ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. მათ დღეს, 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს.
შუქრუთელები წერილში საუბრობენ 2021 წელს კომპანიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, მათ საკუთრებაში არსებული დაზიანებული ქონება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უნდა შეეფასებინა და ამის შემდეგ, კომპანიას სათანადო ანაზღაურება გადაეხადა, თუმცა კომპანიამ შეთანხმება დაარღვია და მათთვის „დღემდე ხელმიუწვდომელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისად, კომპანიას არც კომპენსაცია გადაუხდია“.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვინდა, მოგახსენოთ, რომ თქვენ არასწორი, ცალმხრივი და მიკერძოებული ინფორმაცია მოგაწოდეს. პროტესტში მონაწილე დაზარალებული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას კომპანიისგან 1 ლარიც არ მიუღია.
კომპანია მხოლოდ ილუზიას ქმნის, რომ თითქოს მოსახლეობას ესაუბრება და პრობლემის მოგვარებას ცდილობს. პირიქით, ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის უხვად გავრცელებით, კომპანია ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოხდეს ჩვენი რეპუტაციის შელახვა.
გთხოვთ, უახლოეს დღეებში, ვიდრე, მათ შორის მოშიმშილეებს საუბარი და გადაადგილება ჯერ კიდევ შეგვიძლია, შეძლოთ და შეგვხვდეთ, რათა მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია და დოკუმენტურად დაგისაბუთოთ, რომ კომპანია გვანგრევს, ჩვენ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს და თავს არიდებს ზარალის სამართლიან შეფასებას და შესაბამისი კომპენსაციების გაცემას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შუქრუთელები უკვე 190 დღეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. მე-19 დღეა, რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. 5-ს კი პირი აქვს ამოკერილი.
შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
კომენტარები