სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, პარლამენტთან სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა შეკრების მონაწილეებს კარვით სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს.
ლევან იოსელიანის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს აუცილებელი პირობები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და მათ შორის, ხანგრძლივი, “ოკუპაციური“ სტილის აქციების გასამართად.
“საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის დროებითი კონსტრუქციების გამოყენების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მათი განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. ასეთი საშიშროება კი, პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამავდროულად, მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით არ გავრცელებულა რაიმე სახის ინფორმაცია, რაც კარვის ფლობის შედეგად, შეკრების მონაწილეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების რეალურ რისკებზე მიუთითებდა.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს აუცილებელი პირობები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და მათ შორის, ხანგრძლივი, „ოკუპაციური“ სტილის აქციების გასამართად. თავის მხრივ, ამინდის გაუარესების პარალელურად კარვით სარგებლობა არა მხოლოდ უფლებით დაცულ სიმბოლურ ჟესტს, არამედ შეკრების გამართვისა თუ მისი უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს, რაც ხელისუფლების მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას დამატებით მნიშვნელობას სძენს. ნიშანდობლივია ისიც, რომ შეკრების მონაწილეებს შორის არიან მოშიმშილეებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ განახორციელოს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და მისცეს მათ კარვით სარგებლობის შესაძლებლობა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები