მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შუქრუთის მოსახლეობა ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს

შუქრუთის მოსახლეობა ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 24 აგვისტოს, სოფელ ჭორვილაში “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

მათი თქმით, აქცია სოფელ შუქრუთში დაიწყება, რის შემდეგაც მშვიდობიანი მსვლელობით, სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ გაემართებიან.

“ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სოფელ ჭორვილაში მშვიდობიანი მსვლელობით ვაპირებთ მისვლას, რათა ვთხოვოთ, რომ რაიმენაირად, მისი შუამდგომლობით ცენტრალური მთავრობის ამ პროცესებში ჩართვა მოახერხოს და თავისი ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.

ჩვენ არ გვაინტერესებს უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილება. უკანონოდ „ჯორჯიან მანგანეზი“ იქცევა. ჭიათურა – საჩხერის რაიონული სასამართლოს და ადგილობრივი პროკურორები „აპრავებენ“ კომპანიის უკანონო საქმიანობას. თუმცა, არის სხვა ინსტანციებიც, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ თავიდან ბოლომდე ყველაფრისთვის მზად ვართ და ბოლომდე მივყვებით.

ჭიათურა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გვახვევენ კონსტიტუციას. გვინადგურებენ კერძო საკუთრებას. გვისპობენ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას და გვაქცევს ლტოლვილებად ჩვენივე სახლებში. შესაბამისად, აქ უკანონოდ იქცევა თავად კომპანია, რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ივანე ყიფიანი და ადგილობრივი პროკურორები”,- აცხადებს ადგილობრივი გიორგი ნეფარიძე.

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ  სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და საცხოვრებელი გარემოს ნაცვლად ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ, მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა.

ამავდროულად, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროტესტის გამო დიდი ხანი მუშაობის შეწყვეტა მოუხდათ და მოსახლეობისგან 6 მილიონ ლარამდე თანხას ითხოვს.

შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 150 დღეზე მეტია, გრძელდება და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

 

კომენტარები