“გეიარ-გამეიარე”, – ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის დაკვეთით შეიქმნა. ბიუჯეტიდან კი მასზე და კიდევ ერთი აპლიკაციის შექმნაზე 105 ათასი ლარი გამოიყო. შემსრულებელმა კომპანიამ შეკვეთა აუქციონის წესის გარეშე მიიღო. აპლიკაციის სახელწოდებას ოპოზიციაში აპროტესტებენ.
“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ ის დამამცირებელია, როგორც ქუთაისისთვის, ასევე ზოგადად იმერეთის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ტურისტებს, მათთვის ეს სახელწოდება გაუგებარი დარჩება.
გიგა შუშანიას თქმით, აპლიკაციის სახელი მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უყურებს “ოცნების” ხელისუფლება ისტორიულ ქალაქს.
“ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს მილიონ-ნახევარი ლარით, ჯერ 50 000 ლარი დახარჯა სახელწოდება “ქუთაისი ქალაქია”-სთვის და ახლა კი უფრო შორს წავიდნენ და უცხოელი ტურისტებისთვის შექმნეს აპლიკაცია “გეიარ-გამეიარე”. ეს არის ქუთაისის შეურაცხყოფა. ქუთაისის, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლებამ წაართვა პარლამენტი, წაართვეს მომავალი და ფუნქცია, ახლა კი ასეთ სამარცხვინო სახელს არქმევენ ქუთაისში აპლიკაციას.
ქუთაისს დაუსვეს მერი, რომელიც საკუთარი ქალაქის ისტორიას არ იცნობს და ასეთი სამარცხვინო საქმეებით არის დაკავებული. ხან ერთ რესტორანში გეიარს, ხან მეორეში. მას არაფერი ადარდებს გარდა ბიუჯეტის ფულით ჭამა-სმისა”, – აცხადებს ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია.
კომენტარები