ორგანიზაცია ილიას სამართლის სახლმა (ილიასმა), ევროპის ფონდის (Europe Foundation) მხარდაჭერით, საქართველოს სკოლებში ბავშვთა ჩაგვრისგან (ბულინგისგან) დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის კვლევა მოამზადა.
ორგანიზაცია ილიასი სკოლაში ბულინგის პრობლემაზე 2019 წლიდან მუშაობს. 2018 წელს საქართველოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, “მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართოდ გავრცელებული ფორმაა. “საქართველოს სკოლებში ბავშვთა შორის ძალადობის განსაკუთრებით მძიმე და სულის შემძვრელი შემთხვევები საზოგადოებისთვის არაერთხელ გამხდარა ცნობილი მედია საშუალებებიდან. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს მწყობრი და ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის საპასუხოდ.
კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც 25 ივნისს გაიმართება, წარმოდგენილია ის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბარიერები, რომელთაც ბავშვები აწყდებიან სკოლაში ძალადობისგან დაცვის პროცესში. კვლევის მიზანი იყო, იმის გამორკვევა, სისტემაში არსებული რა ხარვეზები უშლის ხელს ბავშვების ფიზიკური და ფსიქოემოციური უსაფრთხოების დაცვას სკოლაში სწავლის პერიოდში.
კვლევის ფარგლებში ილიასმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვის უნივერსალური და რეგიონული ინსტრუმენტები, გამოჰკითხა 70 მოსწავლე, 55 მშობელი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 28 წარმომადგენელი, 17 პედაგოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 22 წარმომადგენელი.
კვლევის შედეგად შემუშავებულია 30 ძირითადი მიგნება (რომლებიც, თავის, მხრივ, ქვემიგნებებად იყოფა) და 150 რეკომენდაცია, რომლებიც მიემართება საქართველოს პარლამენტს, სამინისტროს სისტემას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.
კომენტარები