მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეწყდება გელათის ნგრევა, პარლამენტი დაუბრუნდება თავის ადგილს”

“არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეწყდება გელათის ნგრევა, პარლამენტი დაუბრუნდება თავის ადგილს”

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გპირდებათ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეწყდება გელათის ნგრევა, ქუთაისის და იმერეთის დაჩაგვრა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რომ ქუთაისი ათიათასობით ადამიანმა დატოვა, ქუთაისი დატოვა ყველა ინვესტორმა.

“სწორედ მათი ბრალია, რომ იმერეთი დატოვა ისტორიულად უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა – ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. დიახ, ქუთაისი და იმერეთი არის განწირული სიკვდილისთვის ივანიშვილის ხელიდან, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ეს მავნებლური პოლიტიკა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ქუთაისის აღმშენებლობას, ქუთაისი აუცილებლად გახდება პოლიტიკური ცენტრი, პარლამენტი დაუბრუნდება თავის ადგილს და ქუთაისი გახდება ერთ-ერთი პირველი თავისი განვითარების ტემპით და ქუთაისელები არ დატოვებენ მას”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

თემურ ცამციშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას ალტერნატივა არ აქვს.

“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს იმერეთში ცხოვრობდა 550 000 ადამიანი, 2024 წელს კი ცხოვრობს 442 300 ადამიანი. თითქმის ასი ათასი ადამიანით შემცირდა იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა. თუ წინა ხელისუფლებამ და მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა ქუთაისს, იმერეთს და არსებობდა კონკრეტული გეგმა როგორ უნდა განვითარებულიყო ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქალაქი, “ქართული ოცნება” მე-12 წელიწადია, ზღაპრებს გვიყვება თავისი ოცნების ქალაქის, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობის დაპირებით, მაგრამ როგორც ხედავთ, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა ცამციშვილმა.

კომენტარები