ დაიწყო თანამშრომლობა. ამავე წელს, მისი ხელმძღვანელობით „სოციალური ფილოსოფიის შემსწავლელი წრე“ ჩამოყალიბდა.
1925 წელს უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დადგენილებით, შალვა ნუცუბიძე ევროპაში გაემგზავრა და ბერლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიური სემინარების მუშაობას გაეცნო. 1925-1926 წლებში შალვა ნუცუბიძე ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. მივლინებაში ყოფნისას იგი „ალეთოლოგიის საფუძვლების“ გერმანულ ენაზე თარგმნას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ახალი გამოკვლევა: „Wahrheit und Erkenntnisstruktur“ („ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“) დაწერა, რომელიც 1926 წელს ცნობილი ნეოკანტიანელების, არტურ ლიბერტისა და ბუხენაუს რეცენზიით დაიბეჭდა.
1927 წლის 17 აპრილს შალვა ნუცუბიძემ სადოქტორო დისერტაცია “ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ დაიცვა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1928 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში. 1930 წელს, გერმანიაში ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენას დაესწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციების კურსის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მიეცა.
1935 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა.
შალვა ნუცუბიძე აქტიური პოლიტიკური მოღვაწე იყო. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას, აქტიურად მონაწილეობდა სასწავლებლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1904 წლიდან სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრთის წევრი იყო, რომელსაც 1911 წელს ჩამოშორდა და 1915 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას შეუერთდა. 1917 წელს სრულიად რუსეთის ეროვნული სოციალისტური პარტიების ცენტრალურ საბჭოში აირჩიეს, რომლის წარმომადგენლადაც პეტერბურგში გაგზავნეს, სადაც სრულიად რუსეთის ეროვნებათა დეკლარაცია მიიღეს. იმავე წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.
1918 წელს შალვა ნუცუბიძე საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო ამავე პარტიიდან. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. იყო განათლების და საბიბლიოთეკო კომისიების წევრი.
1921 წლის 1 თებერვალს დამფუძნებელი სხდომის კრება გაიმართა. შესვენებისას შალვა ნუცუბიძე და ბენია ჩხიკვიშვილი შელაპარაკდნენ, რა დროსაც სოციალ-დემოკრატმა ნუცუბიძეს თვალში დაარტყა და ხელი რევოლვერისკენ წაიღო, ხოლო ნუცუბიძემ მას სკამი ესროლა. კონფლიქტიდან რამდენიმე დღეში სოციალისტ-ფედერალისტებმა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს ჩხიკვიშვილის დეპუტატობის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ წინადადება წარუდგინეს, თუმცა კრებამ კენჭი უყარა და საკითხი სრულად მოხსნა დღის წესრიგიდან. საზოგადოების უკმაყოფილება დემონსტრაციებში გადაიზარდა.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ნუცუბიძე მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა. ორი დღის შემდეგ ფედერალისტთა პარტიის დროებითი მთავარი კომიტეტი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელადაც შალვა ნუცუბიძე აირჩიეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფედერალისტებმა საბჭოთა ხელისუფლებას დაუჭირეს მხარი.
1923 და 1929 წლებში შალვა ნუცუბიძე ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო. 1934 წელს იგი უცხოეთთან კულტურული კავშირების საკავშირო საზოგადოების საქართველოს ფილიალს ხელმძღვანელობდა.
1938 წლის 31 აგვისტოს შალვა ნუცუბიძეც გერმანიის სასარგებლოს ე.წ. „შპიონაჟის“ ბრალდებით ტაშისკარში დააპატიმრეს. იმავე წლის 1 დეკემბერს ბადრაგის თანხლებით თბილისიდან მოსკოვში, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტში გადაიყვანეს. მას კონტრრევოლუციური საქმიანობა, პროპაგანდა და კონტრრევოლუციური მთავრობის სასარგებლოდ მშრომელი ხალხისა და რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ აქტიური ქმედება ედებოდა ბრალად.
ციხეში ყოფნისას, იოსებ ჯუღაშვილის დაკვეთითა და ხელშეწყობით, “ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნა დაევალა, თუმცა შალვა ნუცუბიძეს პოემის თარგმნა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაეწყო და ნაწყვეტებს აუდიტორიაშიც კითხულობდა. თარგმნის სანაცვლოდ იგი პატიმრობიდანაც გაათავისუფლეს. 1939 წლის 1 მაისს შალვა ნუცუბიძემ რუსულ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ რიგით მეოთხე სრული თარგმანი დაასრულა, რომელიც სტალინს გაუგზავნეს.
