ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში 30 წლის მსჯავრდებული სასტიკადაა ნაცემი. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებში იბრძვიან.
დაზიანებების სიმძიმის გამო ნაცემი მსჯავრდებული ქუთაისის რეფერალური კლინიკიდან თბილისში საგანგებო რეანიმობილით გადაიყვანეს.
“დღეს მირეკავენ და მეუბნებიან, რომ კარანტინში უნდა ყოფილიყო 2 კვირა. დღეს დილით მირეკავენ, რომ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში არისო, მივედით და ვნახეთ. აპარატზე შეერთებული, თავში რამდენიმე დაზიანება და ჩაქცევები, თვალი გადმობრუნდა იმდენად ნაცემია სერიოზული, ისე რომ სასიკვდილო… მივხვდი, რომ აი, აპარატზეა შეერთებული. ციხეში არის ჩვეულებრივად ნაცემი და მიყვანილი ჰყავთ სიკვდილამდე. კარანტინში თუ იყო, მარტო ხო უნდა ყოფილიყო კარანტინში. კარანტინში იქნებაო ორ კვირასო და არ ვიცი, ვერ ვხვდები”, – აცხადებს მსჯავრდებულის ოჯახის წევრი.
ოჯახის ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ეხმაურება.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება.
თვითდაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება.
ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები