საქართველოს საკალათბურთო სუპერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი” დღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ “ლევიცეს” შეხვდება.
შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.
ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი ბრძოლას გააგრძელებს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად, ხოლო წაგებული მოხვდება ფიბა ევროპის J ჯგუფში, სადაც გერმანული „ტელეკომ ბონი“, ბულგარული „ბალკანი“ და „ბილბაო“ (ესპანეთი)-„ნეპტუნასს“ (ლატვია) შორის გამარჯვებული მოხვდნენ.
თუკი ლევიცეს ბარიერი დაძლია, “ქუთაისი” ესტონურ „კალევს“ შეხვდება. ამ წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავა, დამარცხებული გუნდი კი ფიბა ევროპის თასზე გადავა და ითამაშებს B ჯგუფში, სადაც ესპანური სარაგოსა, თურქული ბურსასფორი და ანორთოსისი (კვიპროსი)-სტარლიტს (მალტა) შორის გამარჯვებული იქნებიან.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მინიტურნირის ფინალში წაგებულ გუნდს ეხება – თუ ქუთაისმა „ლევიცესაც“ მოუგო, „კალევსაც“ და საკვალიფიკაციოს ფინალში გავიდა, წაგების შემთხვევაში ფიბა ევროპის თასის F ჯგუფში ითამაშებს – ბულგარულ „რილსკი სპორტისთან“, ფრანგულ „ლე პორტელთან“ და „ფეჰერვარი“ (უნგრეთი)-„პრლევიძას“ (სლოვაკეთი) შორის გამარჯვებულთან.
მთლიანობაში ფიბა-ევროპის თასზე 40 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 10 ჯგუფში იქნებიან გადანაწილებული. მომდევნო ეტაპზე 16 საუკეთესო გავა – ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, თუკი სამივე მეტოქის დამარცხებას მოახერხებს, „ქუთაისი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გადაინაცვლებს და ჯგუფში თურქულ „გალათასარაისთან“, ბერძნულ „პრომეთეასთან“ და გერმანულ „რასტა ვეხტასთან“ მოხვდება.
კომენტარები