1940 წლის 20 ოქტომბერს შალვა ნუცუბიძე სერგო ქავთარაძესთან ერთად პირადად შეხვდა სტალინს. იოსებ ჯუღაშვილმა პოემაში შესწორებები შეიტანა, მთარგმნელს თავისი თარგმნილი ერთი სტროფიც გადასცა და მომდევნო წელს პოემაც დაიბეჭდა, ს. გოროდეცკის ლიტერატურული რედაქციით, სერგო ქავთარაძის წინასიტყვაობითა და მიხაი ზიჩის, სერგო ქობულაძისა და ირაკლი თოიძის ილუსტრაციებით. “გოსლიტიზდატმა“ თარგმანის პირველი და მეორე გამოცემა მასიური ტირაჟით გამოსცა, თუმცა ჰონორარი მთარგმნელს არ მიუღია. შალვა ნუცუბიძეს განცხადება დააწერინეს, რომ ჰონორარს მთლიანად თავდაცვის ფონდში რიცხავდა.
1953 წელს, სტალინის გარდაცვალებისა და ლავრენტი ბერიას ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს 1938 წელს წაყენებული ბრალდებები გაუხსენეს და იმავე წლის 22 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხარისხი ჩამოართვეს, სამი დღის შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც გაათავისუფლეს. 1960 წლამდე შალვა ნუცუბიძის ნაშრომები: „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ და „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ დაიბეჭდა, თუმცა სრულფასოვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას უზღუდავდნენ. 1956 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა, 1960 წელს კი სსრკ-ის პროკურატურისგან სრული რეაბილიტაცია მიიღო და მეცნიერული სტატუსიც აღუდგინეს.
შალვა ნუცუბიძის სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივია. მის მოღვაწეობას ხშირად ორ პერიოდად ყოფენ: მეტაფიზიკურ და ქართული ფილოსოფიის ისტორიის პერიოდად. პირველ პერიოდს ოთხი ნაშრომი: „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“ (1913), „ალეთოლოგიის საფუძვლები“ (1922), „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ (1926) და „ფილოსოფია და სიბრძნე“ (1931) მიეკუთვნება, რომლებიც ფილოსოფიაში ახალი სისტემის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული.
შალვა ნუცუბიძის ნაშრომები ეხება პედაგოგიკის („ადამიანის იდეა და აღზრდის პრობლემა „ვეფხისტყაოსანში“, „განათლება საგანმანათლებლო იდეები ქართულ რენესანსში“ და სხვ.), ძველ საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემისა და სამეცნიერო ხარისხების, დიალექტიკური და ფორმალური ლოგიკისა და ქართული კულტურის საკითხებს. შალვა ნუცუბიძის ნაშრომი „ხელოვნების თეორია (მონისტური ესთეტიკის საფუძვლები)“ (1929) პირველი ქართული ნაშრომი იყო ამ დარგში.
შალვა ნუცუბიძე ქმნიდა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებს, ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ქართული პოეზიის შედევრებს უცხო ენაზე თარგმნიდა და ა.შ. დიმიტრი უზნაძესთან ერთად ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის შექმნასაც ჩაუყარა საფუძველი.
1911-1914 წლებში გერმანიაში მოღვაწეობისას შალვა ნუცუბიძემ ორიგინალურ ფილოსოფიურ მოძღვრებას, ალეთოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. გერმანიაში გამოიცა „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა, პირველი შესავალი ალეთოლოგიურ რეალიზმში“ (გერმანულად).
1931 წელს შალვა ნუცუბიძის მეორე ნაშრომი დაიბეჭდა გერმანულ ენაზე: „Philosophie und Weisheit“ („ფილოსოფია და სიბრძნე“). თუკი 1927 წელს გამოცემული ნაშრომი „პირველი შესავალია ალეთოლოგიურ რეალიზმში“, ეს ნაშრომი „სპეციალური შესავალი იყო ალეთოლოგიურ რეალიზმში“. ალეთოლოგიურ სფეროში შალვა ნუცუბიძე არსსა და აზროვნებას შორის შუალედურ სფეროს გულისხმობდა. იგი აღნიშნავდა, რომ მისი ალეთოლოგიური რედუქცია ზიგვარტის რედუქციული მეთოდისაგან განსხვავდებოდა, რადგანაც იგი ლოგიკურად იყო გაგებული და განსხვავდებოდა ჰუსერლის აიდეტური და ფენომენოლოგიური რედუქციისგანაც.
შალვა ნუცუბიძის მიერ გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ ნაშრომებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ ფილოსოფიურ ჟურნალებში. მისი ნაშრომების შესახებ არაერთი რეცენზია გამოქვეყნდა გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიასა და საფრანგეთში. დადებითი რეცენზია გამოაქვეყნა გერმანელმა ნეოკანტიანელმა ფილოსოფოსმა ბრუნო ბაუხმაც, ხოლო ორივე ნაშრომს განსაკუთრებით მაღალი შეფასებები მისცა კურტ გასენმა. 1932 წელს ეთიკის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა ბარტოლომეუ ლენდჰირის რეცენზია, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ შალვა ნუცუბიძემ დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ფილოსოფიის რთული პრობლემების მარტივად გადაწყვეტის მიმართულებით. ერთ-ერთ ნაშრომს ყველაზე ადრე ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე ბაქრაძე გამოეხმაურა, რომლის წერილიც, “ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა“, 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა.
შალვა ნუცუბიძის ადრეულ ნაშრომებში ჭეშმარიტებისა და შემეცნების საკითხებია გამოკვლეული. მისი მიდგომით, „ჭეშმარიტების პრობლემის გასარკვევად“ შეცდომის ანალიზია საჭირო. შალვა ნუცუბიძის ნაშრომებში ფილოსოფიის საყრდენი პუნქტის კვლევა-ძიება „ჭეშმარიტებას თავისთავად“ უკავშირდება, რომელიც წინალოგიკურს და წინააღმდეგობებისგან განთავისუფლებულ სფეროს მიეკუთვნება. ფილოსოფოსის აზრით, „ჭეშმარიტება თავისთავად“ უსაგნო და შინაარსის არ მქონეა.
1930 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციების კურსის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მიეცა. 1930-იან წლებში იგი ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესწავლას შეუდგა და ქართველოლოგიის ახალ დარგს, ქართული ფილოსოფიის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი. მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა ნაშრომები რენესანსის აღმოსავლური ფესვების შესახებ და ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის თაობაზე. შალვა ნუცუბიძემ ეს ჰიპოთეზა 1942 წელს გამოთქვა. ათი წლის შემდეგ ასეთივე დასკვნა გააკეთა ბელგიელმა მეცნიერმა, ე. ჰონიგმანმა.
შალვა ნუცუბიძემ ცნობილ ფილოლოგ სიმონ ყაუხჩიშვილთან ერთად ძველი ქართული ფილოსოფიური ძეგლების გამოცემის ფართო გეგმა შეადგინა. 1937 წელს მათი რედაქციით გამოიცა „განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის“, რომელსაც მაღალ დონეზე შესრულებული საძიებლებლები, ქართულ-ბერძნული და ბერძნულ-ქართული ლექსიკონები აქვს დართული. ამ გამოცემამ მტკიცე მეცნიერული ნიადაგი შეუქმნა ქართული ფილოსოფიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის მეცნიერულ შესწავლას და ქართული ფილოსოფიური აზროვნებისადმი ინტერესიც გააძლიერა.
1956-1958 წლებში შალვა ნუცუბიძის „ქართული ფილოსოფიის ისტორიის“ ორტომეული გამოიცა, რომელიც ქართული ფილოსოფიის ისტორიას უძველესი მითოლოგიური ეპოსიდან სოლომონ დოდაშვილამდე მოიცავს. შალვა ნუცუბიძემ ქართულ მითოლოგიურ ეპოსს რამდენიმე ნაშრომი უფრო ადრეც მიუძღვნა. მკვლევარმა ლექსად აღადგინა, გამოიკვლია და თარგმნა „ამირანის ეპოსი“.
შალვა ნუცუბიძემ ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში სამი საფეხური გამოყო: ანტიკური ხანა (კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული და ფილოსოფიური სკოლიდან VI-VII საუკუნემდე), ფეოდალიზმის ხანა (VIII-XVIII) და კაპიტალიზმის ხანა (XIX-XX). თავის მხრივ, ფეოდალიზმის ხანა ადრეული ფეოდალიზმის (VIII-XI სს.), ფეოდალური აბსოლუტიზმის (XI-XII სს.) და გვიანდელი ფეოდალიზმის (XIII-XVIII) ხანებად დაყო.
შალვა ნუცუბიძე იკვლევდა ქართული კულტურის საკითხებსაც. მან რამდენიმე წერილი მიუძღვნა პალესტინაში აღმოჩენილი ქართული მონასტრების წარწერებს და მონასტრების მშენებლობა პეტრე იბერის სახელს დაუკავშირა. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქართული „ბალავარიანისადმი“. 1886 წელს ჰერმან ზოტენბერგმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელშიც დაამტკიცა, რომ თხზულება იოანე დამასკელს არ ეკუთვნის. 70 წლის შემდეგ კი, შალვა ნუცუბიძემ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი „ბერძნული რომანის „ბარლაამისა და იოასაფის“ წარმომავლობის შესახებ“, რომელშიც ბერძნული რომანის ავტორის საკითხი გამოიკვლია და ფრანც ჯოზეფ დოლგერის მოსაზრება გააკრიტიკა. შალვა ნუცუბიძემ დაასკვნა, რომ ბერძნული რომანი ქართული თხზულების საფუძველზეა შექმნილი. მხატვრული ანალიზის საშუალებით, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ბალავარიანისა“ და „ლიმონარის“ ავტორი ერთი და იგივე პიროვნებაა და თხზულების თავდაპირველი რედაქციის ავტორი VII საუკუნის ცნობილი მოღვაწე, იოანე მოსხია.
1963 წელს შალვა ნუცუბიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1967 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კითხვა განაგრძო. ამ პერიოდში ძირითადად შუა საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის ისტორიაზე მუშაობდა.
1966 წელს შალვა ნუცუბიძეს რუსთაველის იუბილეზე მონაწილეობა არ მიაღებინეს, არც უცხოელ სტუმრებთან შეხვედრებს დაასწრეს და სიტყვით გამოსვლაც დაუშალეს. სიტყვის გამოსვლის უფლება არ მისცეს 1968 წელსაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე.
ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მის მიერ 1937-1940 წლებში რუსულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული.
შალვა ნუცუბიძე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი აგნესა ფილიპოვა, გაქართველებული კათოლიკეების ოჯახიდან იყო. 1937 წელს იგი ჭლექით გარდაიცვალა. წყვილს ქალიშვილი ქეთევანი 1915 წელს შეეძინათ. შალვა ნუცუბიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც მისი პირველი ქალიშვილი გარდაიცვალა.
შალვა ნუცუბიძე მეორედ 56 წლის ასაკში, მასზე 25 წლით უმცროს ქეთევან კლიმიაშვილზე დაქორწინდა, რომელიც განათხოვარი იყო და ორი შვილი: ზაქრო და რუსუდანი ჰყავდა. შალვა ნუცუბიძემ ისინი შვილებივით მიიღო. წყვილს სამი შვილი შეეძინათ. პირველი ვაჟი 5 წლის ასაკში დიფტერიით გარდაიცვალა.
შალვა ნუცუბიძეს თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიისადმი. ეკლესიაში არ დადიოდა. გიმნაზიაში ნასწავლი ბევრი ლოცვა ზეპირად ახსოვდა და საღვთო სჯული ისე იცოდა, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძეც კი გააკვირვა, რომელთანაც მეგობრობდა. მეცნიერთან თეოლოგიურ საკითხებზე ხშირად საუბრობდა კათალიკოსი ეფრემ II.
შალვა ნუცუბიძე 1969 წლის 6 იანვარს, 81 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა. 9 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში დაკრძალეს. მეცნიერის საფლავზე ოთარ ფარულავას მიერ დამზადებული ქანდაკება დგას.
1969 წელს თბილისში, სიმონ კანდელაკის ქუჩის მონაკვეთს შალვა ნუცუბიძის სახელი ეწოდა. მისი სახელს ატარებს საბურთალოს პლატოც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონის გარდა, შალვა ნუცუბიძის ძეგლი დგას ნუცუბიძის ქუჩის ბაღშიც.
შალვა ნუცუბიძის ალეთოლოგიური რეალიზმის შესახებ ნაშრომები გამოაქვეყნეს ფიდო ნადიბაიძემ, არჩილ ბეგიაშვილმა, გურამ თევზაძემ, თენგიზ ირემაძემ და სხვებმა. შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი მისი ესთეტიკა ანუ ხელოვნების თეორია.
2013 წელს თამაზ და თამარ ნუცუბიძეებმა შალვა ნუცუბიძის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 594 დასახელების 635 საბიბლიოთეკო ერთეულს მოიცავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცეს.
კომენტარები